ყველაზე მოულოდნელი ფინალები ტელესერიალების ისტორიაში - 15 გამორჩეული სერიალი
- 18.11.2026
(სტატია შეიცავს სპოილერებს)
სერიალის სეზონის ბოლო ეპიზოდი ხშირად ყველაზე დაძაბული და მოულოდნელია. სწორედ ასეთ დროს ტოვებენ სცენარისტები მაყურებელს კითხვებით, გაურკვევლობითა და პასუხების მოლოდინით. ზოგჯერ ფინალში საყვარელი პერსონაჟის ბედი წყდება, ზოგჯერ კი ერთი მოულოდნელი აღმოჩენა მთლიანად ცვლის მანამდე ნანახის აღქმას.
გთავაზობთ 15 სერიალს, რომელთა ბოლო ეპიზოდებმა მაყურებელს დიდხანს დაამახსოვრა თავი.
15. „კარგი ადგილი“ (The Good Place) - პირველი სეზონის ფინალი

სერიალის მთავარი გმირი ელეონორი შეცდომით ხვდება სამოთხის მსგავს ადგილას და ცდილობს დამალოს, რომ იქ ყოფნას არ იმსახურებს. სეზონის ბოლოს კი აღმოაჩენს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი სინამდვილეში ჯოჯოხეთში იყვნენ, ხოლო მაიკლი დემონია, რომელმაც ეს ყველაფერი მოაწყო. მოულოდნელი აღმოჩენის შემდეგ მაიკლი ელეონორის მეხსიერებას შლის და მაყურებელს მეორე სეზონის მოლოდინში ტოვებს.
14. „გთხოვთ დაურეკე სოლს“ (Better Call Saul) - მეექვსე სეზონი

ჯიმისა და კიმის გეგმა ჰოვარდის წინააღმდეგ წარმატებით სრულდება, თუმცა მოვლენები მოულოდნელად იცვლება. ჰოვარდი მათ ბინაში მიდის, სადაც ლალო სალამანკა ჩნდება და მას თვალწინ კლავს. ამ მძიმე სცენით დასრულებულმა ეპიზოდმა მაყურებელს თითქმის ორი თვე ალოდინა იმის გასაგებად, რა ბედი ელოდათ ჯიმისა და კიმს.
13. „მეგობრები“ (Friends) - მეოთხე სეზონი

როსი ემილისთან დასაქორწინებლად ლონდონში მიემგზავრება. რეიჩელი კი ცდილობს, ქორწილი შეაჩეროს, რადგან ჯერ კიდევ უყვარს როსი. თუმცა საკურთხეველთან როსი პატარძლის ნაცვლად რეიჩელის სახელს ამბობს. მაყურებელს მომდევნო სეზონის დაწყებამდე უნდა გაეგო, რა მოჰყვებოდა ამ შეცდომას და როგორ განვითარდებოდა როსისა და რეიჩელის ურთიერთობა.
12. „მეტსახელი“ (Alias) - მეორე სეზონი

სიდნეი დედასთან დაპირისპირებისა და სასტიკი ბრძოლის შემდეგ გონს ჰონგ-კონგში მოდის. იქ იგებს, რომ ორი წელი დაკარგულია და ამ პერიოდის შესახებ არაფერი ახსოვს. ამას ემატება კიდევ ერთი მძიმე ამბავი - მისი შეყვარებული ვონი, რომელიც სიდნეის გარდაცვლილად მიიჩნევდა, უკვე დაქორწინებულია. ფინალმა მაყურებელი გაურკვევლობაში დატოვა: რა მოხდა ამ ორი წლის განმავლობაში და შეძლებდა თუ არა სიდნეი დაკარგული ცხოვრების დაბრუნებას?
11. „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“ (Star Trek: The Next Generation) - მესამე სეზონი

კაპიტანი პიკარდი ბორგების ხელში ვარდება - ეს არის კიბერნეტიკული კოლექტივი, რომელიც ადამიანებს საკუთარ ცნობიერებაში აერთიანებს. სეზონის ბოლოს პიკარდი უკვე მათ ერთ-ერთ წევრადაა ქცეული და ეკიპაჟს ეუბნება: „წინააღმდეგობა ამაოა“. რიკერი კი მტრის ხომალდზე ცეცხლის გახსნის ბრძანებას გასცემს. მაყურებელს სამი თვე უნდა მოეცადა, რათა გაეგო, რა ბედი ეწეოდა კაპიტანს.
10. „ბაფი - ვამპირების გამანადგურებელი“ (Buffy the Vampire Slayer) - მეხუთე სეზონი

ბაფი ცდილობს, და დოუნი გააცოცხლოს და განზომილებებს შორის კარიბჭის გახსნა შეაჩეროს. ამისთვის თავად ხტება პორტალში და სამყაროს დაღუპვისგან იხსნის. ეპიზოდი ბაფის საფლავის ქვის კადრით სრულდება, რომელზეც წერია: „მან სამყარო გადაარჩინა. არაერთხელ“. მაყურებელს რჩებოდა კითხვა, მართლაც დაიღუპა თუ არა მთავარი გმირი.
9. „დინასტია“ (Dynasty) - მეხუთე სეზონი

ქერინგტონების ოჯახი მოლდოვაში მიემგზავრება, სადაც ამანდა პრინც მაიკლზე უნდა დაქორწინდეს. მდიდრულ საქორწილო ცერემონიას შეიარაღებული რევოლუციონერები არღვევენ და სტუმრებს ცეცხლს უხსნიან. ეპიზოდი ოჯახის წევრების უძრავად მწოლიარე სხეულების კადრით სრულდება. მაყურებელს მთელი ზაფხული უნდა მოეცადა იმის გასაგებად, ვინ გადარჩა.
8. „დასავლეთის ფრთა“ (The West Wing) - პირველი სეზონი

პრეზიდენტ ბარტლეტისა და მისი გუნდისთვის დატვირთული დღის შემდეგ, როდესაც ისინი რამდენიმე კრიზისს უმკლავდებიან, თეთრი სახლის თანამშრომლები პრეზიდენტის ავტოკოლონასთან საეჭვო მოძრაობას ამჩნევენ. მალევე სროლის ხმა ისმის და ეპიზოდი სრულდება ისე, რომ მაყურებელმა არ იცის, ვინ დაშავდა. მომდევნო სეზონში გაირკვა, რომ ტყვიები პრეზიდენტს და ჯოშს მოხვდათ.
7. „მძიმე დანაშაული“ (Breaking Bad) - მეხუთე სეზონის პირველი ნაწილი

ჰენკი აბაზანაში უოლტერ უაითის წიგნს პოულობს, რომელშიც გეილის მინაწერია. სწორედ ამ დეტალის წყალობით ხვდება, რომ მისი ახლობელი ადამიანი სინამდვილეში ჰაიზენბერგია - ნარკობიზნესის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. ჰენკის სახის გამომეტყველება ეპიზოდის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ კადრად იქცა. მაყურებელს თითქმის ერთი წელი უნდა დაეცადა იმის გასაგებად, რას მოიმოქმედებდა ის.
6. „ტვინ პიქსი“ (Twin Peaks) - მეორე სეზონი

სპეციალური აგენტი კუპერი ენი ბლექ ლოჯიდან გამოყვანას ცდილობს. საბოლოოდ, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად სრულდება, თუმცა სასტუმროში დაბრუნებული კუპერი სარკეს თავს ურტყამს და კითხვას სვამს: „როგორ არის ენი?“ ამ დროს ირკვევა, რომ ის ნამდვილი კუპერი კი არა, მისი ბოროტი ორეულია. სერიალი მეორე სეზონის შემდეგ შეწყდა და მაყურებელს გმირის ბედის გასაგებად 25 წელი მოუწია ლოდინი.
5. „სიმფსონები“ (The Simpsons) - მეექვსე სეზონი

სპრინგფილდის მცხოვრებლებს მისტერ ბერნსი იმდენად აღიზიანებს, რომ მას ბევრი მტერი უჩნდება. სეზონის ბოლოს მას ცეცხლსასროლი იარაღით ესვრიან და ის მზის საათზე ეცემა. მაყურებელმა არ იცის, ვინ გაიმეტა ბერნსი. ეპიზოდი ცნობილი სერიალის „დალასის“ ფინალის ერთგვარი პაროდიაა, თუმცა დამოუკიდებელ დეტექტიურ ისტორიადაც მუშაობს.
4. „სამეფო კარის თამაშები“ (Game of Thrones) - მეხუთე სეზონი

ჯონ სნოუს საკუთარი თანამებრძოლები ღალატობენ და დანებით სასიკვდილოდ ჭრიან. ისინი მას იმის გამო სჯიან, რომ ველურებს კედლის სამხრეთით გადასვლის უფლება მისცა. სეზონის ბოლო კადრებში ჯონი თოვლში უსიცოცხლოდ წევს. მაყურებელს თითქმის ერთი წელი უნდა მოეცადა, სანამ გაირკვეოდა, გადარჩებოდა თუ არა პერსონაჟი.
3. „მოსიარულე მკვდრები“ (The Walking Dead) - მეექვსე სეზონი

სეზონის ფინალში ნეგანი რიკის ჯგუფს ატყვევებს. ხელში მავთულხლართებით შემოხვეული ბეისბოლის ჯოხი, ლუსილი უჭირავს და ერთ-ერთ მათგანს სასიკვდილოდ უსწორდება. თუმცა მაყურებელი ვერ ხედავს, ვინ გახდა მისი მსხვერპლი. პასუხის მისაღებად მაყურებელს მეშვიდე სეზონის პრემიერამდე თითქმის შვიდი თვე მოუწია ლოდინი.
2. „დაკარგულები“ (Lost) - მესამე სეზონი

მესამე სეზონის ფინალში მაყურებელი ჯეკის ცხოვრებას წარსულის ეპიზოდებად აღიქვამს. ის დეპრესიას ებრძვის, ალკოჰოლსა და ტკივილგამაყუჩებლებსაა დამოკიდებული და ცდილობს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. თუმცა ბოლო წუთებში ჩნდება ქეითი და ირკვევა, რომ ნანახი წარსული კი არა, მომავალი იყო. ჯეკი მას ეუბნება: „კუნძულზე უნდა დავბრუნდეთ“. ამ მოულოდნელმა აღმოჩენამ სერიალის მთელი ამბავი ახლებურად დაგვანახა.
1. „დალასი“ (Dallas) - მესამე სეზონი

სერიალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფინალი ჯეი არ იუინგის დაჭრით სრულდება. ტეხასელი ნავთობმაგნატი, რომელსაც უამრავი მტერი ჰყავს, საკუთარ ოფისში უცნობი თავდამსხმელის ტყვიით ეცემა. მაყურებელს მთელი ზაფხული ერთი კითხვა აწუხებდა: ვინ ესროლა ჯეი არ-ს?
პასუხი მომდევნო სეზონის მეოთხე ეპიზოდში გახდა ცნობილი. ამ ამბავმა იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ კითხვით „ვინ ესროლა ჯეი არ-ს?“ მაისურებსა და ჭიქებსაც კი ამშვენებდნენ. საბოლოოდ, პასუხის გასაგებად 80 მილიონზე მეტი მაყურებელი ჩაერთო.
თემები: სერიალი, სერიალები ქალებზე