მრავალფეროვანი საკვების დაგემოვნება სასიამოვნო პროცესია ადამიანთა უმეტესობისთვის, თუმცა საკვები შეიძლება ალერგიული რეაქციის გამომწვევი გახდეს, კვებით ალერგიას კი, შესაძლოა საკმაოდ საშიში გამწვავება მოჰყვეს. TREND და ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგი ნანუკა მგალობლიშვილი, გაგაცნობთ მნიშვნელოვან ინფორმაციას კვებით ალერგიებზე.
ზოგადი ინფორმაცია:
- კვებითი ალერგია ვლინდება მოსახლეობის 1-5 %- ში. ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგია, ბავშვთა ასაკშია, ყოველი 13 ბავშვიდან ერთს კვებითი ალერგია აქვს.
- კვებითი ალერგია შესაძლებელია იყოს ისეთი დაავადებების საწყისი ეტაპი, როგორიცაა: ატოპიური დერმატიტი, ალერგიული რინიტი, ასთმა.
- კვებითი ალერგიის დროს, ადამიანის იმუნური სისტემა შეცდომით ებრძვის უვნებელ საკვებს, ორგანიზმის მცდარი რეაქციების შედეგია კვებითი ალერგიის სხვადასხვა გამოვლინება - ეს შეიძლება იყოს მსუბუქი სიმპტომები ან რთული, სიცოცხლისთვის სახიფათო რეაქცია - ანაფილაქსია.
- ალერგიული რეაქციების ყველაზე სერიოზული ფორმაა - ანაფილაქსია. იგი ვლინდება სიცოცხლისთვის სახიფათო ნიშნებისა და სიმპტომების ერთობლიობით: სუნთქვის გაძნელებით, ყელის და/ან ენის შეშუპებით, გულისცემის გახშირებით, წნევის ვარდნით და მძიმე შემთხვევაში გულის გაჩერებით. მყისიერი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე ანფილაქსია შესაძლოა დასრულდეს ფატალურად.
გამოვლინებები:
- კანზე - ქავილი, სიწითლე, ურტიკარია (ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი, კანის ზედაპირიდან ამოწეული გამონაყარი), ან შეშუპება სახისა და კიდურების არეში.
თვალების - ქავილი, ცრემლდენა, სიწითლე, ან შეშუპება - ცხვირისა და პირის არე - ცემინება, სურდო, ცხვირის გაჭედვა, ენის შეშუპება, მეტალის გემო.
- ფილტვები და ყელი - სუნთქვის გაძნელება, სპაზმური ხველა, გულმკერდის შებოჭილობა, მსტვინავი სუნთქვა, ყელის შეშუპება და ქავილი, ხმის შეცვლა, ხუთვა
- საჭმლის მომნელებელი სისტემა - გულისრევა, ღებინება, ტკივილი ან სპაზმი მუცლის არეში, დიარეა.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემა – თავბრუსხვევა, სისუსტე, გულის წასვლა, გულისცემის გახშირება, ან შენელება, წნევის დაქვეითება.
კვებითი ალერგია თუ აუტანლობა:
ხშირად ადამიანებს ერთმანეთში ერევათ კვებითი ალერგია და კვებითი აუტანლობა, რაც საკვების მონელების პრობლემაა და ვლინდება: მუცლის ტკივილით, შებერილობით, გულისრევით, ღებინებით, ან დიარეით. კვებითი ალერგიისგან განსხვავებებით აუტანლობის დროს: ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია მოინელოს განსაზღვრული ნივთიერებები, მაგ: რძის ნახშირწყალი ლაქტოზა.
„დიდი რვიანი“:
კვებითი ალერგია შესაძლებელია გამოიწვიოს 120-ზე მეტმა ცილოვანმა კომპონენტმა, მაგრამ მათგან ყველაზე გავრცელებულია 8 კვებითი ალერგენი: ძროხის რძე, კვერცხი, ხორბალი, სოიო, არახისი, თხილეული, თევზი, ზღვის პროდუქტები (მოლუსკები და კიბოსნაირები)
როგორ ვმართოთ კვებითი ალერგია:
- კვებითი ალერგიის მართვის უმთავრესი და აუცილებელი პრინციპია ალერგენის სრული ამოღება რაციონიდან - ე.წ. ელიმინაციური დიეტა, რომლის შესრულება საკმაოდ რთული პროცესია განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ზუსტი დიაგნოსტიკა.
- ალერგიის რისკის მქონე პაციენტი ვალდებულია მუდამ თან ატაროს ექიმის მიერ გამოწერილი ადრენალინის აუტოინექტორი _ მედიკამენტი, რომელიც დაგიცავთ სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომების განვითარებისგან.
- მნიშვნელოვანი რჩევები:
- ყურადღებით წაიკითხეთ შეფუთული პროდუქტის ეტიკეტი.
- კვების ობიექტებზე ვიზიტისას მოითხოვეთ ჰიპოალერგიული მენიუ ან მომსახურე პერსონალს აცნობეთ თქვენი ალერგიის შესახებ.
- ყოველთვის დაწვრილებით გამოიკითხეთ საკვების შემადგენელი თითოეული ინგრედიენტი, როგორც ძირითადი კერძის, ასევე სოუსების, ტკბილეულისა და სასმელის, განსაკუთებით კვების ობიექტებსა თუ ოჯახებში სტუმრობის დროს.
- გაითვალისწინეთ ჯვარედინი კონტაქის რისკიც თქვენთის ალერგიული და არაალერგიული საკვების საერთო ჭურჭელში მომზადებისას.
- მუდამ თან ატარეთ ალერგოლოგის მიერ გამოწერილი ადრენალინის აუტოინექტორი.
- მისი გამოყენება ასწავლეთ ოჯახისა და ახლო გარემოცვის წევრებს. სერიოზული ალერგიული სიმტომების დაწყებისთანავე გაიკეთეთ ადრენალინის აუტოინეტორი, არ დაელოდოთ სიმპტომების უკუგანვითარებას.
- გახსოვდეთ, რომ კვებითი ალერგიის სიმპტომების განვითარების საუკეთესო „ანტიდოტი“ ალერგენის ზუსტი გამოვლენა, დიეტა, ალერგოლოგთან მუდმივი კონტაქტი, პაციენტის განათლება და სახიფათო რეაქციის წინააღმდეგ მყისიერი მოქმედებისთვის მზადყოფნაა.
FB: https://web.facebook.com/allergycentergeorgia/
ტელ: 0322 52 05 33
მის: 2/6 ლუბლიანას ქ. თბილისი
თემები: ჯანმრთელობა, რჩევები, ალერგია, ალერგიის ცენტრი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია