მეგან მარკლმა მამის გარშემო ატეხილ სკანდალზე პირველი კომენტარი გააკეთა - ამბობს, რომ ბრალდებების შესახებ წლების წინ იცოდა
- 23.10.2026
სასექსის ჰერცოგინია აცხადებს, რომ მამასთან ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი წლების წინ მის წინააღმდეგ გაჟღერებული შემაშფოთებელი ბრალდებები გახდა.
თომას მარკლს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული მასალების შენახვაში ადანაშაულებენ. მის წინააღმდეგ პოლიციას საკუთარმა შვილმა, თომას მარკლ უმცროსმა, მიმართა. ამ დროისთვის მისი ბრალეულობა დადასტურებული არ არის.
როგორც The Guardian წერს, მეგან მარკლმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში გავრცელებული ამბებით „ღრმად დამწუხრებულია“ და იმ ბავშვებზე ფიქრობს, რომლებიც შესაძლოა დაზარალდნენ.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სამართლიანობა აღსრულდება და უდანაშაულო ბავშვების უსაფრთხოება და დაცვა პრიორიტეტად დარჩება“, - აღნიშნა მან.
მეგანის თქმით, ექვსი წლის წინ სამეფო ოჯახის დაცვის სამსახურმა წერილი გაუგზავნა, რომელშიც მამამისის წინააღმდეგ არსებული „შემაშფოთებელი ბრალდებები“ იყო ჩამოთვლილი. მაშინ მას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა. ამის შემდეგ მან მამასთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა.

„იმედი მაქვს, ახლა გასაგები გახდება, რომ მედიაში გავრცელებული დამახინჯებული ინფორმაციის მიუხედავად, წლების განმავლობაში მამასთან დისტანცირების გადაწყვეტილებას და იმას, რომ მას ჩვენს შვილებთან ურთიერთობის საშუალებას არ ვაძლევდი, ერთი მიზეზი ჰქონდა - მათი დაცვა. მჯეროდა, რომ ხელისუფლებაც იმავეს აკეთებდა სხვა ოჯახების დასაცავად. ახლა გამჟღავნებული მასალების მასშტაბი იმაზე უფრო შემზარავია, ვიდრე წარმოდგენა შეიძლება“, - განაცხადა სასექსის ჰერცოგინიამ.
23 ოქტომბერს გამოცემა The Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეგანის ნახევარძმამ, თომას მარკლ უმცროსმა, მამის სახლში სამალავი აღმოაჩინა, რომელშიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი ჩანაწერები ინახებოდა. მისი თქმით, ჩანაწერების რაოდენობა „ასეულობით, თუ არა ათასობით“ იყო.
თომას მარკლი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
ამჟამად ის აშშ-ში, სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება და მაისში გადატანილი ინსულტის შემდეგ მკურნალობს.
„ეს სრული სისულელეა. ეს ყველაფერი ტყუილების გროვაა. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ცდილობს ტომი ამ ტყუილებით ჩემს განადგურებას“, - განაცხადა მან.
მეგანის დამ, სამანტამ კი Daily Mail-თან საუბრისას ძმას მამის წინააღმდეგ შურისძიების შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისი აზრით, თომას მარკლ უმცროსი მამასთან ფინანსური უთანხმოების გამო მოქმედებს და მედიაში ამ ამბის გახმაურებით სარგებლის მიღებას ცდილობს.
თემები: მეგან მარკლი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია