LIFE

6 სერიალი, რომელიც ცუდ განწყობას დაგავიწყებთ და ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ

6 სერიალი, რომელიც ცუდ განწყობას დაგავიწყებთ და ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ

ზოგჯერ ყოველდღიური საზრუნავისგან თავის დასაღწევად კარგი სერიალიც საკმარისია. ამ ექვსი ისტორიის თემებია მეგობრობა, დანაკარგის გადატანა, ცხოვრების თავიდან დაწყება და სახალისო გამოძიებები.

საინტერესო პერსონაჟები და მსუბუქი იუმორი კი საღამოს სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ.

1. „ციცინათელების ქუჩა“ (2021 წელი)



სერიალი ორი განუყრელი მეგობრის, კეიტისა და ტალის, 40-წლიან ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ისინი სრულიად განსხვავებული ხასიათის არიან: კეიტი მოკრძალებული და ჩაკეტილია, ტალი კი ენერგიული და გამორჩეული.

სკოლაში დაწყებული მეგობრობა წლების განმავლობაში უამრავ გამოცდას გადის - ერთი ოჯახურ ცხოვრებას ირჩევს, მეორე კი ჟურნალისტიკაში წარმატებულ კარიერას ქმნის. მიუხედავად განსხვავებული გზებისა, ქალები ერთმანეთს სიხარულსა და იმედგაცრუებას ყოველთვის უზიარებენ.

2. „სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“ (2019-2022)



ეს სერიალი დანაკარგსა და იმაზეა, როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება მაშინ, როცა გგონია, რომ ყველაფერი დასრულდა. ტონის ცოლი სიმსივნით გარდაეცვალა და მამაკაცი მწუხარებას ვერ უმკლავდება. სასოწარკვეთილებაში მყოფი გმირი თვითმკვლელობაზეც ფიქრობს, თუმცა ოჯახის ძაღლი ამის საშუალებას არ აძლევს.

საბოლოოდ ტონი გადაწყვეტს, აღარ დაემორჩილოს საზოგადოებრივ წესებს და ყველაფერი პირდაპირ თქვას. მისდა გასაკვირად, გარშემომყოფები ზურგს კი არ აქცევენ, არამედ სითბოსა და მხარდაჭერას უცხადებენ. ნელ-ნელა ის ცხოვრების ხალისს უბრუნდება.

3. „მკვლელობები ერთ შენობაში“ (2021-დღემდე)



თუ ყოველდღიური საზრუნავისგან თავის დაღწევა გსურთ, ეს სახალისო დეტექტივი კარგი არჩევანია. მანჰეტენის ერთ ცათამბჯენში მცხოვრები სამი ადამიანი კრიმინალურ პოდკასტებს გატაცებით უსმენს და თავადაც ოცნებობს საინტერესო გამოძიებაში მონაწილეობაზე.

მათი სურვილი მოულოდნელად სრულდება, როდესაც საკუთარ საცხოვრებელ კორპუსში მკვლელობის მოწმეები ხდებიან. პოლიციას გარდაცვლილის თვითმკვლელობის ვერსია აქვს, თუმცა მოყვარული გამომძიებლები დარწმუნებულები არიან, რომ საქმე მკვლელობასთან აქვთ.

4. „ხრიკები“ (2021-2026)



ორი კომედიანტის ურთიერთობის შესახებ გადაღებულ სერიალში ასაკობრივი სხვაობა და იუმორისადმი განსხვავებული დამოკიდებულება მთავარი გმირების დაახლოების მიზეზი ხდება.

ცნობილი კომიკოსი დებორა ვენსი, რომლის კარიერაც დაღმასვლას განიცდის, ახალგაზრდა იუმორისტ ავას თანამშრომლობას სთავაზობს, რათა საკუთარი შოუ განაახლოს.

თავდაპირველად ქალები ერთმანეთს ვერ უგებენ, თუმცა დროთა განმავლობაში ერთმანეთისთვის არა მხოლოდ პროფესიული პარტნიორები, არამედ ახლო მეგობრებიც ხდებიან.

5. „ორმოცს გადაცილებული ქალები“ (2021)



ოთხი ქალი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. მათ შორის არიან წარმატებული შეფმზარეული, მარტოხელა დედა, შეძლებული ოჯახიდან გამოსული დიზაინერი და უმუშევარი ქალი.

განსხვავებული ხასიათისა და ცხოვრების მიუხედავად, ისინი დაახლოვდებიან და ერთმანეთის მხარდაჭერას სწავლობენ. პირადი პრობლემები, სამსახური და შუახნის კრიზისი მათ ცხოვრებას ართულებს, თუმცა სერიალის მთავარი სათქმელი ოპტიმისტურია: 40 წლის შემდეგ ცხოვრება არ მთავრდება - შესაძლოა, ყველაფერი სწორედ მაშინ იწყებოდეს.

6. „ზოის უჩვეულო ფლეილისტი“ (2020-2021)



სერიალის მთავარი გმირი ზოი კლარკი სან-ფრანცისკოელი ამბიციური პროგრამისტია. მას მამის ავადმყოფობა აწუხებს - მამაკაცი თითქმის პარალიზებულია და აზრების გადმოცემა მხოლოდ კომპიუტერზე აკრეფით შეუძლია.

ზოის ეშინია, რომ მომავალში თავადაც იგივე დაავადება დაემართება, ამიტომ მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას იტარებს. სწორედ ამ დროს ქალაქში მიწისძვრა ხდება, აპარატურა ზიანდება და ზოის ელექტროშოკი დაარტყამს. ამის შემდეგ მის ცხოვრებაში უცნაური რამ იწყება: გოგონა გარშემომყოფების ფიქრების მოსმენას ახერხებს.