საშვილოსნოს ყელის კიბო, არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება ქალებში და იკავებს მეორე ადგილს ძუძუს კიბოს შემდეგ, როგორც ავადობის, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლებით. ყოველწლიურად მსოფლიოში 450 000 ქალი ავადდება საშვილოსნოს ყელის კიბოთი და მათი 80% განვითარებადი ქვეყნების მაცხოვრებელია.
ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი პაპილომავირუსია, რომელიც სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს მიეკუთვნება. პაციენტთა უმეტეს ნაწილში იგი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ამჟამად იდენტიფიცირებულია HP პაპილომა ვირუსის 100-მდე ტიპი, ანსხვავებენ HPპაპილომა ვირუსის მაღალ და დაბალ ონკოგენურ ტიპებს. დაბალ ონკოგენურ ტიპებს მიეკუთვნება : 6, 11, 42, 43, 44 53, 54, 61, 72, 73, და 81 შტამი, რომლებიც იწვევენ გენიტალურ კონდილომებს. მაღალ ონკოგენურ ტიპებს მიეკუთვნება 13 ტიპი - 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 66, 68. მათ შორის ყველაზე უფრო ონკო აგრესიულია მე-16 და მე-18 ტიპები. რომელთა ხანგრძლივი პერსისტენციის დროს შესაძლოა განვითარდეს CIN1, CIN2, CIN3 და საშვილოსნოს ყელის კიბო.
საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ ეფექტური ინტერვენცია სკრინინგია.
განვითარებულ ქვეყნებში PAP ტესტის სკრინინგის აქტიურად დანერგვის შედეგად საშვილოსნოს ყელის კარცინომით დაავადებულ ქალთა სიკვდილიანობა შემცირდა (აშშ-ში 70%-ით, სკანდინავიის ქვეყნებში 80%-ით, ფინეთში _ 50%-ით და ა.შ.).
საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების სრულყოფილი დიაგნოსტიკისათვის სასურველია ჩატარდეს PAP ტესტი და HPV დნმ ტესტი ერთდროულად (ე.წ. კო- ტესტი), თუმცაღა, რიგ შემთხვევებში, დამატებით, შესაძლოა საჭირო გახდეს კოლპოსკოპიური კვლევაც (დამიზნებითი ბიოფსიით).
PAP ტესტის აღება მაქსიმალურად ინფორმაციულია 28 დღიანი ციკლის დროს, ციკლის მე-8-21 დღეებს შორის ინტერვალში. გასათვალისწინებელია რომ მასალის აღებამდე 4-5 დღით ადრე ადგილი არ უნდა ჰქონდეს სქესობრივ აქტს, არ უნდა იყოს გამოყენებული საშოსმხრივი სანთლები და საშოს სანაცია.
PAP ტეტსის სკრინინგი სასურველია ჩატარდეს რეგულარულად სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 1 წლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვლინდება პათოლოგიური ცვლილებები, ტესტის განმეორება რეკომენდირებულია 2-3 წლიანი შუალედებით. ხოლო, ერთდროულად ჩატარებული PAP ტესტის და HPV დნმ ტესტის - ნორმალური მონაცემების შემთხვევაში, შესაძლებელია 5 წლიან შუალედზე გადასვლა. მუდმივად ნორმის ფარგლებში არსებული ციტოლოგიური სურათის შემთხვევაში, 65 წლის ასაკიდან პაციენტის სკრინინგიდან მოხსნაც შესაძლებელია.
დაბალი ხარისხის დაზიანება (CIN1) შემთხვევათა 60%-ში, უკუგანვითარებას განიცდის, პროგრესირებს 30%, მათგან CIN 3-მდე 10%, ხოლო ინვაზიურ კიბომდე - მხოლოდ 1%.
რაც შეეხება მაღალი ხარისხის დაზიანებას - CIN 2 უკუგანვითარებას განიცდის დაახლოებით 40%-ში, 5%-ში - კი, პროგრესირებს ინვაზიურ კიბომდე.
CIN 3 რეგრესირებს 33%- ში , ინვაზიურ კიბოში კი გადადის > 12 %.
მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე, ქალის ასაკზე, რისკ ფაქტორებზე, ასევე გეგმავს თუ არა ქალი შვილოსნობას.
პაპილომა ვირუსით დაინფიცირების რისკს ამცირებს:
• ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობის ამაღლებას სხვადასხვა დაავადებებისა და ინფექციების წინააღმდეგ;
• უსაფრთხო სექსი (კონდომის გამოყენება) - თუმცა დაინფიცირება კანიდან და გენიტალიების ირგვლივ არიდანაც არის შესაძლებელი.
• უარი თამბაქოზე - მწეველობა იმუნიტეტს აქვეითებს; მაღალი იმუნიტეტის მქონე პირებს კი აქვს პაპილომა ვირუსის ორგანიზმიდან განდევნის, ე.წ. „თვითგაწმენდის“ უნარი.
• ვაქცინაცია - უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას მაღალი რისკის მქონე ორი ტიპის (მე-16 და მე-18) პაპილომავირუსისაგან, რომელიც 70%-ში იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას.
http://medison.ge/ka
https://www.facebook.com/medisonholding/?fref=ts
მის: კალოუბნის ქ. 12
ტელ: 247 06 06
ელ.ფოსტა: varketili@medison.
თემები: თავის მოვლა, ჯანმრთელობა, ქალები, რჩევები, ვირუსები, პაპილომა
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია