თუ გსურს, ახალგაცნობილი ადამიანის შესახებ მეტი შეიტყო, რამდენიმე სახის კითხვა უნდა დაუსვა. რა თქმა უნდა, უამრავი საინტერესო კითხვა არსებობს, თუმცა ჩვენ გუნდის ჩამოყალიბებისთვის და დაქვემდებარებული თანამშრომლების უკეთ გასაცნობად საუკეთესო ვარიანტებს გთავაზობთ — ეს კითხვები ადამიანებს დაფიქრებისკენ უბიძგებენ.
5. რა ხდის შენს ცხოვრებას განსაკუთრებულს?
თუ გსურს, ადამიანის შეხედულებები და არჩევანი შეისწავლო, მისი საყვარელი ნივთების, საქმიანობისა და ზოგადად პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციას უნდა ფლობდე. ამ კითხვების გამოყენება იდეალურია, როდესაც ადამიანს პირველად ხვდები ან ამა თუ იმ პიროვნების სამუშაო გუნდში ინტეგრირებას ცდილობ:
ჰკითხე, რა საჭმელი უყვარდა ბავშვობაში, რა სტილის მუსიკას უსმენს ყველაზე ხშირად, რა არის მისი საყვარელი ცნობილი ფრაზა, რით ერთობა თავისუფალ დროს, წელიწადის რომელი დრო უყვარს და რატომ, ყველაზე ნაკლებად რა სახის ტრანსპორტით მგზავრობა სიამოვნებს და ა.შ.
4. რა მოხდება, თუკი…?
ჰიპოთეტური კითხვები გეხმარება, ადამიანის პიროვნება შეისწავლო და მის მსოფლმხედველობას ჩაუღრმავდე. ამ კითხვების უმეტესობა ვრცელ პასუხებს მოითხოვს და ლოგიკურად, მათი დასმა პატარა ჯგუფებში ან ერთი-ერთზე დიალოგშია ხელსაყრელი:
ჰკითხე, როგორი წვეულების მოწყობას ისურვებდა; რას დახატავდა წარსული გამოცდილებიდან; რა ასაკში ისურვებდა დარჩენას; რას შეცვლიდა, ხვალ სამყაროს დასასრული რომ დგებოდეს; ვის აირჩევდა მენტორად; რა მოვლენის შემსწრე გახდებოდა; რის შესწავლას ისურვებდა; რა პროექტზე იმუშავებდა; რას გააკეთებდა, უკვდავი რომ ყოფილიყო; რომელ ცნობილ ადამიანთან შეხვედრას ისურვებდა; რაში დახარჯავდა ლატარიით მოგებულ თანხას; რა კითხვაზე ისურვებდა, პასუხი რომ ჰქონოდა (გარდა ცხოვრების აზრისა) და ა.შ.
3. პირადი კითხვები
პირადი კითხვებიც ადამიანის უკეთ გაცნობას ემსახურება და სასურველია, კერძო საუბრისას გამოიყენო.
ჰკითხე, რომელ კინო- ან როკვარსკვლავს ამსგავსებენ; სად ხედავს საკუთარ თავს ათი წლის შემდეგ; რას აკეთებს, როდესაც მოულოდნელად ნახევარსაათიანი თავისუფალი დრო გამოუჩნდება ხოლმე; რას დაარქმევდა საკუთარი ცხოვრების ავტობიოგრაფიას; რა მუსიკა მოუხდებოდა მის ცხოვრებას.
2. კითხვები წარსულის შესახებ
ადამიანის წარსული მისი ხასიათის სიღრმეების შესწავლასა და პიროვნების წარსულის გააზრებაში გვეხმარება. თუ მოსაუბრე განსაკუთრებულად პირად საუბარში ჩაითრიე, დარწმუნებული იყავი, რომ ნამდვილად გენდობა:
ჰკითხე, ჰქონია თუ არა ისეთ გამოცდილება, როდესაც ეგონა, მის თავს ცუდი რამ ხდებოდა, მაგრამ სამომავლოდ საუკეთესო შედეგები მოუტანა; რა ფილმზე ან ლიტერატურულ ნაწარმოებზე იტირა ბოლოს; რა იყო მის ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება; რა გამოცდილებამ გააძლიერა პიროვნულად ყველაზე მეტად; რა პრობლემები ჰქონდა გარდატეხის ასაკში; რა არის საუკეთესო ან ყველაზე ცუდი საჩუქარი, რაც კი ოდესმე მიუღია; რა ენატრება ბავშვობიდან ყველაზე მეტად; რა იყიდა პირველი ხელფასით; რაზე განერვიულდა ბოლო დროს; რა ისწავლა ღირებული წინა კვირას; რა ასაკში მიხვდა, რომ ზრდასრული იყო…
1. დაბოლოს, შემთხვევითი კითხვები
ასეთი კითხვები მაშინ გამოიყენება, როდესაც მოსაუბრეს რაღაც საკითხთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს უსვამ და მოულოდნელად მისი დაბნევა ან განიარაღება გინდა, სერიოზულად დასმულ კითხვაზე გულახდილი პასუხი რომ გაგცეს:
მაგალითად, შუა საუბრისას ყურადღება მოულოდნელად რომელიმე ნახატზე გაამახვილე და ჰკითხე — „როგორ ფიქრობ, რა ეღირება ეს ნახატი?“ ან „ხომ არ იცი, სად არის ჩვენი თანამშრომელი?“
თემები: სამსახური, კითხვები, გაცნობა, ახალი თანამშრომელი
წყარო: <a href="http://www.stumbleupon.com/su/A80Gvu/www.humorthatworks.com/how-to/50-questions-to-get-to-know-someone/?ref_src=fb">www.stumbleupon.com</a>