ძლიერი და წარმატებული ქალის ხსენებაზე, რთულია მისი სახელი არ გაგახსენდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს არ სჯერა "ბიზნესის ქუსლებზე" იგი, ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ქალია, რომელიც საუკეთესოდ უძღვება ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან საქმიანობას - თბილისის მოდის კვირეული, ჟურნალი "ნარგისი", სამოდელო სააგენტო "ჯეომოდელსი". ქართული მოდის პოპულარიზებაში, ქართველი დიზაინერების ცნობადობის მასშტაბების ზრდასა და ქართული მოდის ბიზნესად ქცევაში, მისი წვლილი საკმაოდ დიდია.
უპირატესობას ქალურ, ჰაეროვან კოლექციებს ანიჭებს. უყვარს შანელი, ვალენტინო, გამოარჩევს პრადას კოლექციებსაც, თუმცა, ამოჩემებული, ერთი, კონკრეტული ბრენდი არ აქვს. მისთვის, როგორც სურნელი, ასევე სხვადასხვა კოლექციაც სეზონურია. დედა, მეუღლე, ხელმძღვანელი და ლიდერი, ქალი შანელში Jo Malone-ს სურნელით - ეს ქალური და ჰაეროვანი თაკო ჩხეიძეა.
ხვალ თბილისის მოდის კვირეული იხსნება, თაკო ჩხეიძის სახელი კი უკვე რვა წელია ამ მოვლენასთან ასოცირდება. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, უამრავი საქმისა, მან შეძლო და გამონახა დრო TREND.-ის მკითხველებისთვის.
უკვე წლებია საკმაოდ დიდ და მასშტაბურ პროექტებს უძღვებით, არის თუ არა ამდენი მნიშვნელოვანი საქმის კეთება "ქუსლებზე" რთული?
ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ერთი მხრივ, ერთმანეთთან კავშირშია. იქნება ეს ჯეომოდელსი, ჟურნალის რედაქტორობა თუ მოდის კვირეული. ფაქტობრივად, ამ ყველა საქმიანობის მთავარი მიზანი არის ქართული მოდის ხელშეწყობა, პოპულარიზება ქართველი დიზაინერების, მოდელების, კულტურის, არტის. რთული არის, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, თუმცა, მივხვდი, რომ მთავარია დროის სწორად განაწილება, მისი სწორად დაგეგმვა. თავიდან, სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა, თუმცა, შემდეგ, ვეცადე კვირის დღეების მიხედვით დამეგეგმა საკუთარი საქმიანობა და ამ მიდგომამ გაამართლა.
რა გიყვართ საკუთარ საქმიანობაში ყველაზე მეტად? რისგან იღებთ სიამოვნებას მუშაობის პროცესში?
უპირველესად, უნდა აღვნიშნო, რომ მთლიანად შემოქმედებითი პროცესი ძალიან საინტერესოა. თუმცა, აქვე უნდა ვაღიარო, რომ ყველაფერზე სასიამოვნო, შედეგია. გამომდინარე იქედან, რომ მუდამ ვმუშაობთ ისეთ პროექტებზე, რომლებმაც სხვადასხვა ადამიანების რეალიზებას, პოპულარობას და წარმატებას უნდა შეუწყოს ხელი, შედეგით ტკბობის საშუალებაც ხშირად მაქვს. როცა ხვდები, რომ ტყუილად არ გიშრომია - აი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თითოეული პროექტის უკან, რომელიც განგვიხორციელებია, რომელიც ამ ეტაპზეც ხორციელდება, ძალიან დიდი შრომა დგას. ხშირად 24 საათიანი უწყვეტი სამუშაო გრაფიკიც კი გვაქვს. ასევე დიდ სიამოვნებას მანიჭებს იმ გუნდთან ერთად მუშაობა, რომელთან ერთადაც ვახორციელებ თითოეულ პროექტს და ვფიქრობ, რომ არა ეს გუნდი, ეს ადამიანები, ძალიან გამიჭირდებოდა. მიუხედავად ბევრი სირთულისა, როცა საერთო შედეგი სახეზეა, კმაყოფილებაც არ აყოვნებს.
თაკო, რას მიიჩნევთ თქვენი წარმატების მთავარ მიზეზად?
შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის მაღალი, ზოგჯერ, საჭიროზე მაღალი გრძნობაც კი, არის ის თვისებები, რომლებსაც ჩემი წარმატების წინაპირობად მივიჩნევ. გარდა ამისა, ძალიან დიდი ხნის წინ გადავდე სიზარმაცე გვერდით და თითქმის არასოდეს არ მეზარება რაიმეს კეთება, მითუმეტეს, თუ საქმე მნიშვნელოვან პროექტებს ეხება. ასევე, ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და ვფიქრობ, ეს თვისებები მეხმარებოდა და ახლაც მეხმარება.
როგორია საქმიან პროექტებს გარეთ თაკო ჩხეიძე და როგორ ატარებს იგი თავისუფალ დროს?
სამსახურს გარეთ თაკო ჩხეიძე არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ქალი, როგორც ყველა სხვა. მყავს ოჯახი, მყავს სამი შვილი და ჩემს თავისუფალ დროს ვუთმობ მათ. დასვენების დღეებს მათთან ერთად ვატარებ და მაქსიმალურად ვცდილობ დარჩენილი ძალისხმევა და ენერგია მთლიანად დავხარჯო მათზე. ვცდილობ დავეხმარო ჩემს შვილებს, ჰქონეთ ყველა თვისება, რაც მინდა, რომ ჰქონდეთ და ამიტომ ვფიქრობ, სწორი დროა, მათში დიდი ემოციური და პიროვნული ინვესტიცია ახლა ჩავდო. იმის დროსაც ყოველთვის ვპოულობ, რომ მეგობრებთან ერთად გავატარო დღეები, საღამოები და ხანდახან იმასაც ვახერხებ, ქვეყნის გარეთაც დავგეგმოთ მოკლე დასვენებები. ვფიქრობ, რომ სხვაგვარად შეუძლებელია და საქმეშიც კი ძალიან მეხმარება ის ენერგია, რასაც საყავრელი ადამიანებისგან ვიღებ.
ერთ-ერთ ინტერვიუში, თავადაც აღნიშნეთ, რომ რედაქტორის საქმიანობა თქვენთვის გამოწვევას გავდა. როგორ მოერგეთ ამ ამპლუას?
ძალიან საინტერესო და განსხვავებული აღმოჩნდა იმ საქმიანიბებთან შედარებით, რითიც ნარგისის რედაქტორობამდე ვიყავი დაკავებული. განსხვავებული იყო ის, რომ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ მოდის სამყაროსთან მაქვს შეხება, არამედ, კულტურასთან, "ლაიფსთაილთან", დიზაინთან. ნარგისის თემატიკა მრავალფეროვანია და შესაბამისად, ბევრ სხვადასხვა სფეროსაც აერთიანებს. მიუხედავად, იმისა, რომ ეს განსხვავება არსებობს, მაინც ვფიქრობ, რომ მარტივად მოვერგე ამ ამპლუას და ამაში ის მთავარი ფაქტორი დამეხმარა, რომ ამ საქმიანობასაც ჩემს გუნდთან ერთად ვუძღვები. ჩვენ ყოველთვის ერთიან გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ერთად ვფიქრობთ, ერთად ვმსჯელობთ და საქმესაც ერთად ვაკეთებთ. გუნდურობა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რის გამოც ეს გამოწვევა მარტივად მივიღე.
თბილისის მოდის კვირეულს, ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით. თქვენ არა ერთხელ ახსენეთ, რომ ამ 8 წლის წინ დაწყებული საქმის მთავარი მიზანი - მოდის კვირეული ქცეულიყო ბიზნესად - მიღწეულია. როგორ ფიქრობთ, რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ მიზნის მიღწევა და რა მნიშვნელობა აქვს ამას როგორც ქვეყნისთვის, ისე ცალკეული დიზაინერებისთვის?
უპირველესად, უნდა აღინიშნოს ის, რომ როცა კვირეულის ორგანიზება დავიწყეთ, სულ თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით გვყავდა დიზაინერები. დღეს კი მათი რაოდენობა მკვეთრად, ყველასთვის შესამჩნევად გაიზარდა - ქართველი დიზაინერები აქტიურად ხსნიან ატელიებს, მაღაზიებს, სახელოსნოებს, იღებენ შეკვეთებს, იყიდებიან. გარდა ამისა, ბევრი მათგანი გასცდა ქვეყნის საზღვრებს და საზღვარგარეთაც ყიდის მის მიერ შექმნილ ტანისამოსსა თუ აქსესუარს. ქართული მოდის მიმართ, ქართველი დიზაინერების მიმართ ყურადღება და ინტერესი მკეთრად გაიზარდა, როგორც უცხოური პრესის მხრიდან, ასევე, უცხოელი, ე.წ. ბაერების მხრიდან. ბუნებრივია, ჩვენ ამ განვითარებასა და წინსვლაში, ჩვენი, პატარა წვლილიც მიგვიძღვის. თავდაპირველად, თუ ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდა საერთაშორისო პრესის მოწვევა, იმ მიზეზით, რომ მათ არც იცოდნენ სად იყო თბილისი, ვინ იყვნენ ქართველი დიზაინერები, დღეს, ისინი თავად ინტერესდებიან ქართული მოდის ინდუსტრიით. თბილისის მოდის კვირეული იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დაუსრულებლად უმეორა საერთაშორისო პრესას, უცხოელ ბაერებს, რომ საქართველოში არსებობდნენ ძალიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ ძალიან საინტერესო პროდუქტს. ქვეყნის სახელისთვის, საერთაშორისო ცნობადობისთვის, ეს ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორია წლევანდელი ტენდენცია, რამდენად ბევრი დებიუტანტი ეყოლება წელს თბილისის მოდის კვირეულს?
ჩვენი თავდაპირველი მიზანიც სწორედ ის იყო, რომ რაც შეიძლებოდა ბევრი ახალი სახელი და ნიჭიერი დიზაინერი აღმოგვეჩინა. მას შემდეგ, რაც თბილისის მოდის კვირეული დაიწყო, ჩნდება ახალ-ახალი სახელები. მაგალითად, წელს პირველად გამოვაცხადეთ კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით და ძალიან ბევრმა დიზაინერმა მოგვმართა. გადაირჩა მიღებული განცხადებები და ბუნებრივია, რამდენიმე ახალი სახელიც გაჟღერდება ამ სეზონზე. დარწმუნებული ვარ, ეს სახელები, ამ სეზონის აღმოჩენები იქნებიან და მათზე ბევრი დაიწერება.
კვირეულის მე-15 სეზონის ყველაზე გამორჩეული მოვლენად რას აანონსებთ?
წინა სეზონიდან მოყოლებული, ჩვენ გადაწყვიტეთ, ტრადიციად გვექცია ცნობილი და გამოჩენილი ქართველი ქალბატონების სახელის მიმართ მიძღვნილი საღამოების გამართვა. შარშან, მოდის კვირეული ნინო სუხიშვილის სასცენო კოსტუმების ჩვენებით გაიხსნა. რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, იგი სოფიკო ჭიაურელის ხსოვნას მიეძღვნება და მისი სასცენო კოსტუმების ჩვენებით გაიხსნება. ამ იდეის მთავარი მიზანია, საერთაშორისო სტუმრებმა, პრესამ გაიცნოს ქართული კულტურა, გაიგოს საიდან მოდის ქართული მოდა. ვცდილობთ, განსაკუთრებული და მრავალფეროვანი სანახაობის მხილველი გახდეს ყველა სტუმარი, ამიტომაც, ხუთი დღის განმავლობაში, თითოეული დღე იქნება განსხვავებული. სხვადასხვა ლოკაციები სპეციალურად, ამ მიზნით შეირჩა. ერთ-ერთი დიზაინერის ჩვენება საჯარო სკოლაში მოეწყობა და ესეც იქნება ძალიან საინტერესო და არაორდინალური სანახაობა. ჩვენ ყოველთვის ვანებივრებთ ჩვენი სტუმრების განებივრებას განსხვავებული ლოკაციებით. თითქმის არ მახსენდება ადგილი, სადაც ჩვენება არ გაგვიმართავს და ვფიქრობ, 5 დღის განმავლობაში, სტუმრები შეძლებენ, მრავალფეროვანი გარემოსა და სანახაობების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ნასიამოვნები დარჩნენ.
და ბოლოს, უთხარით ქალებს, როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის?
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ ის არის, რომ საყვარელი ადამიანი გვერდში გედგას და გრძნობდე მის მუდმივ მხარდაჭერას. ამ მნიშვნელოვანი ფაქტორისა და დაუღალავი შრომის, საკუთარი საქმის მიმართ სიყვარულის შედეგად, აუცილებლად მიიღწევა წარმატება.
თემები: ტრენდი, ქალები, წარმატება, წარმატებული ქალები, თბილისის მოდის კვირეული, ნარგისი
Trend.ge