საიდან იღებს სათავეს დაბადების აღნიშვნა, ტორტი და სანთლების ჩაქრობის ტრადიცია?
- 12.08.2021
დაბადების დღე განსაკუთრებული დღეა. ეს არის თარიღი როცა დავიბადეთ, როცა დგება წვეულების, ტორტის, სანთლების ჩაქრობის, საჩუქრების მიღებისა და საყვარელ ადამიანებთან ერთად წვეულების გამართვის დრო.
დაბადების დღის აღნიშვნა დღეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო.
ადამიანები ძველად დაბადების დღეზე ადიდებდნენ ღმერთებსა და პატივს მიაგებდნენ ბატონებს. წვეულება არ იმართებოდა.
დაბადების დღის აღნიშვნა ტორტითა და სანთლებით ისტორიაში უფრო გვიან გაჩნდა, თუმცა ეს რიტუალი ზოგიერთ ძველ ტრადიციებს უკავშირდება.
პირველი ცნობები დაბადების დღის აღნიშვნაზე ბერძენ ისტორიკოსს ჰეროდოტეს უკავშირდება. სპარსელების აღწერისას ჰეროდოტე წერს, თუ როგორ უყვარდათ მათ თავიანთი დაბადების დღის აღნიშვნა. ჰეროდოტეს ცნობით, სპარსელები ამ დროს საგანგებოდ გამომცხვარ ნამცხვარს მიირთმევდნენ. თუმცა ამის ფუფუნება მხოლოდ მდიდრებსა და დიდგვაროვნებს ჰქონდათ.
დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ წერია ბიბლიაში, დაბადებაში.
„მესამე დღეს ფარაონმა თავის დაბადების დღეს, ნადიმი გაუმართა ყველა მსახურს. დააბრუნა მერიქიფეთა უფროსი. მცხობელთა უფროსი კი ძელზე ჩამოკიდა“.
ძველ დროში დაბადების დღის აღნიშვნის რიტუალის განუყოფელი ნაწილი იყო ცეცხლი, თუმცა ეს არ გულისხმობდა ტორტზე დამაგრებული სანთლების ჩაქრობას.
ძველ რომში დაბადების დღის აღნიშვნა კეთილშობილების პრივილეგია იყო. როდესაც ვინმე, მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი 50 წლის გახდებოდა, მიიჩნევდნენ რომ მან ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია და მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ნადიმს მართავდნენ და უცხობდნენ ნამცხვარს, თუმცა სანთლებს არ ანთებდნენ.
შუა საუკუნეების ევროპაში დაბადების დღეებს იშვიათად აღნიშნავდნენ, რადგანაც კათოლიკეებს სჯეროდათ, რომ ეს იყო წარმართული ზეიმი და ქრისტიანობას საფრთხეს უქმნიდა.
მიუხედავად ამისა, სწორედ შუა საუკუნეებსა და კონკრეტულად მეთხუთმეტე საუკუნეს უკავშირდება იმ ფორმის დაბადების დღის ტორტის შექმნა, როგორიც დღეს გვაქვს. გერმანელმა მცხობელმა დაიწყო გაყიდვა დაბადების დღის ნამცხვრების. ამ ნამცხვრებს ძირითადად ყიდულობდნენ მშობლები თავიანთი შვილებისთვის.
ისტორია გვიჩვენებს, რომ ასე გრძელდება მე-18 საუკუნემდე. ამ პერიოდში კი, კერმანელებმა დაბადების დღის ტორტს უკვე სანთლებიც დაუმატეს. დაბადების დღის აღნიშვნას ისინი „საბავშვო ფესტივალს“ უწოდებდნენ. სწორედ ამ ტრადიციიდან იღებს სათავეს დაბადების დღის თანამედროვე აღნიშვნა.
საჩუქრების მიღების ტრადიციაც მე-18 საუკუნეს უკავშირდება. თუ ვინმე დაბადების დღეზე საჩუქარს აჩუქებდა იუბილარს, მიიჩნეოდა რომ იუბილარისთვის მომდევნო წელი წარმატებული იქნებოდა.
ყველაზე ძველი ცნობები დაბადების დღის სანთლების გამოყენების შესახებ მე-18 საუკუნეს, კერძოდ 1746 წელს უკავშირდება. დაბადების დღე ერთ-ერთმა სტუმარმა ასე აღწერა - „იქ იყო ნამცხვარი იმაზე გაცილებით დიდი ვიდრე ჩვეულებრივი ნამცხვარი და მასზე დამაგრებული იყო სანთლები“.
თემები: წვეულება, დაბადების დღე, დაბადება
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია