ცხოვრება უმეგობროდ სრულფასოვანი არაა. ვერ ვცხოვრობთ კომუნიკაციის, ინტერაქციის, სოციუმთან კავშირის გარეშე. ზოგიერთი კავშირი უფრო ძლიერია და ადამიანები მეგობრები ხდებიან. მეგობრების სწორად არჩევა კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მათზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი, კარიერა და ბედნიერების ხარისხი.
ექსპერტები განმარტავენ, თუ რატომ არის უმნიშვნელოვანესი მეგობრების ყურადღებით და ფრთხილად არჩევა:
1. ნამდვილი მეგობრები ცხოვრებას უფრო ბედნიერს ხდიან
ცხოვრება უფრო სასიამოვნოა, როცა გვერდით „შენი ადამიანები“ გყავს. ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა სიტყვებით ვერ განისაზღვრება. უნდა ვიპოვოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც გვაბედნიერებენ, რომლებიც გულწრფელები არიან. თუ გვერდით სწორი ადამიანები გვყავს, ცხოვრებაც უფრო სასიამოვნო და სახალისოა.
2. სწორად შერჩეული მეგობარი ცხოვრებას გვიხალისებს
ნამდვილი მეგობარი ჩვენ გვერდითაა მაშინ, როცა რთული პერიოდი გვაქვს, ცდილობს, სიტუაცია უფრო მსუბუქად და ნათელ ფერებში დაგვიხატოთ, დარდის სიმძიმე შეგვიმსუბუქოს. ის ჩვენ გვერდითაა მაშინვე, როცა გვჭირდება და არ აქვს მნიშვნელობა დროს. ცხოვრების რთულ პერიოდებს მაშინ დავძლევთ ხოლმე მარტივად, როცა გვერდით სწორად შერჩეული ადამიანები გვყავს.
3. სანდო და საიმედო მეგობარს ყველაფერს ვუზიარებთ
როდესაც დეპრესიაში ვართ, რაღაც გვაწუხებს, გვსურს, რომ გრძნობები სხვებს გავუზიაროთ. ყველა ვერ მოგვისმენს თანაგრძნობით, ყველას ვერ ვანდობთ ჩვენს საიდუმლოებს, მხოლოდ ყველაზე სანდო და საიმედო ადამიანებს. მათთვის კი დარდის გაზიარება გვამშვიდებს და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება.
4. სწორად შერჩეული მეგობრისგან ვიღებთ სწორ რჩევებს
ცხოვრებაში ხშირად ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება, გვიჭირს არჩევანის გაკეთება, არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია მეგობრის როლი და თუ გვერდით სწორად შერჩეული მეგობარი გვყავს, მისგან სწორ რჩევებს.რეალურ დახმარებას ვიღებთ. ამიტომაც, აირჩიეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ პრობლემების დროს საკუთარი თავი თქვენ ადგილას წარმოიდგინოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიხვდებიან, რას გრძნობთ, რას განიცდით და რა გჭირდებათ კონკრეტულ სიტუაციაში.
5. მეგობრებს შეუძლიათ ჩვენს კარიერულ წარმატებაში დიდი როლი ითამაშონ
არასწორად შერჩეული მეგობრები ჭაობში გვითრევენ და პირიქით, სწორად შერჩეული მეგობრები წარმატებისკენ გვიბიძგებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ კარიერული თვალსაზრისით მაღალ საფეხურზე ვიყოთ. ადამიანის მომავალი დიდწილადაა დამოკიდებული მეგობრებზე და ჩვენ გარშემო ამის დამადასტურებელი უამრავი კონკრეტული მაგალითია.
6. მეგობრებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ჩვენს მომავალზე
ჩვენი მომავალი ხშირად მეგობრების რჩევებზეა დამოკიდებული. მოდით, გულწრფელად ვთქვათ, რომ უმეტესობა ხშირად მეგობრების რჩევების მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ამიტომაც ამბობენ ფსიქოლოგები, რომ ადამიანის მომავალი მის მეგობრებზეა დამოკიდებული და ამიტომაც გვაფრთხილებენ, რომ ყურადღებით შევარჩიოთ ისინი.
თემები: მეგობრობა, რჩევები ქალებს, რჩევები, მეგობრობის შენარჩუნება
<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია