LIFE

ნეგატიური ფიქრები, რომლებიც წინსვლაში ხელს გვიშლის - როგორ გავთავისუფლდეთ მათგან?

ნეგატიური ფიქრები, რომლებიც წინსვლაში ხელს გვიშლის - როგორ გავთავისუფლდეთ მათგან?

ზოგჯერ საკუთარ თავზე ისეთი წარმოდგენა გვიყალიბდება, რომელიც წლების განმავლობაში გვგონია სიმართლე. მაგალითად, გვჯერა, რომ სიყვარულის ღირსი არ ვართ, ვერავის დავეყრდნობით ან ყველაფერს მხოლოდ საკუთარი ძალებით უნდა გავუმკლავდეთ. ფსიქოლოგების აზრით, ასეთი შეხედულებები ხშირად წარსულში მიღებულ გამოცდილებას ეფუძნება, თუმცა დროთა განმავლობაში შეიძლება ჩვენს ცხოვრებაში დაბრკოლებად იქცეს.

Psychology Today-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ამ მდგომარეობას საკუთარ თავზე შექმნილ ნეგატიურ ისტორიასთან მიჯაჭვულობას უწოდებს. ადამიანი იმდენად ეჩვევა ამ წარმოდგენას, რომ რეალობაში არსებულ საპირისპირო მაგალითებსაც ვეღარ ამჩნევს.

რატომ ვეჩვევით ნეგატიურ წარმოდგენებს საკუთარ თავზე?

ასეთი შეხედულებები ხშირად წარსულში მიღებული ემოციური ტკივილის შედეგია. მაგალითად, თუ ბავშვობაში საჭირო დროს დახმარება ვერ მივიღეთ, შეიძლება დავიჯეროთ, რომ სხვების იმედი არასდროს უნდა გვქონდეს.

ეს რწმენა ერთგვარ თავდაცვად იქცევა: აღარ ველოდებით დახმარებას, აღარ გვიწევს იმედგაცრუების განცდა და თითქოს საკუთარ ცხოვრებაზე მეტი კონტროლი გვაქვს. თუმცა ამავე დროს ვკარგავთ შესაძლებლობას, მივიღოთ სხვების მხარდაჭერა და დავინახოთ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის.

მსგავსად, თუ საკუთარ თავს მუდმივად არასაყვარელ ადამიანად აღვიქვამთ, შესაძლოა ვერც კი შევამჩნიოთ მათგან მიღებული სიყვარული, ვინც ჩვენზე ზრუნავს. საბოლოოდ, წარსულში ჩამოყალიბებული წარმოდგენა აწმყოს აღქმაშიც გვიშლის ხელს.

როგორ გავთავისუფლდეთ ამ ჩვევისგან?

პირველი ნაბიჯი იმის გაცნობიერებაა, რომ საკუთარ თავზე არსებული ყველა წარმოდგენა უცილობელი ჭეშმარიტება არ არის. ღირს, საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: მართლა ასეა, თუ უბრალოდ წარსული გამოცდილების გამო შევეჩვიე ამგვარ ფიქრს?

სტატიის ავტორი განმარტავს, რომ ნეგატიური შეხედულებისგან გათავისუფლება წარსულის დავიწყებას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ, რა გვატკინა, მივიღოთ ეს გამოცდილება და საკუთარ თავს განცდების გადამუშავების საშუალება მივცეთ.

თუმცა წარსულში მომხდარი არ უნდა მივიჩნიოთ იმის გარანტიად, რომ მომავალშიც ყველაფერი იმავე გზით განვითარდება. ის, რაც ერთხელ განვიცადეთ, ჩვენი ისტორიის ნაწილია, მაგრამ არ განსაზღვრავს იმას, თუ ვინ ვართ და როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება მომავალში.