თუ ფიქრობ, რომ ამისთვის მხოლოდ სითბოს გაცემაა საჭირო, გაფრთხილებთ, რომ ეს საკმარისი არ არის: ფსიქოლოგები გვირჩევენ, ყოველთვის, როდესაც ჩვენს პატარებს დასაძინებლად ვაწვენთ, ან ყოველ დილით, როდესაც სკოლაში ან საბავშვო ბაღში ვაცილებთ, ერთი და იგივე ფრაზა გავუმეოროთ: „იყავი კეთილი სხვების მიმართ“.
ბავშვისთვის სწორი მაგალითის მიცემა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუმცა ხშირად პატარები ამას ვერ იაზრებენ და დამატებითი მითითებები სჭირდებათ, სხვების მიმართ პოზიტიურ მოპყრობაზე რომ გაამახვილონ ყურადღება. ამას ვიდეოთამაშებსა და მულტფილმებში ნანახი სხვადასხვა სახის ძალადობაც ემატება, რომელიც თითქოს უწყინარია, მაგრამ ბავშვის ცნობიერებაში გაუაზრებლად დაილექება და ხშირად რეალურ ცხოვრებაში იჩენს თავს – პატარები ვერ ხვდებიან, რა პრობლემაა, თუ, მაგალითად, მეგობარს სათამაშოს წაართმევენ ან ჩაარტყამენ, ისინი, უბრალოდ, მულტფილმის ან თამაშის პერსონაჟის იმიტირებას ახდენენ. იმის მაგივრად, მსგავსი საქციელის გამო დასაჯო, სკოლიდან ან საბავშვო ბაღიდან დაბრუნებისას ჰკითხე, რა გააკეთა კარგი იმ დღეს – როგორც, მაგალითად, ეკითხები, აქვს თუ არა რომელიმე საგანში საშინაო დავალება.
სამწუხაროდ, დღევანდელი დაძაბული ცხოვრების სტილი ადამიანებში უდიდეს აგრესიასა და სიძულვილს აღვივებს, მედია კი ძალადობის უფრო და უფრო ექსტრემალური შემთხვევების შესახებ გვიყვება. ამ ფონზე ბავშვისთვის მითითება – „ნუ მოიქცევი ცუდად“ საკმარისი აღარ არის, მსოფლიოს კეთილი ადამიანები სჭირდება!
თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, შვილს არა მხოლოდ მოუწოდო სიკეთისკენ, არამედ აჩვენო, რომ თავადაც იგივეს აკეთებ. სიკეთეში მხოლოდ ხელგაშლილ ჟესტებს არ ვგულისხმობთ: სასურველია, ბავშვის თანდასწრებით ყველა სახის უარყოფითი ემოცია შეიკავო და რაც არ უნდა გაბრაზდე, არ გამოხატო. მაგალითად, თუ მანქანით მგზავრობისას ვინმე მოძრაობის წესის დარღვევით გადაგისწრებს, წყობიდან ნუ გამოხვალ და ყვირილს ნუ დაუწყებ – ბავშვი სარკესავით ირეკლავს შენს ყველა თვისებას და გაბრაზებას თავადაც აუცილებლად ექსტრემალური ფორმით გამოხატავს. რა თქმა უნდა, როდესაც მძიმე დღის შემდეგ სახლში დაღლილი ბრუნდები და მოულოდნელად უსიამოვნებას ეჩეხები, ბრაზის შეკავება რთულია – ასეთ დროს უხეში გამონათქვამებისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა აუცილებლად აჩვენე ბავშვს, რომ შეგეშალა და ამის გამო ბოდიშის მოხდისაც ნუ შეგრცხვება.
საქმე ისაა, რომ მშობლების უმეტესობა შვილის წარმატებებზეა ორიენტირებული – როგორია მათი აკადემიური მოსწრება, აქვთ თუ არა შანსი, გახდნენ ცნობილი სპორტსმენები, ხელოვანები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ამ ფონზე სულიერ მხარეზე ზრუნვა მეორე ადგილზე გადადის. ფსიქოლოგები კი გვაფრთხილებენ, რომ ბავშვის უნარი, იყოს კეთილი, სამომავლოდ მისთვის ბევრად ძვირფასია, ვიდრე რომელიმე სამეცნიერო გამოცდის წარმატებით ჩაბარება. ასე რომ, შთაუნერგე შვილს სიკეთის კეთების სურვილი!
თემები: მშობლები, ბავშვები, აღზრდა, სიკეთე, მაგალითის მიცემა
წყარო: <a href="http://www.scarymommy.com/kindness-kids/">www.scarymommy.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია