ხდის თუ არა ინტერენეტსივრცე ადამიანებს უფრო მარტოსულებს? - მარტოობასა და სოციალურ ქსელებს შორის ურთიერთკავშირის დასადგენად ფსიქოლოგებმა ჩაატარეს კვლევა, რომელსაც მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი, რებეკა ნაულენდი ხელმძღვანელობდა.

ფსიქოლოგების ჯგუფი კვლევაზე დაყრდნობით ორ მთავარ ჰიპოთეზას გამოყოფს - 1. ჩანაცვლების ჰიპოთეზა და 2. სტიმულირების ჰიპოთეზა.

ჩანაცვლების ჰიპოთეზის თანახმად, სოციალურმა ქსელებმა რეალური, პირისპირ ურთიერთობები ჩაანაცვლა და სწორედ ასეთ დროს - როცა ადამიანები მხოლოდ სოციალური ქსელებით ურთიერთობენ, უჩნდებათ მარტოობის გამძაფრებული განცდა.

ამავდროულად, კვლევის თანახმად, მარტოხელა ადამიანები ინტერნეტსივრცეში დანარჩენებზე უფრო დიდ დროს ატარებენ და რეალურ ცხოვრებაში არსებული სიცარიელის შევსებას ამ მეთოდით ცდილობენ, უფრო უმარტივდებათ თვითგამოხატვა, თუმცა ყოველივეს, სამწუხაროდ, უკუშედეგი აქვს და მარტოხელობის განცდა კიდევ უფრო იზრდება.

რაც შეეხება სტიმულირების ჰიპოთეზას - ამ ჰიპოთეზის თანახმად, ონლაინ ურთიერთობები უკვე არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო ძლიერს ხდის და ხელს უწყობს ადამიანთა სოციალური ურთიერთობებისა და კავშირების გამყარებას.

ამავდროულად სოციალურ ქსელში წარმატებული ურთიერთობები ადამიანებს პირისპირ ურთიერთობისას უფრო წარატებულს ხდის. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა თანაბრად ანაწილებთ დროს როგორც ონლაინ, ასევე რეალური ურთიერთობებისთვის.

კვლევის ავტორები წერენ, რომ როცა ადამიანები სოციალური ქსელების გამოყენებით რეალურ ურთიერთობას ანაცვლებენ და კონტაქტს დანარჩენებთან მხოლოდ სოციალური ქსელების საშუალებით ამყარებენ, ეს მარტოობის გრძნობას კიდევ უფრო აღვივებს.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ აუცილებლად დავიცვათ ოქროს შუალედი და თანაბრად დავკავდეთ როგორც ონლაინ, ასევე რეალური ურთიერთიერთობებით. არ იფიქროთ, რომ რეალურ ცხოვრებაში არსებულ სიცარიელეს ონლაინ ურთიერთობები შეგივსებთ. სოციალური ქსელებით ნამდვილი ურთიერთობები კი არ ჩაანაცვლოთ, არამედ მათ გასამყარებლად გამოიყენეთ.