2019 წლის 9 მარტს გინესის მსოფლიო რეკორდებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ იაპონელი კეინ ტანაკა მსოფლიოს ყველაზე უხუცესი ადამიანია, რომელიც 116 წლის გახლავთ. მიუხედავად მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მცირე პრობლემებისა, ტანაკა ბედნიერია და ის ცხოვრების ყველა მომენტისგან სიამოვნებას იღებს. ადამიანების აღფრთოვანებას იწვევს ის ფაქტი, რომ ეს შესანიშნავი ქალი ასეთ ასაკში აქტიური და საოცრად მხიარულია.

ვნახოთ რა საიდუმლოებები აქვს კეინ ტანაკას, რომელიც მის ბედნიერ და ხანგრძლივ ცხოვრებას განაპირობებს.

1. მსოფლიოს უხუცესი ადამიანის ცხოვრება - კეინ ტანაკა 1903 წის 2 იანვარს დაიბადა. ის ოჯახში მეშვიდე ბავშვი იყო. დაქორწინდა ჰიდეო ტანაკაზე და წყვილს 5 შვილი გაუჩნდა. ჰიდეოს საოჯახო ბიზნესი ჰქონდა - იაპონურ ტრადიციულ ტკბილეულს ამზადებდა და ყიდდა. 1937 წელ ჰიდეო ტანაკა სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, რის გამოც კეინი უფრო მეტად ჩაერთო ოჯახურ ბიზნესში. ბიზნესის გარდა, ის ზრდიდა შვილებს და ზრუნავდა დედამთილზე. 1943 წელ კეინის უფროსი ვაჟიც სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, რომელიც სახლში 1947 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბრუნდა. კეინ ტანაკა ოჯახის მაღაზიაში 63 წლის ასაკამდე მუშაობდა - ის ამზადებდა და ყიდდა ტკბილეულს.

2. კეინ ტანაკას მარტივი მაგრამ ეფექტური რეცეპტები ხანგრძლივი ცხოვრებისთვის - ინტერვიუს დროს მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანმა ადამიანმა ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოები გაამხილა:

ადექით დილით ადრე - ტანაკას დღე დილის 6:00 საათზე იწყება.

იზრუნეთ გონების განვითარებაზე, ტვინის მუშაობის ხარისხზე - ამ ქალის ერთ ერთი საყვარელი საქმიანობა წარსულში კითხვა და მათემატიკის სწავლა იყო.

იყავით აქტიურები - კეინ ტანაკა სამაგიდო თამაშების ნამდვილი ექსპერტია და მას ძალიან უყვარს მსგავსი თამაშები და ამბობს, რომ ის განტვირთვაში და ადამიანებთან კომუნიკაციაში ეხმარება.

მიირთვით ბევრი შოკოლადი და ბევრი ყავა - კეინს გინესის რეკორდების ცერემონიაზე შოკოლადის ყუთი გადასცეს და მან დაუყოვნებლივ გახსნა ის და მიირთვა. როცა ჰკითხეს რამდენ შოკოლადს მიირთმევდა ის ყოველ დღე, მან უპასუხა - „100“.

გარდა ამ ყველაფერის ტანაკას ხანგრძლივი ცხოვრების მთავარი საიდუმლო ასეთია - არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა, რამდენად რთული ცხოვრება გაქვს, იმედი არასოდეს დაკარგო.