"როცა შეგიძლია რაღაც წარმოიდგინო, ე.ი შესაძლებელია ის რეალობადაც აქციო, ერთადერთი წინაღობა მიზნის მიღწევის გზაზე ჩვენ თავად ვართ" - ქეთი ალექსიძემ ჩვენთან საუბარი ამ ფრაზით დაასრულა და დასასრულს, ორივეს გაგვეღიმა.
და მართლაც, არსებობს კი ნებისმიერი სტერეოტიპი, საზოგადოების ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ჩვენს მიზნებს, სურვილებსა და შესაძლებლობებს წინ აღუდგება?
ქეთი ალექსიძე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორია, რომელმაც USAID-ის პროექტის, მმართველობა განვითარებისთვის (G4G) საქართველოში, ფარგლებში, მეწარმე ქალთა საბჭოსა და თბილისის მერიის თანამშრომლობით გამართულ ქალთა მე-3 კონფერენციაზე - “ქალის როლი ეკონომიკისა და პოლიტიკის განვითარებაში” ჯილდო - ლიდერი ქალი მთავრობაში მიიღო.
წარმატების გზა, ნაკისრი პასუხისმგებლობები, გამოწვევები და მიღწეული მიზანი - ეს ქეთი ალექსიძის ნარატივია:
გაგვიმხილეთ, რა იქცა თქვენი წარმატების მთავარ მიზეზად?
ვფიქრობ, წარმატებას გარკვეულწილად იღბალი სჭირდება, თუმცა, ასევე, იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, ბევრი შრომა გარდაუვალია. ძალიან დიდ როლს თამაშობს გუნდი, რომელთანაც თანამშრომლობ და მნიშვნელოვანია თანამშრომლობა იყოს ჰარმონიული, მიზანი საერთო. ჩემს შემთხვევაში კი, წარმატების ის საფეხური, რომელზეც ვარ, დიდი შრომის შედეგია.
როგორ ფიქრობთ, არსებობს წარმატების მზა რეცეპტი ან ფორმულა, რომელიც ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში ამართლებს?
ვფიქრობ, ისევე, როგორც ბედნიერების, წარმატების მზა რეცეპტებიც არ არსებობს. თუმცა, მგონია, რომ არსებობს კონკრეტული რჩევები, რომელსაც, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს მივცემდი, დროში უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს. ალბათ, ამ კონკრეტულ რჩევებს შორის, უმთავრესია ის, რომ ადამიანმა ზუსტად იცოდეს რა შეუძლია და დარწმუნებული იყოს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში. მაგრამ, დარწმუნებული იყოს რაციონალურად. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თუ გადწყვეტ, რომ რაღაც აკეთო, უნდა აკეთო ძალიან კარგად. თუ ადამიანი შეძლებს ეს დაისახოს მიზნად და მისთვის ეს მნიშვნელოვანია, შემდეგ ამ მიზნისთვის, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. ყოველთვის ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს შეუძლია რაღაცაზე ოცნება, მაშინ შეუძლია ამის გაკეთებაც. აქედან გამომდინარე, რეალისტური ოცნებების ასრულება ყოველთვის შესაძლებელია, თუმცა, მივდივართ იქამდე, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. რა თქმა უნდა, თავდადებასაც და საკუთარი ქმედებების სწორ პრიორიტიზაციასაც მოითხოვს.
გახსენდებათ თუ არა თქვენი სქესით გამოწვეული წინააღმდეგობები და სირთულეები თქვენს კარიერულ ცხოვრებაში?
საბედნიეროდ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს კარიერაში, იმ ფაქტს, რომ მე ქალი ვარ, ხელი არასდროს შეუშლია. პირიქით, ზოგ შემთხვევაში, პოზიტიურადაც კი გამომიყენებია. სულ თავიდან, იყო შემთხვევები, როცა ჰქონიათ ეჭვი იმისა, რომ ქალს ამ კონკრეტულ სფეროში რა ესმის. თუმცა, ძალიან მალე საკუთარი საქმიანობითა თუ პროფესიონალიზმით ეს შეხედულება თუ ეჭვი გამიქარწყლებია. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მსგავსი ეჭვები არასდროს არ ყოფილა წინააღმდეგობა და წინაღობა ჩემთვის. ზოგადად ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ქალი, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში, ნებისმიერ მსგავს დაბრკოლებას დაძლევს. რაც შეეხება სხვა სირთულეებს, რომლებსაც მე უფრო გამოწვევებს დავარქმევდი, ბევრი იყო ჩემი საქმიანობის დასაწყისიდან დღემდე და საბედნიეროდ, შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული მათგანი მივიღე და დავძლიე. თუმცა, ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ მარტომ არა - ძალიან დიდ როლს თამაშობს ის გუნდი, რომელთანაც მე ვთანამშრომლობ.
რას მიიჩნევთ თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ გამოწვევად?
ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც მე მახსენდება და რომელიც, კარიერას არ უკავშირდება, იყო ის მომენტი, როდესაც პირველად აღმოვჩნდი მარტო. როცა პირველად წავედი ამერიკაში გაცვლითი პროგრამით. აღმოვჩნდი აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში, აბსოლუტურად მარტო და შემექმნა გარკვეული პრობლემები სკოლაში. ამავე სკოლაში, ჩემამდე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან იყვნენ სხვა ბავშვებიც, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ცუდად ექცეოდნენ ადგილობრივ მოსწავლეებს და გამომდინარე იქედან, რომ მე ვიყავი ქართველი და ვიყავი პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენელი, ადგილობრივმა მოსწავლეებმა მათთან გამაიგივეს და შეიქმნა კომუნიკაციის პრობლემა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ეს არ შემიშლიდა ხელს მიმეღო ის სიკეთეები, რაც იმ პროგრამის ფარგლებში უნდა მიმეღო, რომ გავაკეთებდი ყველაფერს ამ გამოწვევის გადასალახად და ასეც მოვიქეცი. ალბათ ეს არის პირველი და ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც მარტომ, სრულიად უცხო გარემოში მივიღე და დავძლიე. ეს ამბავი ხშირად მახსენდება და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მომენტში, როცა პირველად ვუთხარი საკუთარ თავს, რომ ჩემი ყველა მიზანი იქნებოდა მიღწეული, დაიწყო ჩემი სვლაც წარმატებისკენ.
როგორ მოხვდით ავიაციის სფეროში?
ამ სფეროში მუშაობა გადაწყვეტილი არ მქონია, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ყოველთვის ბევრს ვმოგზაურობდი, ეს სფერო საინტერესო იყო ჩემთვის. ბაბუაჩემიც მფრინავი იყო და ამ საქმიანობის შესახებ ისტორიები ყოველთვის მესმოდა და ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ თემით. შეიძლება ითქვას, ბავშვობაში ცოტათი რომანტიზირებულიც კი იყო. რეალურად, აეროპორტში აღმოვჩნდი შემთხვევით - ტრენინგებს ვუტარებდი ძალიან ბევრი პროექტის მენეჯერს და სწორედ ამ დროს დაემთხვა ის, რომ აეროპორტისთვის ეძებდნენ ადამიანებს. მე გავუგზავნე რამდენიმე ადამიანის რეზიუმე და მათ მთხოვეს მეც მივსულიყავი გასაუბრებაზე. გასაუბრებაზე ჩემი მისვლის მოტივი ძირითადად ის იყო, რომ გამერკვია რა ტიპის კანდიდატებს ეძებდნენ და რა შემეძლო მათთვის შემეთავაზებინა. როცა ვიკითხე, როგორ კანდიდატს ეძებდნენ, მათ მიპასუხეს, რომ ზუსტად ჩემნაირს. რამდენიმე დღეში მივიღე კიდეც შემოთავაზება და სიმართლე გითხრათ, გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, რადგან საკუთარი სამსახურეობრივი მდგომარეობის შეცვლას იმ პერიოდში არც კი ვგეგმავდი. თუმცა, საბოლოოდ, როგორც ხედავთ, დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. თავიდან იყო მესტიის აეროპორტი, შემდეგ ქუთაისის აეროპორტი და შემდეგ უკვე ყველა ის პროექტი, რომელიც დღემდე გრძელდება.
რა გიყვართ ყველაზე მეტად თქვენს საქმიანობაში?
მიყვარს ის, რომ ჩემი არცერთი სამუშაო დღე რუტინული არ არის. აეროპორტები ხომ ზოგადად, ცალკე აღებულ, პატარა ქალაქებს ჰგავს, რომლებშიც ბევრი სხვადასხვანაირი საკითხი დგას დღის წესრიგში. ბედნიერებას მანიჭებს ისიც, რომ პროექტებს, რომლებზეც ვმუშაობ, დიდი და პოზიტიური გავლენა აქვთ ქვეყანასა და სხვადასხვა სფეროზე. იქნება ეს ტურიზმი, დასაქმება თუ რამე სხვა.
სამსახურის კედლებს გარეთ როგორია ქეთი ალექსიძის ყოველდღიურობა?
სამწუხაროდ, სამსახურს გარეთ დრო ძალიან ცოტა მაქვს, თუმცა, რაც მაქვს და როცა მაქვს, ჩემს ოჯახს და მეგობრებს მიაქვს. განსაკუთრებით ჩემს პატარა ბავშვს. ასევე, თავისუფალ დროს, ყოველთვის ვცდილობ, რომ საინტერესო და გემრიელი კერძი მოვამზადო ან ნამცხვარი გამოვაცხო. ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნაც და ვარჯიშიც, თუმცა, სამწუხაროდ, იმდენი დრო არასოდეს მრჩება ვარჯიშისთვის, რამდენიც მინდა, რომ მქონდეს.
რა მნიშვნელობის მატარებელია თქვენთვის ლიდერი ქალის ჯილდო, რომელიც მოგენიჭათ?
როგორც უკვე გითხარით, მნიშვნელოვანია, რომ კარგად იცნობდე საკუთარ შესაძლებლობებს და გწამდეს მათი. თუმცა, ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, დაინახო, რომ შენი წარმოდგენა და რწმენა, რომ რაღაც შეგიძლია და გამოგდის, არ არის მხოლოდ შენი და ამას ამჩნევენ და ხედავენ სხვებიც. ჯილდო ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მითუმეტეს, მაშინ, როცა ძალიან ბევრი ლიდერი ქალია და მე ვფიქრობ მთავრობაში მართლაც ბევრია ასეთი. ასევე, ორივე ნომინანტი ძალიან წარმატებული იყო და სიმართლე გითხრათ, არც ველოდი ამ ჯილდოს, თუმცა, ძალიან გამიხარდა. მივხვდი იმას, რომ რასაც მე ვაკეთებ, როგორც ჩანს, სხვებიც ხედავენ და ეს დიდი პატივია, ამაღელვებელია და ჩემს სხვა პასუხისმგებლობებს, ამ ჯილდოს მიღების შემდეგ, კიდევ ერთი, დიდი პასუხისმგებლობა დაემატა.
თემები: ქალები, წარმატება, წარმატებული ქალები, ნარატივი, ლიდერი ქალი, წარმატებული ადამიანები, წარამტებული ადამიანების ნარატივი
Trend.ge