მშობლები

რა სახის საკვები უნდა მოვარიდოთ 3 წლამდე ბავშვს?

რა სახის საკვები უნდა მოვარიდოთ 3 წლამდე ბავშვს?

როდესაც ბავშვი ძუძუს თავს ანებებს და საკვების მიღებას იწყებს, ძალიან მნიშვნელოვანია საჭმლის რაციონის ფრთხილად შერჩევა: ამ დროს არა მხოლოდ მისი გემოვნება, არამედ — ჯანსაღი კვების ჩვევებიც ყალიბდება.

ყოველდღიურად შენ პატარას 4 ძირითადი ჯგუფის შემადგენელი სხვადასხვა სახის საკვები უნდა მიაწოდო:

  1. სახამებლის შემცველი ნახშირწყლები — ნაკლებშაქრიანი ბურღულეულის, პასტას, ბრინჯის და თეთრი და მთელმარცვლიანი პურების მიქსის სახით
  2. ხილი და ბოსტნეული
  3. საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით რკინას და ცილებს შეიცავს — მაღალი ხარისხის ახალი ხორცი, თევზი, კვერცხი, ლობიო და ოსპი
  4. რძის პროდუქტები: ყველი, რძე, ხაჭო, მაწონი, იოგურტი
    თუმცა, საგანგაშო არ არის, თუ ბავშვი ყოველდღე ოთხივე სახის საკვებს არ შეჭამს, მთავარია, კვირის განმავლობაში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი თანაბარი დოზით მიიღოს.

ეს აქტუალური კითხვები ყველა მშობელს აწუხებს:

არსებობს თუ არა რამე სახის საკვები, რომელსაც ბავშვი უნდა მოვარიდო?

შეეცადე, ძალიან მცირე რაოდენობით აჭამო:

  • ცხიმიანი და შაქრის შემცველი საკვები, მაგალითად — ნამცხვრები
  • ტკბილეული და შოკოლადი
  • მარილიანი საკვები — ჩიფსები, მზა საჭმელი და ნახევარ-ფაბრიკატები

    იდეალურ ვარიანტში, ალერგიული საჭმლის — მაგალითად, თხილის და ნიგვზის მიცემასაც მოერიდე. თუ შენ პატარას ასთმა და მტვერზე ან საკვებ პროდუქტებზე ალერგია აქვს, მისი საჭმლის რაციონი აუცილებლად ალერგოლოგთან შეათანხმე. თუმცა, თუ ალერგიისადმი გენეტიკური განწყობა არც შენ გაქვს და არც მეუღლეს/პარტნიორს, პრობლემა არ იქნება, გახუხულ პურზე გადასმული თხილის კარაქი რომ აჭამო. ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ რაც უფრო ადრეული ასაკიდან შეაჩვევ ბავშვს ზომიერად ნიგვზიანი და თხილიანი საჭმლის მიღებას, მით უფრო ნაკლები შანსია, მომავალში მათზე ალერგია განუვითარდეს. თუმცა, ეს კვლევები ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის.

არის თუ არა საკვები, რომელიც ბავშვს საერთოდ არ უნდა ვაჭამო?

დიახ, არც ერთი ქვემოთ ჩამოთვლილიდან:

  • თოხლოდ მოხარშული კვერცხი სალმონელოზის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომ, დარწმუნდი, რომ კვერცხი — კარგად შემწვარი ან მოხარშულია. თანაც, უპირატესობა სოფლის კვერცხს მიანიჭე.
  • 3 წლამდე ბავშვებში მთლიანი თხილის/ნიგვზის მიღება ხშირად დახრჩობის მიზეზი ხდება. ამის ნაცვლად, თხილი/ნიგოზი დააბლენდერე ან ძალიან წვრილად დაჭერი და საკვებში ისე შეურიე.
  • შაქრის შემცვლელით გამდიდრებული ნებისმიერი პროდუქტი პატარებში სიტკობზე დამოკიდებულებას იწვევს(ეს თითქმის ყველა სახის ტკბილეულს ეხება).
  • გარდა იმისა, რომ გაზიანი სასმელები შაქრით და დამატკბობელითაა გატენილი, ბავშვის კბილებსაც აფუჭებს.
  • ყავა და ჩაი ბავშვისთვის არც თუ ისე სასურველ ნივთიერებას — კოფეინს შეიცავს, რაც ორგანიზმიდან რკინის მარაგებს გამოდევნის.
  • გაყინული თევზები, რომლებიც დიდხანს ინახება — მერლინი და ხმალთევზა, გაყინული სალმონიც, დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალს შეიცავს. ნებადართულია ნებისმიერი სხვა სახის თევზეული, თუმცა შემწარ თევზს კვირაში 2-ჯერზე ხშირად ნუ მისცემ.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.babycentre.co.uk/a9147/solids-by-age-12-to-18-months">babycentre</a>