კვლევის თანახმად, სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელი ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს და აბსოლუტურად სხვადასხვაგვარ განწყობაზე აყენებს.

კვლევა ონლაინ გამოკითხვის საშუალებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა21 ქვეყნიდან 30 000-მა ადამიანმა მიიღო. კვლევაში ჩართულ ადამიანთა ასაკი 18-დან 34 წლამდე მერყეობდა. კვლევის მიზანი იყო გარკვევა იმისა, თუ რა ემოციებს იწვევს ადამიანში სხვადასხვა სახის ალკოჰოლის მიღება.

კვლევამ აჩვენა, რომ სპირტის მაღალი შემცველობის სასმელი ნეგატიურ ემოციებს იწვევს, ადამიანს ხდის აგრესიულს და მოწყენილს. მხოლოდ 20-მა %-მა თქვა, რომ სპირტიანი სასმელის მიღება მისთვის განტვირთვის საშუალება იყო.

„რომი, ჯინი, არაყი და სხვა სპირტიანი სასმელები წლების განმავლობაში ადამიანს აგრესიულს ხდიდა და ძალადობისკენ უბიძგებდა, თუმცა აქამდე ეს მეცნიერულად დადასტურებული არ იყო. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სპირტიანი სასმელი ადამიანს ხდის აგრესიულს“, - ამბობს კვლევის თანაავტორი მარკ ბელისი.

ამასთანავე, კვლევამ აჩვენა ასევე ისიც, რომ სპირტიანი სასმელი, განსხვავებით ღვინისგან და ლუდისგან, ადამიანს ბედნიერების შეგრძნების უნარს ართმევს. კვლევაში ჩართულთა ნახევარზე მეტი ამბობდა, რომ არყის მიღების შემდეგ ისინი თავდაჯერებულობას და ენერგიის მოზღვავებას გრძნობდნენ. გამოკითხულთა შორის, 10-დან 4 კი ამბობდა, რომ ამ სასმელის მიღების შემდეგ თავს უფრო სექსუალურად გრძნობდა.

რაც შეეხება წითელ ღვინოს, ის დაკავშირებულია განტვირთვასთან. გამოკითხულთა 53% ამბობს, რომ წითელიღვინის მიღების შემდეგ თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობს. განტვირთვის კუთხით საუკეთესო საშუალებებს შორის გამოკითხულებმა პირველი ადგილი წითელ ღვინოს მიანიჭეს, ხოლო მეორე ადგილზე ლუდი გავიდა.