ქართული სამოსის ბრენდი „დარაია“ სულ რამდენიმე თვის წინ მეგობრებმა — ქეთა ლომიძემ და თინა ალექსიშვილმა დააარსეს. მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპი მინიმალური ინვესტიციით განხორციელდა, „დარაიას“ საცურაო კოსტიუმები და საზღვაო სამოსი buyers.ge-ს ბესთსელერები გახდა.

ფოტო: Anaboko

გთავაზობთ „დარაიას“ შესახებ რამდენიმე ფაქტს, რაც ყველა მოდის მოყვარულმა უნდა იცოდეს:

ფოტო: Louisa for Buyers.ge

  1. „დარაია“ სპარსული სიტყვაა და ქართულად აბრეშუმის ქსოვილს ნიშნავს.
  2. ბრენდის არც ერთი დამფუძნებელი დიზაინერი არ არის: ქეთა ლომიძე — ჟურნალ „კულინ არტის“, Georgia To See-ს და „ჟურნალ XII-ის“ თანამფლობელი და იდეის ავტორი პროფესიით მარკეტოლოგია, თინა ალექსიშვილი კი — მსახიობი. ადრე ტანსაცმელს პირადი მოხმარებისთვის იკერავდნენ, შემდეგ კი გადაწყვიტეს, ჰობს ბიზნესის სახე მიეღო.
  3. „დარაია“ ქართველი ხელოვანების წახალისების მიზნით მხატვრებთან კოლაბორაციებს მიმართავს: საგაზაფხულო კოლექცია მარიამ ბარდაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა. მხატვრის ნამუშევრები ქსოვილებზე აბსოლუტურად „ცოცხალი“ სახით, ფოტოშოპში დამუშავების გარეშე დაიტანეს.
  4. „დარაიას“ წარმოებაში მხოლოდ ბუნებრივი, უმაღლესი ხარისხის ქსოვილები გამოიყენება: საზაფხულო კოლექცია აბრეშუმით და შიფონითაა შესრულებული. ეს ქსოვილები „დარაიას“ გუნდმა ორი თვის განმავლობაში განუწყვეტელი ექსპერიმენტების შედეგად შეარჩია: განსხვავებულ მასალებზე ბეჭდავდნენ და აკვირდებოდნენ, რომელი ქსოვილი მიიღებდა უკეთ პრინტს.
  5. „დარაიას“ წარმოების ყველა ეტაპი საქართველოში მიმდინარეობს.

ფოტო: Anaboko

როგორც ბრენდის წარმომადგენლები აცხადებენ, საშემოდგომო კოლექციაში შედარებით ხელმისაწვდომ, ახალგაზრდულ ხაზსაც შემოგვთავაზებენ.