რამდენი დრო სჭირდება ახალი მეგობრის შეძენას? - ფსიქოლოგიური კვლევის შედეგი
- 09.04.2018
ზრდასრულ ასაკში მეგობრის შეძენა მარტივი არ არის. შესაძლოა, ყოველ დღე ხვდებით სასიამოვნო ადამიანს, გსურთ მასთან ურთიერთობა, მაგრამ არ იცით, როგორ უნდა გადახვიდეთ ურთიერთობის ახალ ეტაპზე, ანუ როგორ გახდეთ უბრალოდ ნაცნობებიდან საუკეთესო მეგობრები.
მსგავს სიტუაციაში მხოლოდ თქვენ არ ხართ, ბევრს ზრდასრულ ადამიანს ემართება ასე. ზრდასრულ ასაკში მეგობრების შეძენა მარტივი არ არის.
კომუნიკაციის საკითხებში ექსპერტმა, ჯეფრი ჰოლიმ აღნიშნული საკითხი შეისწავლა. მან გამოავლინა ის, თუ რა დრო სჭირდება ზრდასრულ ასაკში საუკეთესო მეგობრის შეძენას.
ორმა სხვადასხვა კვლევამ გამოავლინა, რომ ჩვეულებრივი მეგობრობა ყალიბდება ადამიანებს შორის 50 საათიანი ურთიერთობის შედეგად. ხოლო ადამიანებს იმისთვის, რომ საუკეთესო მეგობრები გახდნენ, ჩვეულებრივ სჭირდებათ რომ 200 საათი მაინც გაატარონ ერთად.
რა თქმა უნდა, მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ რაზე საუბრობენ ადამიანები ერთად ყოფნის დროს. პირად საკითხებზე საუბრის შედეგად უფრო მეტად ჩნდება ადამიანებს შორის სიახლოვე.
მკვლევარებმა ონლაინ გამოკითხვა ჩაატარეს და 355 ადამიანს დაუსვეს კითხვები ახლადგაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ. კვლევამ გამოავლინა, რომ მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება უფრო სწრაფად ხდება, თუ ახლადგაცნობილ ადამიანებს რაიმე საქმის შესრულება უწევთ ერთად, რაიმე აქტივობას ასრულებენ ერთდროულად, ან მიდიან ერთად გასართობად საერთო მეგობრების გარემოცვაში.
კვლევის თანახმად, მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ასევე გავლენას ახდენს სამეტყველო ენა. თუ ადამიანები ერთმანეთს მხიარულად ესაუბრებიან, ხუმრობენ, მათ შორის უფრო მარტივად ყალიბდება ახლო მეგობრობა.
პროფესორ ჰოლის თქმით, მეგობრულ ურთიერთობებს დრო სჭირდება და ჩვენს დროში, როცა ადამიანების უმეტესობა ძალიან დაკავებულია და თავისუფალი დრო თითქმის არ აქვთ, რთულია ეს და განსაკუთრებით რთულია ახალი მეგობრების შეძენა, თუმცა ის გვირჩევს, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ვაქციოთ პრიორიტეტად, რადგანაც მეგობრობა, კომუნიკაცია და მყარი, ჯანსაღი კავშირები უმნიშვნელოვანესია.
თემები: მეგობრობა, ქალები, რჩევები, მეგობრობის შენარჩუნება
<a href="http://www.iflscience.com">http://www.iflscience.com</a>