ჯანმრთელობა

6 რჩევა, თუ როგორ დავიცვათ თავი ალერგიებისგან ზამთრის კურორტებზე

6 რჩევა, თუ როგორ დავიცვათ თავი ალერგიებისგან ზამთრის კურორტებზე

TREND-ი ალერგიით და ასთმით დაავადებულ ბავშვებს და მოზრდილებს ურჩევს, ზამთრის კურორტზე დასვენების დროს დაავადებების მოულოდნელი გამწვავება თავიდან აიცილონ და სპეციალისტების რამდენიმე რეკომენდაცია გათვალისწინონ. წაიკითხე ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგის - ნანუკა მგალობლიშვილის რჩევები და გაატარე ზამთრის არდადეგები მშვიდად!

თუ თქვენი დიაგნოზია ასთმა ან ალერგია, მნიშვნელოვანია იცოდეთ:

სად გადის ზღვარი სასარგებლოსა და სახიფათოს შორის ზამთრის მაღალმთიან კურორტებზე დასვენებისას;

როგორ ზემოქმედებენ ასთმის და ალერგიის განვითარების გამომწვევი ან მაპროვოცირებელი რისკფაქტორები/ტრიგერები აღნიშნულ გარემოში.

1. ოთახის მტვრის ტკიპები

მტვრის ტკიპები, ე.წ. „კარშიდა“ ალერგიის გამომწვევი ნაწილაკებია — თვალით უხილავი მიკროსკოპული ორგანიზმები, რომლებიც დახურულ სივრცეებში ჩნდება. ალერგიული ადამიანების უმრავლესობა მათ მიმართ მგრძნობიარეა: ოთახის მტვრის ტკიპებთან კონტაქტმა შესაძლებელია ასთმის შეტევის განვითარება ან ალერგიული რინიტის/ატოპიური დერმატიტის გამწვავება გამოიწვიოს.

 მტვრის ტკიპები, ზოგადად, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე ზემოთ არსებულ გარემოში თითქმის აღარაა დაფიქსირებული და მაღალიმთიან კურორტებზე მათი ზემოქმედების შედეგად ალერგიული დაავადებების გამწვავების რისკიც მაქსიმალურად შემცირებულია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, საცხოვრებელი ბინის ინტერიერიც სათანადოდ შეაფასო.

6 რჩევა, თუ როგორ დავიცვათ თავი ალერგიებისგან ზამთრის კურორტებზე

ალერგოლოგის რჩევები:

  • მოაშორეთ საცხოვრებელი ბინიდან მტვრის ტკიპების გავრცელების რეზერვუარები: რბილი იატაკი, კედლის ხალიჩა, სქელი ფარდა, ქსოვილით დაფარული რბილი ავეჯი, მატყლის ლოგინი.
  • კურორტზე წასვლისას იქონიეთ და ლეიბებსა და ბალიშებზე გადასაფარებელი მტვრის ტკიპების შემაკავებელი სპეციალური ქსოვილები და ჰიპოალერგიული ბალიში.
  • სასურველია ფანჯრებს ჩამოაფაროთ თხელი, ვინილის, რეცხვის ამტანი ფარდა ან ჟალუზი.
  • ოთახის ტენიანობა 50%-ზე ნაკლები უნდა იყოს.
  • ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ოთახი და დაალაგეთ სველი წესით — კვირაში ერთხელ HEPA-ფილტრიანი მტვერსასრუტის გამოყენებას გირჩევთ.



2. პოლუტანტები

პოლუტანტები ჰაერში არსებული მავნე ნაწილაკები, თამბაქოს კვამლი, მანქანების და ქარხნების გამონაბოლქვი, სარემონტო მასალებსა და საწმენდ საშუალებებში არსებული ფორმალდეჰიდი და აქროლადი ორგანული ნაერთებია, რომლებიც სასუნთქი გზების ანთებას, შეშუპებას და სუნთქვის გაძნელებას იწვევს. მაღალმთიან კურორტებზე ჰაერში პოლუტანტების შემცველობა მინიმალურია, ამიტომაც ასთმის კონტროლისთვის საკუეთესო პირობა გაქვს.

 

6 რჩევა, თუ როგორ დავიცვათ თავი ალერგიებისგან ზამთრის კურორტებზე

ალერგოლოგის რჩევა:

  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი გარემო და უარი თქვით როგორც აქტიურ, ასევე პასიურ მწეველობაზე: სასტუმროში არამწეველთათვის განკუთვნილი ოთახი აირჩიეთ და ნუ დაბინავდებით ახალგარემონტებულ საცხოვრებელში.


3. ფიზიკური დატვირთვა

სამთო-სათხილამურო კურორტზე თხილამურით, ციგით, თოვლის დაფით ყინულზე სრიალი და სხვა ფიზიკური დატვირთვა საგრძნობლად ზრდის ასთმის გამწვავების რისკებს, გასაკუთრებით კი მაღალ მთაში, სადაც დაბალი ატმოსფერული წნევა და გაიშვიათებული ჟანგბადია. ამ დროს ასთმით დაავადებულების უმეტესობას სუნთქვის პრობლემები და ბრონქოსპაზმი ექმნება, ფიზიკური დატვირთვიდან 5-20 წუთის განმავლობაში. ეს სიმპტომები ხიხინის, ხველის, გულმკერდის შებოჭილობის, ქოშინის და იშვიათად გულმკერდის არეში ტკივილის სახითაა წარმოდგენილი.

თუმცა თანამედროვე მეთოდების დამსახურებით, თუ პაციენტის ასთმა მკურნალობას კარგად ემორჩილება, ფიზიკური დატვირთვა პრობლემას აღარ წარმოადგენს, მეტიც — ვარჯიში და სასუნთქი კუნთების გამაგრება პაციენტების ჯანმრთელობის აუცილებელი პირობაა. საინტერესოა, რომ გასული წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონების 6 % ასთმის დიაგნოზის მქონე სპორტსმენები არიან.

6 რჩევა, თუ როგორ დავიცვათ თავი ალერგიებისგან ზამთრის კურორტებზე


ალერგოლოგის რჩევა:

  • ზამთრის კურორტზე გამგზავრების წინ ალერგოლოგთან კონსულტაცია გაიარეთ — დარწმუნდით, რომ მიმდინარე თერაპიის ფონზე თქვენი ან თქვენი შვილის ასთმა ოპტიმალურად კონტროლირებულია. თუ გსურთ, ორგანიზმმა ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა მოგცეთ, ალერგოლოგის დანიშნულება ზედმიწევნით შეასრულეთ.
  • სპორტული აქტივობის წინ 5-10 წუთით ადრე სწრაფი შვების ინჰალატორის 1-2 დამატებითი დოზა მიიღეთ.
  • მუდამ თან იქონიეთ სწრაფი შვების ინჰალატორი და ეცადეთ თბილ ადგილას შეინახოთ — მაგალითად, შიდა ჯიბეში, რადგან დაბალ ტემპერატურაზე მისი მოქმედება სუსტდება.
  • ვარჯიშის დაწყებამდე ნელ-ნელა გახურდით.
  • სპორტული აქტივობა დღის ყველაზე თბილ მონკვეთში განახორციელეთ.
  • იმისათვის, რომ ცივი ჰაერის შესუნთქვას მოერიდოთ, პირის და ცხვირის არე ნიღბით ან შარფით დაიფარეთ.

4. ცივი ჰაერი

ასთმის და ალერგიის მქონე პაციენტების ნაწილი დაბალი ტემპერატურის და მშრალი ჰაერის პირობებში მგრძნობიარე ხდება. ასთმით დაავადებული პაციენტების 70 %-ს პრობლემა სიცივეში ვარჯიშისას უმწვავდებათ: ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, ჰაერი ცხვირის ღრუში თბება და ტენიანდება, თუმცა თუ პაციენტს ცხვირი გაეჭედა ან ფიზიკური აქტივობითაა დაკავებული, პირით სუნთქვას იწყებს და ცივი, მშრალი ჰაერიც ქვედა სასუნთქ გზებში პირდაპირი გზით აღწევს. ეს კი ასთმის სიმპტომების გამწვავებას იწვევს. სიცივე კანის ზედაპირსაც აზიანებს, რაც კანის გამოშრობით, სიწითლით და ქავილით გამოიხატება; მეორე მხრივ, შესაძლებელია პაციენტს დაბალი ტემპერატურით გამოწვეული ურტიკარია განუვითარდეს, ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყრით, ქავილით, ზოგჯერ კი სახის ნაწილების, მტევნებისა და ტერფების შეშუპებით.

 

6 რჩევა, თუ როგორ დავიცვათ თავი ალერგიებისგან ზამთრის კურორტებზე

ალერგოლოგის რჩევა:

  • ჩაიცვით თბილად, ყოველთვის თან გქონდეთ ხელთთმანები და ქუდი
  • პირის და ცხვირის არე შარფით დაიფარეთ
  • ფიზიკური აქტივობის დაწყებამდე 5-10 წუთით ადრე გახურდით და დასრულებისთვისაც ეტაპობრივად შეამცირეთ დატვირთვა.
  • გამოიყენეთ კანის დამატენიანებელი საშუალებები
  • შენობებში გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი საშუალებები


5. კვებითი ალერგენები

თუ შენ ან შენს პატარას კვებითი ალერგია გაქვთ, დასვენების დროს კერძო საკვებ ობიექტებზე ვიზიტი სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს. ორგანიზმში ალერგიული რეაქცია კვებითი ალერგენის მიღების, შეხების, ან შესუნთქვის შემდეგაც ვითარდება, მისი ხანგრძლივობა 5 წუთიდან 1 საათამდე მერყეობს და ყველაზე მოკლევადიანი ინტერვალითაც კი შესაძლებელია, სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს.

6 რჩევა, თუ როგორ დავიცვათ თავი ალერგიებისგან ზამთრის კურორტებზე

 
ალერგოლოგის რჩევა:

  • ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ საკვების შემადგენელი ინგრედიენტების ჩამონათვალი
  • კვების ობიექტზე ვიზიტისას, ჰიპოალერგიული მენიუ მოითხოვეთ და მომსახურე პერსონალს დიაგნოზის შესახებ აცნობეთ.
  • გაითვალისწინეთ ჯვარედინი კონტაქტის გზაც: კვების კერძო ობიექტებზე არაალერგიული საკვებისთვისაც ხომ სამზარეულოს საერთო ჭურჭელს იყენებენ.
  • თუ თქვენ ან თქვენი შვილი საკვებზე სერიოზული ალერგიული რეაქციის განვითარების რისკის მატარებელი ხართ, მუდამ თან ატარეთ ექიმის მიერ გამოწერილი ადრენალინის აუტოინექტორი (მედიკამენტი, რომელიც დაგიცავთ სიცოცხლისთვის სახიფათო სიმპტომების განვითარებისგან).

6. მზე

მთაში აქტიური დასვენებისას, მზის ულტრაიისფერ სხივებზე შესაძლოა მზის ალერგია განვითარდეს, რაც ფოტოდერმატიტის სახით ვლინდება: ტანსაცმლისგან დაუფარავ კანზე სხვადასხვა ფორმის და ზომის ლაქოვანი ან წვრილბუშტუკოვანი ელემენტები ვითარდება, ზოგჯერ კი პაციენტებს ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი აღენიშნებათ.



6 რჩევა, თუ როგორ დავიცვათ თავი ალერგიებისგან ზამთრის კურორტებზე

ალერგოლოგის რჩევა:

  • მოერიდეთ მთაში მზის მიფიცხებას, განსაკუთრებით 12-იდან 15 საათამდე, ზამთრის დღეებშიც კი. ზამთრის დღეებში.
  • გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები მაღალი ფილტრით — SPF 50 და მეტი. დამცავი კრემი მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე წაისვით და მზეზე ხანგრძლივი ყოფნისას ყოველ 2 საათში დაიმატეთ.
  • ყოველთვის თან ატარეთ მზის ქუდი და სათვალე.
  • განსაკუთრებით მოერიდეთ მზის სხივებს, თუ ანტიბიოტიკებს, ორალურ კონტრაცეფტივებს ან ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს იღებთ, რადგან ისინი მზის ალერგიის განვითარების რისკს ზრდის.
  • ალერგიული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში სპეციალისტს მიმართეთ, იმისათვის, რომ მზეზე განვითარებული რეაქციის კონკრეტული ტიპი დადგინდეს — მზის ალერგია, მზის დამწვრობა ან მზის დაკვრა — და მკურნალობის შესაბამისი კურსი დაიგეგმოს.

და ბოლოს: დაისვენეთ სასიამოვნოდ და აქტიურად, თქვენი სურვილების და ფიზიკური შესაძლებლობების ბალანსირების გათვალისწინებით!


ალერგიისა და იმუნულოგიის ცენტრი

მის: 2/6 ლუბლიანას ქუჩა, თბილისი

ტელ: 0322 52 05 33