რატომ უწევს ზოგ ადამიანს მძიმე გამოცდების გავლა, მაშინ როცა სხვებს თითქოს ყველაფერი უმარტივდებათ?
ეს ათი ცნობილი ნაწარმოები ბედისწერის, ადამიანური არჩევანისა და სამართლიანობის თემებს ეხება. მათი გმირების ისტორიები გვაჩვენებს, როგორ ცვლის ადამიანის ცხოვრებას გარემოებები და გადაწყვეტილებები.
1. „საბრალონი“ - ვიქტორ ჰიუგო
ჟან ვალჟანი პურის მოპარვისა და გაქცევის მცდელობისთვის 19 წელს კატორღაში ატარებს. გათავისუფლების შემდეგ საზოგადოება მას არ იღებს, თუმცა ეპისკოპოს მირიელთან შეხვედრა მის ცხოვრებას ცვლის - ვალჟანი გადაწყვეტს, წარსული გამოისყიდოს და სხვებს დაეხმაროს. მაგრამ ყოფილი პატიმრის ძებნას ინსპექტორი არ წყვეტს. ჰიუგო რომანში სოციალური უთანასწორობის, ადამიანური ღირსებისა და სამართლიანობის საკითხებს წამოჭრის.
2. „გრაფი მონტე-კრისტო“ - ალექსანდრე დიუმა
ახალგაზრდა მეზღვაური ედმონ დანტესი საყვარელ ქალზე დაქორწინებასა და კარიერულ წინსვლას აპირებს, თუმცა ცილისწამების შედეგად სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ და იფის ციხესიმაგრეში ათავსებენ. იქ ის 14 წელს ატარებს.
აბატ ფარიას დახმარებით შეთქმულების შესახებ სიმართლეს იგებს და განძის ადგილსაც აღმოაჩენს. გათავისუფლების შემდეგ ახალი სახელით ბრუნდება, რათა მათზე იძიოს შური, ვინც მისი ცხოვრება დაანგრია. დიუმა გვაფიქრებს ბედისწერის, არჩევანისა და შურისძიების ფასზე.

3. „ხაფანგი“ - ემილ ზოლა
ჟერვეზ მაკარი საყვარელ მამაკაცთან დაშორების შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას ცდილობს. ის სახურავების ხელოსან კუპოზე ქორწინდება, საკუთარ საქმეს იწყებს და მატერიალურ კეთილდღეობასაც აღწევს.
თუმცა უბედური შემთხვევის შემდეგ ქმარი მუშაობას წყვეტს და ალკოჰოლს ეტანება. ოჯახი დანაზოგს კარგავს, ჟერვეზა ვალებში ვარდება და მისი ცხოვრება ინგრევა. ზოლა გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი მომავალი მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო დაკარგოს.
4. „შემთხვევითი ქალი“ - ჯონათან კოუ
ჯონათან კოუს სადებიუტო რომანის მთავარი გმირი მარია ბენევენტია - ქალი, რომელიც ცხოვრებას დინებას მიჰყვება და განსაკუთრებული ამბიციები არ აქვს.
ოქსფორდში ჩაბარებიდან ბავშვის გაჩენამდე, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები თითქოს თავისთავად ხდება. წიგნი გვაფიქრებს, ვირჩევთ თუ არა თავად ცხოვრების გზას და რამდენად განაპირობებს მას შემთხვევითობა.
5. თამაში რიოში მარგალიტებით - ჰერმან ჰესე
მოქმედება მომავალში, გამოგონილ ინტელექტუალურ პროვინცია კასტალიაში ვითარდება. მთავარი გმირი იოზეფ კნეხტი მეცნიერებასა და ხელოვნებას ეუფლება და საბოლოოდ „მძივებით თამაშის“ მაგისტრი ხდება.
ეს რთული სისტემა ცოდნის სხვადასხვა სფეროს აერთიანებს. დროთა განმავლობაში კნეხტი იმ საზოგადოების ღირებულებებში ეჭვის შეტანას იწყებს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. ჰესე იკვლევს პირად არჩევანს, საზოგადოებრივ მოვალეობებსა და ცხოვრების გზის შეცვლის შესაძლებლობას. რომანისთვის მწერალს 1946 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.
6. „მრისხანების მტევნები“ - ჯონ სტაინბეკი
დიდი დეპრესიის დროს გვალვის, მოსავლის განადგურებისა და გამოსახლების გამო ჯოუდების ოჯახი ოკლაჰომაში ფერმას ტოვებს და კალიფორნიისკენ მიემგზავრება, სადაც უკეთესი ცხოვრების იმედი აქვს.
თუმცა იქ უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, შიმშილი და მუშახელის ექსპლუატაცია ხვდებათ. სტაინბეკი აღწერს ადამიანებს, რომელთა ბედსაც ეკონომიკური და ისტორიული გარემოებები განსაზღვრავს.

7. „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ - ემილი ბრონტე
ჰითკლიფი ობოლია, რომელსაც მისტერ ერნშოუ საკუთარ სახლში მიიყვანს. იქ ის მასპინძლის ქალიშვილს, კეტრინს, უახლოვდება, თუმცა ქალი შეძლებულ ედგარ ლინტონზე ქორწინდება. ამის გაგების შემდეგ ჰითკლიფი სახლს ტოვებს, რამდენიმე წლის შემდეგ კი სიმდიდრითა და შურისძიების სურვილით ბრუნდება.
ემილი ბრონტეს რომანი გვიჩვენებს, როგორ განსაზღვრავს წარსული აწმყოს და როგორ შეიძლება ადამიანთა გადაწყვეტილებებმა სხვების ცხოვრებაზეც იმოქმედოს.
8. „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ - თეოდორ დოსტოევსკი
დოსტოევსკი რომანში სოციალური უთანასწორობის გავლენას რამდენიმე ოჯახის ბედზე აღწერს. ახალგაზრდა მწერალი ივან პეტროვიჩი ნიკოლაი იხმენევის ოჯახში განვითარებული კონფლიქტის მოწმე ხდება: თავადი ვალკოვსკი იხმენევს თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს, მისი ქალიშვილი კი სიყვარულის გამო სახლიდან მიდის.
ამავე დროს, ივანე პატარა ნელის გაიცნობს, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ მარტო რჩება. ეს დრამატული ისტორიები ადამიანური სისასტიკისა და უსამართლობის შედეგებს წარმოაჩენს.
9. „ფუნთუშა“ - გი დე მოპასანი
საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს ფრანგების ჯგუფი ოკუპირებულ რუანს ტოვებს და დიეპისკენ მიემგზავრება. მგზავრებს შორის სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან, მათ შორის ქალი, რომელსაც ფუნთუშას ეძახიან.
გზაში ის საკვებს თანამგზავრებს უზიარებს, რომლებიც თავდაპირველად ზემოდან უყურებენ, თუმცა დამოკიდებულებას იცვლიან. ვითარება მაშინ იძაბება, როდესაც ერთ-ერთი პრუსიელი ოფიცერი ქალის მიმართ სიმპათიას გამოხატავს.
10. „აღდგომა“ - ლევ ტოლსტოი
თავადი დიმიტრი ნეხლიუდოვი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში ბრალდებულთა შორის კატიუშა მასლოვას ამოიცნობს - ქალს, რომელიც ახალგაზრდობაში აცდუნა და მიატოვა. ამის შემდეგ მასლოვამ სამსახური დაკარგა, შვილი შეეძინა, რომელიც მალევე გარდაიცვალა, საბოლოოდ კი საროსკიპოში აღმოჩნდა.
ახლა მას ვაჭრის მოწამვლას ედავებიან, თუმცა მკვლელობა განზრახული არ ჰქონია. ნეხლიუდოვი აცნობიერებს, რომ მისმა საქციელიმა ქალის ბედზე მძიმე გავლენა მოახდინა. ტოლსტოი გვაფიქრებს, შეუძლია თუ არა ადამიანს წარსულში დაშვებული შეცდომის გამოსწორება.