ავსტრალიის ქუინსლენდის უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 11 654 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევას პროფესორი ფრანცისკო პერალესი ხელმძღვანელობდა და მან აჩვენა, რომ ჰომოფობები ინტელექტის დაბალი დონითა და შემეცნების მცირე უნარით გამოირჩევიან.

მკვლევარებმა გამოიყენეს სამი ფუნდამენტური და სტანდარტიზებული ტესტი. პირველი ტესტი ავლენდა იმას, თუ რამდენად შეეძლო ადამიანს წაკითხულის გააზრება. ამ ტესტს ნეიროფსიქოლოგები დემენციის დიაგნოზის მქონე პაციენტის ინტელექტის დონის განსასაზღვრად იყენებენ.

მეორე ტესტი იყო ციფრული სიმბოლოების მოდელის ტესტი, რომელიც ჩვეულებრივ ტვინის დაზიანების დონის შესაფასებლად გამოიყენება. მესამე ტესტი კი, მეხსიერების დონის განსაზღვრას ეხებოდა. ამ ტესტს იყენებენ ნევროლოგიის კვლევის ლაბორატორიებში.

ტესტების საშუალებით მკვლევარებმა ადამიანთა ინტელექტის ხარისხი და შემეცნების შესაძლებლობა დაადგინეს. პარალელურად მათ ეკითხებოდნენ აზრს ჰომოსექსუალი წყვილების შესახებ. ისინი ინტერესდებოდნენ, უნდა ჰქონოდათ თუ არა ჰომოსექსუალ წყვილებს ისეთივე უფლებები, როგორიც ჰეტეროსექსუალებს.

კვლევამ გამოავლინა, რომ ადამიანებს,რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ზემოთ აღნიშნულ წინადადებას, ტესტებში დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ, ანუ ინტელექტის დაბალ დონეს ავლენდნენ, მათთან შედარებით, ვინც მიიჩნევდა, რომ ჰომოსექსუალებსა და ჰეტეროსექსუალებს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონოდათ.

„საერთო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ განათლებას, შემეცნების უნარს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ადამიანების ჰომოსექსუალებისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში“, - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი.

მკვლევარები ამბობენ, რომ განათლების დონე, მათი ინტელექტის ხარისხი განსაზღვრავს დამოკიდებულებას ჰომოსექსუალებისადმი. შედარებით დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები, ჰომოფობებად ყალიბდებიან, რადგანაც მათ ნაკლები შემეცნების უნარი აქვთ.