რატომ გვაღელვებს ზოგიერთი სიმღერა, მაშინაც კი, როცა მისი ტექსტი არ გვესმის?
- 17.11.2026
ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, როცა რომელიმე სიმღერის მოსმენისას უცნაური სევდა, სიხარული ან ნოსტალგია გვიპყრობს. ზოგჯერ შეიძლება ცრემლებიც კი მოგვადგეს, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ტექსტი სულაც არ არის სევდიანი. რატომ ხდება ასე? მეცნიერები ამბობენ, რომ მუსიკის ემოციური ძალა ხშირად არა სიტყვებში, არამედ მელოდიასა და ჟღერადობაში იმალება.
რატომ გვახსენებს მუსიკა წარსულს?
მოზარდობის პერიოდში მოსმენილი სიმღერები ხშირად მთელი ცხოვრება გვამახსოვრდება. ამ ასაკში მუსიკა განსაკუთრებულ ემოციურ კვალს ტოვებს და მოგვიანებითაც შეუძლია იმ დროის განცდები გაგვახსენოს.
თუმცა საინტერესო ის არის, რომ ნოსტალგია შეიძლება იმ წლების მუსიკამაც გამოიწვიოს, როცა ჯერ დაბადებულებიც არ ვიყავით. მკვლევრები ამ მოვლენას „ნოსტალგიის გადაცემის ეფექტს“ უწოდებენ.
ამის ერთ-ერთი მიზეზი ოჯახური გარემოა. ბავშვობაში ხშირად გვესმის მშობლების ახალგაზრდობის დროინდელი სიმღერები - მანქანაში, სახლში თუ ოჯახურ შეკრებებზე. ასე თანდათან ვეცნობით იმ პერიოდის მუსიკას და მის მიმართ ემოციური დამოკიდებულებაც გვიყალიბდება. ამიტომ შეიძლება ძველი სიმღერის მოსმენისას ისეთი ნოსტალგია ვიგრძნოთ, თითქოს იმ დროს თავადაც ვცხოვრობდით.
ემოციებს მხოლოდ სიმღერის ტექსტი არ იწვევს
2026 წლის 16 ნოემბერს სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 223 სტუდენტი გამოკითხეს. მონაწილეებს 30-წამიან მუსიკალურ მონაკვეთებს ასმენინებდნენ - როგორც მათი მოზარდობის დროინდელ ჰიტებს, ისე იმ სიმღერებს, რომლებიც მათი მშობლების ახალგაზრდობის პერიოდში იყო პოპულარული.
აღმოჩნდა, რომ მსგავსი კულტურული გარემოდან მოსულ ადამიანებს ერთი და იგივე სიმღერები ხშირად მსგავს მოგონებებსა და ემოციებს აღუძრავდა.

შემდეგ მკვლევრებმა ექსპერიმენტის სხვა მონაწილეებს სიმღერების ტექსტები მუსიკის გარეშე წააკითხეს. ამ შემთხვევაში ემოციური და მოგონებებთან დაკავშირებული რეაქციები გაცილებით სუსტი აღმოჩნდა. ეს მიუთითებს, რომ მუსიკის გავლენა მხოლოდ სიტყვებზე არ არის დამოკიდებული - არანაკლებ მნიშვნელოვანია მელოდია, ინსტრუმენტების ჟღერადობა და სიმღერის საერთო ხასიათი.
რა ხდება ამ დროს ჩვენს ტვინში?
2026 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს. მონაწილეები უსიტყვო, ინსტრუმენტულ მუსიკას უსმენდნენ, მეცნიერები კი მათ ტვინის აქტივობას აკვირდებოდნენ.
კვლევამ აჩვენა, რომ მუსიკის მოსმენისას აქტიურდება ტვინის ის ქსელი, რომელიც წარმოსახვას, მოგონებებსა და შინაგან ფიქრებს უკავშირდება. ამ დროს ადამიანს შეიძლება გონებაში გარკვეული ამბავი ან სურათი წარმოუდგეს და შესაბამისი ემოციაც გაუჩნდეს - მაშინაც კი, როცა მუსიკას ტექსტი არ აქვს.
მეცნიერების ეს მიგნებები ხსნის, რატომ შეუძლია ზოგიერთ სიმღერას ჩვენში ძლიერი ემოციების გამოწვევა ისე, რომ ამის მიზეზს თავადაც ვერ ვხვდებოდეთ. ზოგჯერ მუსიკა ისეთ განცდებს აღვიძებს, რომელთა სიტყვებით გადმოცემა არც ისე მარტივია.
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია