LIFE

თანამედროვე ნამდვილი ქართველები: ლელი ბლაგონრავოვა

თანამედროვე ნამდვილი ქართველები: ლელი ბლაგონრავოვა

ლელი ბლაგონრავოვა საქართველოში პირველი ქალი ფოტოგრაფია, რომელმაც 2008 წლის ომი გადაიღო, 10 წელის შემდეგ კი ამ დამსახურებისთვის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ის ასევე პირველი ქართველი ქალი ფოტოგრაფია, რომელმაც საერთაშორისო ჟურნალ COSMOPOLITAN-ისთვის ადგილობრივ რედაქციულ ფოტოსესიებზე იმუშავა, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნებში კი პრეზიდენტების პირად ფოტოგრაფებს შორის ერთადერთი ქალია. მოკლედ, ბევრ რამეშია პირველი და რაც მთავარია, საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას უკვე 10 წელზე მეტია, სტუდენტებს უზიარებს.

თანამედროვე ნამდვილი ქართველები: ლელი ბლაგონრავოვა

როგორც აღნიშნავს, გაუმართლა, რომ 1994 წელს, 14 წლის ასაკში ფოტოგრაფიის დარგი აღმოაჩინა: „ფოტოგრაფია ჩვენთან უფრო 2000 წლიდან გახდა აქტუალური პროფესია. 14 წლისა კი მივხვდი, რომ ის საქმე იყო, რაც არასოდეს მომბეზრდებოდა. არადა, ამ ხერხით ამბის თხრობა ძალიან მრავალმხრივი და საინტერესოა — სტუდიური მიმართულებით დაწყებული, ქუჩის ფოტოგრაფიით, პორტრეტით თუ დოკუმენტალისტიკით დასრულებული. დღეს, რაღაცნაირად, გამოწვევად მექცა, საკუთარი თავი ტონუსში მყავდეს, მუდმივად ახალი ვიყო, დროს არ ჩამოვრჩე და რეალობის აღქმა არ დავკარგო. მიუხედავად იმისა, რომ სტუდიაშიც ვიღებ, იქაც ვცდილობ, კონკრეტული მომენტი დავაფიქსირო, რომელიც 20 წლის შემდეგ უკვე ისტორიის ნაწილი იქნება“.

კარიერა

16 წლის იყო, როდესაც გაზეთ „7 დღეში“ მუშაობა დაიწყო. ფოტოებს იღებდა, თავადვე ამჟღავნებდა და ბეჭდავდა, შემდეგ — რედაქციაში მიჰქონდა. ყველაფერი ერთ დღეს შეიცვალა, როდესაც იმ დროს ძალიან იშვიათი და სანატრელი ნივთი — Canon-ის ფოტოაპარატი მაჩუქეს. „საერთოდ არ ვიცოდი, როგორ მუშაობდა. მექანიკურ ფოტოაპარატზე მუშაობას ვიყავი მიჩვეული. თუმცა, ახალი ტექნიკის შესწავლამ ჩემი კარიერა სრულიად შეცვალა: სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმში“ მიმიწვიეს და დაახლოებით 6 პროფესიონალ ფოტოგრაფთან ერთად დამასაქმეს. პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის და სხვა უამრავი მაღალი რანგის ჩინოსნების გადაღება გვიწევდა. ამ სამსახურმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, უნივერსალურ ფოტოგრაფად გავზრდილიყავი — სტუდიური სესიებით დაწყებული, რეკლამით დასრულებული, ყველაფრის კეთება გვიწევდა.

თანამედროვე ნამდვილი ქართველები: ლელი ბლაგონრავოვა

თუ სადმე ბომბი ჩამოვარდებოდა, ყველგან პირველები ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა სტრესულ სიტუაციებში მიწევდა, ჩემი ფოტოები ძალიან პრესტიჟულ, ექსკლუზიურ მასალას წარმოადგენდა, რაც ძალიან მახარებდა, თანაც „საქინფორმის“ ყველა ფოტოგრაფის ნამუშევარი შემდეგ ავტომატურად ისტორიის ნაწილი ხდებოდა — არქივში ინახებოდა. იქაურ პროფესიონალ ფოტოგრაფებზე დაკვირვებით უამრავი რამე ვისწავლე. მუდმივად შეუცნობელ საქმეს ვეჭიდებოდი, თუმცა ინსტინქტი მქონდა, კონკურენტუნარიანი გარემოც ზრდის კუთხით ყველას დადებითად წაგვადგა. სწორედ „საქინფორმში“ გამოვიმუშავე ფოტოგრაფისთვის აუცილებელი თვისებები: მნიშვნელობა არ აქვს, მდიდარი ხარ თუ ღარიბი, მანქანა გყავს თუ არა, თუ ფოტოგრაფობა გინდა, ნებისმიერ შემთხვევაში მძიმე შრომა მოგიწევს!“

პირველი პრეზიდენტი, რომლისთვისაც იმუშავა, შევარდნაძე იყო. „ერთხელ, უკრაინის რომელიღაც ტელევიზიასთან ინტერვიუ ჰქონდა, მე კი ამ პროცესს ვიღებდი. ძალიან ვნერვიულობდი, მოულოდნელად ზურგს უკან მისი პრეს-მდივანის — კახა იმნაძის ხმა რომ მომესმა: ბატონო ედუარდ, ახლა თქვენ ყველაზე მაგარი ფოტოგარფი გიღებთო. გამომხედა და მითხრა, ძალიან სასიამოვნოაო. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია იყო — იმ დროს ხომ პირველ პირებთან დღევანდელის მსგავსად მჭიდრო კომუნიკაცია არ ჰქონდათ“. „საქინფორმში“ მუშაობის პარალელურად თეატრალურ ინსტიტუტში კინომცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა და პირველი გამოფენაც მოაწყო.

თანამედროვე ნამდვილი ქართველები: ლელი ბლაგონრავოვა

2005 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ლექციების წასაკითხად მიიწვიეს. „სტუდენტებმა თავიანთი ინტერესებით ძალიან დიდი გამოცდილება მომცეს: სულ მინდოდა, ახალი თაობების პულსი მჭეროდა. საინტერესოა, რომ 10 წლის სრულიად განსხვავებული ინტერესები ჰქონდათ თუნდაც დოკუმენტური ფოტოგრაფიის მიმართულებით, ახლა კი უფრო მეტად თანამედორვე თხრობის მანერა გახდა აქტუალური… მეც მათ ინტერესებს მივყვები, მათთან ერთად ვიზრდები. ზოგადად, ფოტოგრაფიის „ოქროს ერა“ მე-2 მსოფლიო ომის დასრულებიდან დაახლოებით 1955 წლამდე იყო — იმ წლებში ამბის თხრობის მანერა ძალიან დახვეწილი და საინტერესო გახდა. დღეს უკვე ყველას აქვს საშუალება, გადაიღოს და ფოტოჟურნალისტი ერქვას, ტენდენციებს კი საერთაშორისო სააგენტოები და ფოტოფესტივალები ამკვიდრებენ“.

აგვისტოს ომი

ყველაფერი ჯერ კიდევ ომამდე, 7 ნოემბრის აჯანყებიდან დაიწყო. სამსახურში იყო, როდესაც ინციდენტის შესახებ ტელევიზორში გადმოსცეს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით და მაკიაჟით აპარატი აიღო და დაუფიქრებლად წავიდა გადასაღებად. „მივხვდი, რასაც სტუდენტებს ვასწავლიდი, იმის ნათელი მაგალითი თავად უნდა ვყოფილიყავი. ეს რომ არ გადამეღო, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი. შეიძლება ითქვას, ეს ნაბიჯი სწორედ სტუდენტებისთვის გადავდგი. შემდეგ ჩემი ფოტომასალით კლიპებიც ააწყვეს, რასაც მცირე უსიამოვნებები მოჰყვა, მაგრამ არ მინანია. მახსოვს, ერთ-ერთმა უცხოელმა სტუდენტმა მითხრა, სანამ თქვენს ლექციაზე მოვიდოდი, დაგ-google-ეთ, რომ მენახა, ვინ იყავითო — თავიდან მისმა ნათქვამმა გამაბრაზა, თუმცა მივხვდი, რომ მართალი იყო. უფლება გაქვს იცოდე, შენი ლექტორი რას წამოადგენს.

თანამედროვე ნამდვილი ქართველები: ლელი ბლაგონრავოვა

აგვისტოს ომი რომ დაიწყო, სამსახურის მძღოლს სთხოვა, გორში წაეყვანა. ტანსაცმელი არც გამოუცვლია, მანქანაში ისე ჩასხდნენ. „ყველა ფოტოჟურნალისტის სურვილია, ომი გადაიღოს. სულ გული მწყდებოდა, აფხაზეთის ომის დროს ძალიან პატარა რომ ვიყავი და იქ წასვლა ვერ შევძელი. 28 წლის ვიყავი, აგვისტოს ომს რომ შევესწარი: გორში 2 დღე დავრჩი — 8 და 9 აგვისტოს, თუმცა ამ დღეებმა ჩემი მთელი ცხოვრება შეცვალა. პრეს-ცენტრი პატარა შენობაში გვქონდა მოწყობილი, იატაკზე გვეძინა. ჩასვლისთანავე გამანადგურებლებმა გადმოიფრინეს და მაშინვე ბომბის დაცემის ადგილას გავიქეცით: ომის გადაღების წესი ასეთია — შედეგი, ბომბის ჩამოვარდნისას განვითარებული სიტუაცია უნდა აღწერო. შემდეგ, მთელი ღამე „ჭაღს“ ველოდებოდით — ცაში სპეციალურ მაშხალას უშვებენ, რომელიც მთელ ქალაქს ანათებს, შემდეგ კარგად რომ დაბომბონ.

იმ დროს ომის გადაღების არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მხოლოდ ლეგენდების დონეზე ვიცოდი, რა უნდა მექნა. ერთი მხრივ, იქ უამრავი რამე ვისწავლე, მეორე მხრივ — ცხოვრების 10 წელი დავკარგე: საკმაოდ არასასიამოვნო კადრები გადავიღე, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ეს ჩემი ვალდებულება იყო“.

თანამედროვე ნამდვილი ქართველები: ლელი ბლაგონრავოვა

პირველი იყო, ვინც ქართულ მედიასივრცეს ომის აკდრები გააცნო. „ქართველი ფოტოგრაფები სამნი ვიყავით: მე, გიორგი აბდალაძე და ზურა ქურციკიძე. ისინი სხვადასხვა სააგენტოს წარმოადგენდნენ, მე — დამოუკიდებელი ფოტოგრაფის სტატუსით ვმუშაობდი. როდესაც ქალბატონის ცნობილი კადრი გადავიღეთ, რომელიც შველას ითხოვს, თბილისში წამოვედით. ქართულ სააგენტოებს მთელი ჩემი მასალა სრულიად უსასყიდლოდ დავუგზავნე. შემდეგ, 3 დღე შოკურ მდგომარეობაში ვიყავი. ლოგინში ვიწექი და მაკანკალებდა. მახსოვს, სამთავრობო მანქანები მოდიოდნენ, ფოტოებს იწერდნენ და მიჰქონდათ, თუმცა ბუნდოვნად.“

ღირსების ორდენი

„აღიარების სურვილი ქვეცნობიერად ალბათ ყველას გვამოძრავებს. თუმცა რაც არ უნდა გააკეთო, სამწუხაროდ დრო გადის და აღარ ახსოვხარ. ბოლო პერიოდში ბევრი გამოფენა გაიმართა, ჩემი ფოტოები კი არ გამოუფენიათ. ომის შემდეგ თითქმის 10 წელი გავიდა…“

ღირსების ორდენი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოულოდნელ ვითარებაში გადასცა: დაჯილდოების ღონისძიებას იღებდა, უცბად მისი გვარიც გამოაცხადეს. „ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა, როდესაც ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო დაგაფასებენ. ეს ხომ პირდაპირი მნიშვნელობით ისევ ჩვენს საქმიანობაზე აისახება — უდიდეს სტმულს გვაძლევს, წინ წავიდეთ… დაჯილდოების შემდეგ ერთადერთმა ფოტოგრფმა — გია ჩხატარაშვილმა მითხრა: შენი ჯილდო ყოველი ჩვენგანის ჯილდოაო. სამწუხაროდ, ფოტოგრაფია ჯერ კიდევ ძალიან დაუფასებელია“.

თანამედროვე ნამდვილი ქართველები: ლელი ბლაგონრავოვა

პრეზიდენტის ფოტოგრაფი

4 წელია, რაც პრეზიდენტ მარგევლაშვილის პირადი ფოტოგრაფია. როდესაც ეს პოზიცია შესთავაზეს, გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა: წლინახევრის შვილი ჰყავდა და იაზრებდა, რომ სამსახური უდიდეს დროს და რესურსს მოითხოვდა. საბოლოოდ, ოჯახის წევრების მხარდაწერით დათანხმდა.

„საინტერესო ადამიანებით და ღონისძიებებით სავსე დატვირთული 4 წელი გავიარე, ისეთ სიტუაციებში მოვხვდი, სადაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვერ აღმოვჩნდებოდი. პრეზიდენტების პირად ფოტოგრაფებს შორის ძალიან ცოტანი ვართ ქალები — მაგალითად, ერთხელ თურქმენეთის სამიტზე მოვხვდი, სადც 150 ჟურნალისტს შორის ერთადერთი ქალი ვიყავი. ეს საქმიანობა უდიდეს შრომას და ენერგიას მოითხოვს — ფოტოგრაფიის გარდა, ჟურნალისტური გამოცდილებაც საჭიროა, რადგან ხშირად რეპორტიორის საქმიანობის შეთავსებაც გვიწევს“.

თანამედროვე ნამდვილი ქართველები: ლელი ბლაგონრავოვა

მოდა

2008 წელს საერთაშორისო ბრენდ COSMOPOLITAN-ში ფოტორედაქტორის პოზიცია დაიკავა და პირველი ქართველი ქალი ფოტოგრაფი აღმოჩნდა, რომელმაც მოდის საერთაშორისო ჟურნალისთვის რედაქციული ფოტოსესიები გადაიღო.

„პრიალა ჟურნალები 1996 წელს, ავსტრიაში, კინოფესტივალზე ყოფნისას აღმოვაჩინე. მას შემდეგ, ჟურნალებს დღემდე ვაგროვებ, სხვადასხვა ქვეყანის გამოცემების უდიდესი ბიბლიოთეკა მაქვს, რომელსაც ცოცხალი არსებასავით ვუვლი. სამწუხაროდ, საქართველოში მოდის ფოტოგრაფიის კუთხით განათლების მიღება დღემდე შეუძლებელია, მაშინაც ჩემი ერთადერთი მასწავლებელი სწორედ პრიალა ჟურნალები იყო — ვაკვირდებოდი, როგორ იყო დაყენებული განათება, საიდან ეცემოდა შუქი, როგორ აწყობდნენ კომპოზიციებს და ვცდილობდი, ტექნიკა დამეხვეწა.

2000 წელს საქართველოში დიზაინერების კონკურს „რუსკი სილუეტის“ შესარჩევი კონკურსი გაიმართა, სადაც ნინო ჩუბინიშვილმა გაიმარჯვა. ჩემთვის მისი ჩვენება „შერატონ მეტეხი პალასში“ მართლაც კულტურული შოკი იყო. მასინ ჯერ კიდევ „საქინფორმში“ ვმუშაობდი. შემდეგ პანკისში მაკა ასათიანის ჩვენება მოეწყო, ის კადებიც დღემდე შენახული მაქვს… ჩემი მოდისადმი სიყვარული სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება, წლებთან ერთად იზრდება და ძლიერდება“.

თანამედროვე ნამდვილი ქართველები: ლელი ბლაგონრავოვა

ამ ეტაპზე რედაქციულ ფოტოსესიებზე ფოკუსირდება, თავად მუშაობს კონცეფციაზე და მიზანსცენებზე. „დიზაინერმა კოლექცია უნდა მანდოს. მიხარია, რომ ამას ვახერხებ — ეს ის თავისუფლებაა, რაც სულ მინდოდა, ფოტოგრაფიაში მქონოდა; მეორე მხრივ კი უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ჩემთვის მოდა კომუნიკაციაა — ძალიან მაგარია, როდესაც შენს ხედვას ენდობიან. ვცდილობ, სულ ახალი ვიყო, ჩემ მიერ შექმნილი ვიზუალი არ დაძველდებს“.

სტუდენტებს მხოლოდ და მხოლოდ შრომას ურჩევს — გადაიღონ ყოველდღიურად. პირველი დავალება იმის გარჩევაა, რა მოსწონთ და რა — არა. „მნიშვნელოვანია, იმას მიხვდე, შენ რა მოგწონს და არა იმას, სხვებს რა მიაჩნიათ კარგად. ალბათ, თავს მოვიკლავ, ჩემს ნამუშევრებზე რომ თქვან, ნახეთ, რა კარგია, თანაც როგორ ჰგავს რომელიმე ცნობილი ფოტოგრაფის ნამუშევრებსო… ინდივიდუალიზმი ჩვენს შემოქმედებაში წიგნებიდან და ლიტერატურიდან მოდის. სტუდენტებს ყოველთვის ვურჩევ, დიდი რაოდენობით ვიზუალური ინფორმაცია მიიღონ — კინო, გამოფენები და ა.შ. ეს ჩვენს წარმოსახავას ზრდის. თუმცა, ამავდროულად მუდმივად ვახსენებ, არასოდეს მიჰბაძონ სხვას“.

ირლანდიური ვისკის — Tullamore D.E.W.-ის სახელი ქარიზმატულ პერსონას — დანიელ უილიამსს (Daniel E. Williams) უკავშირდება: პირველად მან დაიწყო ფიქრი სასმელის უნიკალურ ხასიათზე. 1829 წელს, ირლანდიის სოფელ ოფელიში მდებარე Tullamore-ის დისტილერიაში ყველაზე დაბალი რანგის მუშის პოზიციაზე დასაქმდა, თუმცა მალე წარმოების მფლობელი და უნიკალური გემოს შემქმნელი გახდა. მას შემდეგ, Tullamore-ს დანიელის ინიციალები ამშვენებს და მას ყველაზე შემოქმედებითი ადამიანები მიირთმევენ. Tullamore D.E.W.-ის წლევანდელი გამოწვევა სწორედ დანიელ უილიამსის მსგავსი არასტანდარტულად მოაზროვნე ქართველების ისტორიებია…

ინტერვიუს პარტნიორი ლოკაცია: სასტუმრო „გრუვი“, რესტორანი „კიპარისი“

თანამედროვე ნამდვილი ქართველები: ლელი ბლაგონრავოვა