პარტნიორთან სიახლოვე მხოლოდ ფიზიკური მიზიდულობა არ არის. მნიშვნელოვანია, თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობდეთ, თქვენი სურვილები გაითვალისწინონ და ნებისმიერ დროს შეგეძლოთ უარის თქმა. როგორ უნდა იქცეოდეს მამაკაცი, რომელიც თქვენს გრძნობებსა და საზღვრებს პატივს სცემს?
_1793298030.jpg)
1. არ გაჩქარებთ
ის არ უნდა ცდილობდეს, ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე გადასვლა დაგაჩქაროთ. თუ მეტი დრო გჭირდებათ, პარტნიორმა თქვენი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

2. თანახმაა პრეზერვატივის გამოყენებაზე
დაუცველი სექსის მოთხოვნას გამართლება არ აქვს. პრეზერვატივი ამცირებს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და არასასურველი ორსულობის რისკს. პარტნიორმა თქვენი უსაფრთხოება უნდა გაითვალისწინოს.

3. თანახმაა, ჩაიტაროს ტესტირება
თუ სთხოვთ, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე გამოკვლევა ჩაიტაროს, ამაში საწყენი არაფერია. ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორივე პარტნიორის პასუხისმგებლობაა.

4. ინტიმურ ურთიერთობამდე თქვენს თანხმობას ელოდება
ის ფაქტი, რომ შეყვარებული ხართ, უკვე გქონიათ სექსი ან ერთმანეთს კოცნით, არ ნიშნავს, რომ პარტნიორს ყველაფერზე თანხმობა აქვს. ინტიმური ურთიერთობისთვის თქვენი თანხმობა აუცილებელია.

5. პატივს სცემს თქვენს საზღვრებს
თქვენი სურვილები და პირადი საზღვრები მნიშვნელოვანია მაშინაც კი, თუ პარტნიორი მათ არ ეთანხმება. ადამიანს, რომელსაც თქვენზე ზრუნვა შეუძლია, თქვენი გადაწყვეტილების პატივისცემაც უნდა შეეძლოს.

6. დანაშაულის გრძნობას არ გიჩენთ
პარტნიორმა არ უნდა დაგარწმუნოთ სექსში ისეთი ფრაზებით, როგორიცაა: „ჩემი მეგობრებიც ასე იქცევიან“ ან „ამდენს ვაკეთებ შენთვის და ეს მაინც მეკუთვნის“. სექსი ვალდებულება არ არის.

7. ინტიმურ ურთიერთობაზე წინასწარ გესაუბრებათ
ღია საუბარი ორივეს დაგეხმარებათ გაიგოთ, რა მოგწონთ, რა გაწუხებთ და რისთვის ხართ მზად. ამასთან, შეგიძლიათ წინასწარ განიხილოთ კონტრაცეფციისა და უსაფრთხოების საკითხებიც.

8. იცით, როგორ შეაჩეროთ პროცესი
პარტნიორთან წინასწარ შეთანხმებული სიტყვა ან სიგნალი შეიძლება დაგეხმაროთ, ნებისმიერ დროს შეაჩეროთ ის, რაც დისკომფორტს გიქმნით. თუ ამას გააკეთებთ, პარტნიორმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მოქმედება.

9. გულწრფელად გეუბნებათ, რა სურს
ურთიერთობის დასაწყისშივე უნდა იცოდეთ, მამაკაცს სერიოზული ურთიერთობა სურს თუ მხოლოდ სექსი. გულწრფელობა გაურკვევლობას აგარიდებთ და საშუალებას მოგცემთ, თავად გადაწყვიტოთ, გაწყობთ თუ არა ასეთი ურთიერთობა.

10. თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე სხვებს არ უყვება
თქვენ შორის არსებული პირადი ამბები მეგობრებთან თავის მოსაწონებლად არ უნდა გამოიყენოს. ინტიმური დეტალების გაზიარებამ შეიძლება ნდობა დააზიანოს.

11. მხოლოდ თქვენ არ იღებთ ინიციატივას
ინტიმურ ურთიერთობაში ორივე პარტნიორის სურვილი და მონაწილეობა მნიშვნელოვანია. მამაკაცმა მხოლოდ საკუთარ კომფორტზე არ უნდა იფიქროს - მან თქვენი სიამოვნებისა და სურვილების მიმართაც უნდა გამოიჩინოს ყურადღება.

12. თქვენი სიამოვნებაც მნიშვნელოვანია
ინტიმური ურთიერთობა მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილებზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. პარტნიორი უნდა ინტერესდებოდეს იმით, რა მოგწონთ და რა განიჭებთ სიამოვნებას.

13. თქვენს გარეგნობას არ აკრიტიკებს
პარტნიორმა თქვენი სხეულის გამო არ უნდა დაგამციროთ ან ისეთი კომენტარები გააკეთოს, რომლებიც საკუთარ გარეგნობაში ეჭვს გაგიჩენთ. ურთიერთობაში მნიშვნელოვანია, თავი მიღებულად და დაფასებულად იგრძნოთ.

14. შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მოგმართავთ
ზოგიერთ წყვილს ინტიმური საუბრისას გარკვეული სიტყვები მოსწონს, სხვებისთვის კი ისინი მიუღებელია. პარტნიორმა უნდა იცოდეს ეს განსხვავება და გაითვალისწინოს, თუ კონკრეტული სიტყვა გაწყენინებთ ან დისკომფორტს გიქმნით.

15. თქვენს „არას“ პატივს სცემს
თუ უარს ამბობთ, პარტნიორმა ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მან არ უნდა გააგრძელოს დაჟინებული თხოვნა, ზეწოლა ან თქვენი გადარწმუნების მცდელობა.

16. ტკივილის შემთხვევაში ჩერდება
თუ ინტიმური ურთიერთობის დროს ტკივილს გრძნობთ, პარტნიორმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მოქმედება. ტკივილის უგულებელყოფა არ შეიძლება - მნიშვნელოვანია, გაარკვიოთ მისი მიზეზი და იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

17. თავს ლამაზად და თავდაჯერებულად გაგრძნობინებთ
პარტნიორთან სიახლოვე არ უნდა გახდეთ მიზეზი, რომ საკუთარ სხეულზე ზედმეტად ინერვიულოთ ან თავი არასაკმარისად მიმზიდველად იგრძნოთ. ჯანსაღ ურთიერთობაში თავს მიღებულად, დაფასებულად და თავისუფლად უნდა გრძნობდეთ.

პატივისცემა მხოლოდ საძინებელში არ იწყება და არც იქ მთავრდება. მნიშვნელოვანია, პარტნიორი თქვენს სურვილებს, გრძნობებსა და პირად საზღვრებს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ითვალისწინებდეს.
თემები: სექსი, სექსუალური მიზიდულობა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია