ჯერ კიდევ სკოლაში გვასწავლიდნენ „პარაზიტი სიტყვების“ ლექსიკიდან ამოღებას, ჰარვარდისა და პენსილვანიის ლინგვისტები კი კიდევ უფრო მნიშვნელოვან აღმოჩენას აკეთებენ: ირკვევა, რომ საუბრის მანერით ადამიანები თავდაჯერებულობის ნაკლებობას და დაბალ თვითშეფასებას ავლენენ.
დაბალი თვითშეფასება, ადრე თუ გვიან, გარშემომყოფებისთვის შესამჩნევი ხდება: საქმე ისაა, რომ მერყევი ადამიანი, რომელიც თავს დაუცველად გრძნობს, საუბრისას გარკვეულ ლინგვისტურ „ნიშნებს“ ავლენს და სრულფასოვანი, გაწონასწორებული ადამიანის იმიჯს ანადგურებს. ამიტომაც საზოგადოებაში დამკვიდრებისთვის ფსიქოლოგები ლინგვისტური მანერის დახვეწას, ანუ მეტყველებაზე მუშაობას გვირჩევენ. უპირველესად უნდა იცოდე, რომ დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანს ყველაზე მარტივად საკუთარი თავის ქება გაყიდის. მკვლევარები აცხადებენ, რომ გარკვეული სოციალური ჯგუფის ნაკლებად ცნობილი ადამიანები უფრო მეტად უსვამენ ხაზს ამ ჯგუფისადმი კუთვნილებას, ვიდრე მოცემული სოციუმის გავლენიანი ფიგურები.
ერთ-ერთი კვლევა მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებში ჩატარდა, რომელთა ერთი ნაწილი სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობდა, მეორე კი – სადოქტორო პროგრამებს. გამოსაკვლევი სტუდენტების ორივე ჯგუფი უმაღლესი განათლების დაწესებულებაში ირიცხებოდა, თუმცა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სამაგისტრო კურსის სტუდენტები ნაკლებად იყვნენ საგანმანათლებლო სტატუსში დაჯერებული და საუბრისას უფრო ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდნენ.
ანალოგიური აღმოჩნდა საერთაშორისო აეროპორტებში დასაქმებულების კვლევის შედეგიც: პატარა ქალაქის აეროპორტების თანამშრომლები უფრო ხშირად აღნიშნავდნენ, რომ „საერთაშორისო“ აეროპორტში მუშაობდნენ. ჰარვარდისა და ნაკლებად პრესტიჟული პენსილვანიის უნივერსიტეტის სტუდენტებზე დაკვირვებამაც აჩვენა, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტის სტუდენტები თავიანთი სასწავლო დაწესებულების პრესტიჟულობას უფრო ხშირად უსვამდნენ ხაზს.
ადამიანების მანერას, საკუთარ საუბარს სოლიდურობა შესძინონ, სოციოლოგები
„ლინგვისტურ გაურკვევლობას“ უწოდებენ. მაგალითად, ფაქტი, რომ სოლიდურ უნივერსიტეტში სწავლობ, რაფინირებული ქცევითაც შეგიძლია დაამტკიცო, სტატუსის ხმამაღლა აღნიშვნის გარეშე.
მოკლედ, დაბალი თვითშეფასების ერთ-ერთი ინდიკატორი მოსაუბრის მიერ სოციალური ჯგუფების მიმართ კუთვნილების გამოხატვაა. ეს მტკიცებულება საყოველთაოდ გაბატონებულ მოსაზრებას ეწინააღმდეგება, თითქოს სიტყვა „მეს“ ძალაუფლების მოყვარული და ნარცისი ადამიანები იყენებენ. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ საკუთარ თავში მეტად დაჯერებული ადამიანი გარემოზეა ორიენტირებული, დაბალი თვითშეფასების მქონე კი – საკუთარ თავზე.
ადამიანის გაურკვევლობა, მისი საუბრის მანერასთან ერთად, მოქმედებებშიც გამოიხატება. მაგალითად, ზოგი ავტორიტეტული იმიჯის შესაქმნელად კოლეგებთან საუბრისას ხმას უწევს და მაღალფარდოვან სიტყვებს იყენებს – სწორედ ეს მდგომარეობა აღნიშნავს „ლინგვისტურ გაურკვევლობას“: ადამიანი გრძნობს, რომ ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფს არ მიეკუთვნება და განსხვავებულ, ლაპარაკის ხელოვნურ მანერას მიმართავს.
„ლინგვისტური გაურკვევლობა“ პირველად 60-იან წლებში მოღვაწე უილიამ ლაბოვმა აღწერა: დააკვირდა, რომ ნიუ-იორკის ელიტური ფენების წარმომადგენლები თანხმოვან „რ“-ს ხშირად იყენებდნენ, საშუალო და დაბალ კლასებში კი თანხმოვანს ყლაპავდნენ სიტყვის ბოლოს ან ხმოვნამდე. ლაბოვმა მეხუთე ავენიუზე მდებარე პრესტიჟული სავაჭრო ცენტრ Saks-ის და ფასდაკლებულ პროდუქციაზე მომუშავე მაღაზიის თანამშრომლები გამოიკვლია და აღმოაჩინა, რომ Saks-ის თანამშრომლები საუბრის „ელიტური“ მანერის იმიტაციას უფრო ხშირად ცდილობდნენ. დააკვირდი, ჩვენს რეალობაში როგორ გამოთქვამს ზოგიერთი ადამიანი ხელოვნურად მაგარ „ლ“-ს და რა სოციალურ ფენას მიეკუთვნება ის.
ლინგვისტური გაურკვევლობის ექსტრემალურ შემთხვევებში ადამიანები რეალურ ან თავიანთ წარმოდგენებში არსებულ გრამატიკულ წესებს არასწორ კონტექსტში იყენებენ და ხელოვნურად „სწორად“ მეტყველებენ. საუბრის ისეთი მანერაც არსებობს, როდესაც „გაურკვევლობის“ ნიშნებს შეცდომით ვავლენთ, მაგალითად, როდესაც ხმა გვიკანკალებს ან მტკიცებით წინადადებას კითხვითი ინტონაციით წარმოვთქვამთ. შეცდომით გამოვლენილი „გაურკვევლობის“ ნიშნებს საუბრის ისეთი მანერაც მიეკუთვნება, როდესაც ხშირად ამბობენ „მმმმ“-ს და შემთხვევით სიტყვებს იყენებენ – „ჰოდა“, „რას ვამბობდი“ და ა.შ., რაც, სხვათა შორის, მოსაუბრის კეთილსინდისიერების მიმანიშნებელია.
თემები: ფსიქოლოგია, თავდაჯერებულობა, დაბალი თვითშეფასება
წყარო: <a href="http://theoryandpractice.ru/posts/9374-loser-mark">theoryandpractice.ru</a>