ჯანმრთელობა

რა უნდა ვიცოდეთ აბორტის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ აბორტის შესახებ

აბორტი ქალისთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა - როგორც მორალური, ასევე ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური თვალსაზრისით. იმის განხილვას არ ვაპირებთ, აბორტის წინააღმდეგები ვართ თუ არა. უბრალოდ, გირჩევ, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებ, კარგად დაფიქრდე. სხვადასხვაგვარია აბორტის მიზეზებიც, მაგალითად, თუ ამის გაკეთებას პარტნიორი გთხოვს, ნუ აჩქარდები. გაესაუბრე ფსიქოლოგს, ახლობლებს და საკუთარ თავს ჰკითხე, მზად ხარ თუ არა ნაყოფის მოსაშორებლად. თუ სხვა გამოსავალი არ არსებობს, უპირველესად უსაფრთხოების წესების დაცვაზე უნდა იფიქრო! 

რა უნდა გააკეთო მას შემდეგ, რაც ტესტზე ორსულობა ფიქსირდება?

1. აუცილებლად გაესაუბრე ექიმს

რა უნდა ვიცოდეთ აბორტის შესახებ

თუ გინეკოლოგი გყავს, რომელსაც ენდობი, შეხვდი და დაელაპარაკე. საუკეთესო შემთხვევაში, ის აბორტის დეტალებზე საუბრისას არ გაგაკრიტიკებს. ორსულობის შეწყვეტის პროცედურას ყველა გინეკოლოგი არ აკეთებს, ამიტომაც სასურველია, უსაფრთხო კლინიკა სწორედ შენმა ექიმმა გირჩიოს.

თუ ამ ეტაპზე გინეკოლოგი არ გყავს, გაარკვიე, აბორტის გაკეთება რომელ კლინიკაში შეგიძლია და საწყის ეტაპზე დეტალების გასარკვევად ცხელ ხაზზე დაურეკე. თუ მომსახურების ფასზე საუბარს თავს არიდებენ, იმის მიმანიშნებელია, რომ კლინიკა არაკანონიერად მოქმედებს და სასწრაფოდ მისი ალტერნატივა მოიძიე.

 2. მოემზადე ფინანსურად

რა უნდა ვიცოდეთ აბორტის შესახებ

თუ დაზღვევა გაქვს, შენს სადაზღვევო კომპანიას დაუკავშირდი და გაარკვიე, შედის თუ არა აბორტი ასანაზღაურებელ ხარჯებში. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გაარკვიე, რამე სხვა პაკეტის შეძენა თუ შეგიძლია, რომელიც ყველა საჭირო ხარჯს დაგიფარავს.

თუ დაზღვევა არ გაქვს, კანონის ფარგლებში მოქმედი კლინიკის მონახვის შემდეგ, მომსახურების ფასები გაარკვიე. თუ შენ და შენს პარტნიორს იმ მომენტში საჭირო თანხა არ გაქვთ, ჰკითხე, საკრედიტო ბარათს თუ მიიღებენ.

 3. ჩაეწერე გინეკოლოგთან

რა უნდა ვიცოდეთ აბორტის შესახებ

ექიმთან შეხვედრა რაც შეიძლება დროულად დანიშნე. ბევრ კლინიკაში პაციენტებს ძალიან დიდ რიგებში დგომა უწევთ. თანაც, ზოგიერთი გინეკოლოგი პროცედურამდეც დაგიბარებს ზოგადი გამოკვლევებისთვის, დროის ფაქტორი კი ამ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

4. გაუზიარე პრობლემა ახლობელს

რა უნდა ვიცოდეთ აბორტის შესახებ

ეს აუცილებლად უნდა გააკეთო!

შენს საახლობლო წრეში ამის შესახებ სულ ცოტა ერთმა ადამიანმა - დამ, მეგობარმა, პარტნიორმა ან სხვა ვინმემ უნდა იცოდეს. თუ აბორტის გამომწვევი აბის გადაყლაპვას ამჯობინებ, ექიმები გირჩევენ, გვერდით ვინმე გყავდეს - ძალიან იშვიათად, ათასიდან ერთი შემთხვევა რთულდება და ადამიანი სამედიცინო მხარდაჭერას საჭიროებს. ახლობელი ქირურგიული ჩარევის შემთხვევაშიც დაგჭირდება - კლინიკიდან სახლში მანქანით რომ წაგიყვანოს.

რამდენი ხნის ორსული ხარ?

10 კვირის შემთხვევაში:

არსებობს აბორტის გამომწვევი სპეციალური აბები, რომლებიც ორ ეტაპად უნდა მიიღო: პირველს მიფეპრისტონი ეწოდება. მას, როგორც წესი, კლინიკაში გასმევენ. პრეპარატი შენს ორგანიზმში ჰორმონ პროგესტერონს ბლოკავს, შედეგად საშვილოსნოს შიდა ფენა (ენდომეტრიუმი) ჩამოიფცქვნება. ამ პროცედურიდან 24-48 საათის შემდეგ მისოპრესტოლის დალევა მოგიწევს.

რა შედეგს უნდა ელოდო:

მისოპრესტოლის დალევის შემდეგ, 24-48 საათი საკმაოდ ძლიერი სისხლდენა გექნება. ასევე შესაძლოა, გამონადენის სახით მოთეთრო-მორუხო რბილი ქსოვილიც შენიშნო, თუმცა ნუ შეგეშინდება, ჩამოუყალიბებელი ნაყოფის მსგავსს არაფერს იხილავ. ერთი კვირა გაფრთხილება მოგიწევს, რომ ვაგინაში არაფერი მოხვდეს: თავი შეიკავე სექსისგან, ნუ გამოიყენებ ტამპონებს და წყლის მოხვედრასაც მოერიდე, რადგანაც ამ დროს საშვილოსნოს შიდა ფენა აშრევებულია და სანამ ახალი ქსოვილი ჩამოყალიბდება, შეიძლება ადვილად შეგეჭრას ინფექცია. 

ცოტა ხანი უმნიშვნელო გამონადენი გექნება, ამიტომ 1-2 კვირა ყოველთვის თხელი პაკეტი ატარე. 2 კვირის შემდეგ კი გინეკოლოგი შემოწმებაზე დაგიბარებს, რომ დარწმუნდე, შენი ორგანიზმიდან მთლიანად გამოიდევნა თუ არა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი. როგორც წესი, პაციენტების 97 პროცენტს პრობლემები არ ექმნება, მაგრამ თუ გამონაკლისი აღმოჩნდები, სავარაუდოდ ასპირაცია (dilation and curettage (D&C) - გაფართოება და გამოფხეკა) დაგჭირდება.

15 კვირის შემთხვევაში:

ასპირაცია (D&C) აბორტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც კლინიკის პირობებში კეთდება. ამ პროცედურის დროს საშვილოსნოს ყელის დასაწყისის გაწელვა ხდება და საშვილოსნო ე.წ. „შემწოვი“ მოწყობილობით სუფთავდება. ზოგჯერ, თავის დაზღვევის მიზნით, ექიმები გამოფხეკასაც მიმართავენ. პროცედურა მთლიანობაში 5-იდან 10 წუთამდე გრძელდება და რადგან ქირურგის უფრო ინტენსიურ ჩარევას მოითხოვს, ვიდრე აბები, ექიმთან განმეორებითი ვიზიტი აღარ მოგიწევს.

რა შედეგს უნდა ელოდო:

ტკივილის გაყუჩება სტანდარტულად ხდება - ვენური ნარკოზით, საშვილოსნოს ყელის მოყინვით ან უფრო იშვიათად, ზოგადი ნარკოზით. საშვილოსნოს ყელს პრეპარატებით ან სპეციალური ინსტრუმენტებით აფართოებენ. პროცედურის დროს ზოგიერთი ქალი სპაზმისმაგვარ ტკივილს გრძნობს, თუმცა ექიმები ექსტრემალურ ტკივილს გამორიცხავენ. გამაყუჩებლის მოქმედება პროცედურის შემდეგ კიდევ რამდენიმე საათი გრძელდება, ამიტომ აუცილებელია, სახლში ვინმემ წაგიყვანოს.

პროცედურიდან 2 დღის ან რამდენიმე კვირის განმავლობაში გამონადენი გექნება, ამიტომ მუდმივად თხელი საფენები ატარე. ასევე, შეიძლება ექიმმა 2-იდან 4 კვირის შემდეგ გასასინჯად დაგიბაროს.

13 + კვირის შემთხვევაში:

D&E (Dilation and evacuation — გაფართოება და ევაკუაცია) ხანდახან 2-ნაწილიანი პროცედურაა, რომელიც მეორე ტრიმესტრის შემდეგ კეთდება (ცხადია, გარკვეულ პერიოდამდე). ამ დროს საშვილოსნოს ყელის დარბილება და გაფართოება პროცედურამდე რამდენიმე საათით ადრე ან სულაც წინა დღეს ხდება. ეს პროცედურა საკმაოდ ჰგავს ასპირაციას, თუმცა განსხვავებული ინსტრუმენტები გამოიყენება და უფრო დიდხანს - 10-იდან 30 წუთამდე გრძელდება.

რა შედეგს უნდა ელოდო:

საშვილოსნოს ყელის გასაფართოებლად მისოპროსტოლის აბი გამოიყენება ან ვაგინაში სპეციალურ გამაფართოებელს ათავსებენ. ეს გამაფართოებლები ნატურალური წყალმცენარისგან ან სინთეტიკური მასალისგანაა დამზადებული და საშვილოსნოს ყელს ნელ-ნელა ხსნის. პროცედურა მტკივნეულია, ამიტომ ამ დროს აუცილებლად გამაყუჩებლებს და ანტიბიოტიკებს იყენებენ. მას შემდეგ, რაც ყელი დარბილდება, გამაყუჩებლის დამატებითი დოზა კეთდება და ქირურგიული ჩარევა იწყება. ასპირაციის მსგავსად, სისხლიანი გამონადენი და სპაზმური ტკივილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ პროცედურის შემდეგაც შეინიშნება.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.cosmopolitan.com/sex-love/a54676/how-to-have-a-safe-abortion/">www.cosmopolitan.com</a>