ჭამის შემდეგ 10-წუთიანი გასეირნება საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და ენერგიას გვმატებს
- 17.11.2026
ჭამის შემდეგ ბევრი ადამიანი დასვენებას ამჯობინებს, თუმცა სპეციალისტების თქმით, მცირე ხნით ფეხით გასეირნება ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას, საჭმლის მონელებას და ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას.
რატომ არის სასარგებლო ჭამის შემდეგ სიარული?
ექიმ ელიზაბეთ შარპ ედანსის განმარტებით, ჭამის შემდეგ მცირე ხნით ჯდომა საზიანო არ არის, თუმცა ხანგრძლივმა უმოძრაობამ შესაძლოა სისხლში შაქრის დონის უფრო მკვეთრი მატება გამოიწვიოს.
2022 წელს ჟურნალ Sports Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევების მეტაანალიზის მიხედვით, მსუბუქი ინტენსივობის სიარული ჭამის შემდეგ სისხლში გლუკოზის დონეს თითქმის 17%-ით ამცირებდა. ფეხზე ადგომისა და მოძრაობის მოკლე შესვენებების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 9.5%-ით შემცირდა.
სიარულის დროს კუნთები ენერგიის მისაღებად გლუკოზას იყენებენ. ედანსის თქმით, კუნთების შეკუმშვა ხელს უწყობს გლუკოზის სისხლიდან კუნთოვან უჯრედებში გადასვლას — ეს პროცესი ინსულინზე დამოკიდებული არ არის.
როგორ მოქმედებს სიარული საჭმლის მონელებაზე?
კვლევითი მიკრობიოლოგის, კირან კრიშნანის თქმით, ჭამის შემდეგ 2-5 წუთით მოძრაობაც კი სასარგებლოა. სასურველია, გასეირნება გლუკოზის დონის პიკამდე დაიწყოთ, რომელიც, ჩვეულებრივ, ჭამიდან 60-90 წუთში მიიღწევა.
მსუბუქი მოძრაობა კუჭის დაცლასაც აჩქარებს. კრიშნანის მიერ მოხსენიებული კვლევის თანახმად, ჭამის შემდეგ ნელი ტემპით გასეირნებამ შეამცირა დრო, რომელიც კუჭს საკვების ნახევრის გადასამუშავებლად სჭირდება. ამასთან, ერთ-ერთ კვლევაში ნაწლავებში აირების შეკავება 45%-დან 24%-მდე შემცირდა, რამაც შებერილობის სიმპტომებიც შეამსუბუქა.
დიეტოლოგ კეიტლინ ჰოსმერის განმარტებით, ამ პროცესში გრავიტაციაც მონაწილეობს. ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნა და მსუბუქი მოძრაობა საკვების კუჭიდან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გადაადგილებას უწყობს ხელს. ეს შესაძლოა სასარგებლო იყოს მათთვისაც, ვისაც ჭამის შემდეგ სიმძიმის ან რეფლუქსის შეგრძნება აწუხებს.
რამდენ ხანს უნდა ვიაროთ?
სპეციალისტების თქმით, 10-წუთიანი გასეირნებაც საკმარისია სასარგებლო შედეგის მისაღებად. 2025 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ჭამის შემდეგ 10-წუთიანმა სიარულმა სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი 6%-ით შეამცირა, 30-წუთიანმა გასეირნებამ კი - 5%-ით.
ჰოსმერის რეკომენდაციით, თუ ყოველი კვების შემდეგ გასეირნებას ვერ ახერხებთ, უმჯობესია, დრო ყველაზე დიდი და ნახშირწყლებით მდიდარი კვების შემდეგ გამოყოთ. ადამიანების უმეტესობისთვის ეს ვახშამია.
სიარულის ნაცვლად შეიძლება სხვა მსუბუქი მოძრაობაც. მაგალითად, ავტორი სამსახურში შენობის სართულებს შორის ფეხით გადაადგილდებოდა, სახლში კი ჩაჯდომებს აკეთებდა, რომლებიც ფეხის კუნთებს ააქტიურებს.
რა შედეგი მიიღო ავტორმა?
კეტი ინტნერი წერს, რომ ორი თვის განმავლობაში ჭამის შემდეგ გასეირნების ჩვევის დამკვიდრების შედეგად დღის განმავლობაში ენერგიის უეცარი დაქვეითება ნაკლებად აწუხებდა. საჭმლის მონელებაც გაუუმჯობესდა და ჭამის შემდეგ სიმძიმის შეგრძნებაც შეუმცირდა.
დიეტოლოგი კეიტლინ ჰოსმერი აღნიშნავს, რომ ჭამის შემდეგ გასეირნება ვარჯიში არ არის - ეს ორგანიზმისთვის საკვების გადამუშავებაში დახმარების საშუალებაა. ამისთვის ხანგრძლივი სეირნობა აუცილებელი არ არის: რამდენიმე წუთით მოძრაობაც კი სჯობს უმოძრაობას.
თემები: ჯანსაღი კვება, სპორტი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია