დილიდან მოტივაციის ასამაღლებელი 7 მარტივი ხრიკი - როცა სამსახურში წასვლა არ გინდათ
- 07.10.2026
დილას ადგომა ყოველთვის მარტივი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინ ჩვეულებრივი, რუტინული დღე გელოდებათ - სამსახური, საქმეები, შეხვედრები და ერთი შეხედვით უსასრულო დავალებები. ასეთ დროს კიდევ ერთხელ მაღვიძარას გადადება ყველაზე მარტივი გამოსავალი გვგონია.
თუმცა, არსებობს რამდენიმე მარტივი ფსიქოლოგიური ხრიკი, რომლებიც დილიდანვე მოქმედების სურვილის გაჩენაში დაგვეხმარება.
1. დილას პატარა საჩუქარი მოუმზადეთ საკუთარ თავს
დღის დაწყებისას საკუთარ თავს ისეთი რამ დაჰპირდით, რასაც სიამოვნებით დაელოდებით. ეს შეიძლება იყოს საყვარელ კაფეში ყავის დალევა, გემრიელი საუზმე, საღამოს მეგობართან შეხვედრა, კინოში წასვლა ან თუნდაც სახლში მშვიდად გატარებული ნახევარი საათი.
როდესაც დღის განმავლობაში რაღაც სასიამოვნო გველოდება, რთული საქმის დაწყებაც უფრო მარტივი ხდება. მაგალითად, თუ იცით, რომ საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად ვახშამი გაქვთ დაგეგმილი, ჩვეულებრივი სამუშაო დღეც შეიძლება ნაკლებად დამღლელი მოგეჩვენოთ.
2. მთელი დღე წინასწარ ნუ დაიტვირთებით
დილით დაწერეთ მხოლოდ რამდენიმე მთავარი საქმე, რომელთა შესრულებაც ნამდვილად აუცილებელია. ძალიან გრძელი „გასაკეთებელი საქმეების“ სია ხშირად პირიქით მოქმედებს - გვაშინებს და საქმის დაწყების სურვილს გვიკარგავს.

ჩამოწერეთ პრიორიტეტები და მოექეცით მათ ისე, როგორც მნიშვნელოვან შეხვედრებს ან სხვა დაგეგმილ ღონისძიებებს.
3. შთაგონება მოძებნეთ
ყველას აქვს დღეები, როცა პროდუქტიულობისთვის ძალა და სურვილი უბრალოდ არ აქვს. ასეთ დროს საკუთარ თავს ნუ აიძულებთ, რომ მოტივაცია „ნულიდან“ შექმნათ.
ნახეთ მოკლე ინტერვიუ თქვენთვის საინტერესო ადამიანთან, წაიკითხეთ წარმატებული ადამიანის ისტორია ან გაიხსენეთ ვინმე, ვინც რთული პერიოდი გადალახა და მიზანს მაინც მიაღწია.
ზოგჯერ სხვისი ისტორია საკმარისია იმისთვის, რომ საკუთარ თავშიც მოქმედების სურვილი გავაღვიძოთ.
4. დილით ყურადღების გამფანტავი ყველაფერი მოაშორეთ
თუ მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ, ტელეფონი გვერდზე გადადეთ, გამორთეთ ტელევიზორი და დროებით უარი თქვით სოციალურ ქსელებზე.
ეცადეთ, ერთდროულად რამდენიმე საქმეს არ მოჰკიდოთ ხელი. როდესაც ყურადღება მუდმივად ერთი დავალებიდან მეორეზე გადადის, სამუშაო უფრო რთული და დამღლელი ხდება.
ერთი საქმე აირჩიეთ და მხოლოდ მასზე კონცენტრირდით.
5. საკუთარ თავს პატარა „ხაფანგი“ დაუგეთ
თუ იცით, რომ საქმეს ბოლო წუთამდე გადადებთ, კალენდარში რეალურ ვადაზე რამდენიმე დღით ადრე მიუთითეთ პირობითი ვადა.
მაგალითად, თუ პროექტი პარასკევს უნდა დაასრულოთ, საკუთარ კალენდარში ოთხშაბათი ან ხუთშაბათი ჩანიშნეთ.
ასე საქმეს წინასწარ დაიწყებთ და ბოლო წუთის სტრესსაც აიცილებთ. ეს ხრიკი განსაკუთრებით სასარგებლოა როგორც პატარა, ისე ხანგრძლივი პროექტებისთვის.
6. იდეალურ მომენტს ნუ დაელოდებით
„ჯერ ამისთვის მზად არ ვარ“, „დღეს შესაფერისი დღე არ არის“, „ხვალ უკეთ გავაკეთებ“ — ასეთი ფიქრები საქმის დაწყებაში ხშირად ხელს გვიშლის.
მთავარი სრულყოფილება კი არა, დაწყებაა.
თუ დღეს მთელი საქმის დასრულება არ შეგიძლიათ, მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადადგით. დიდი საქმე პატარა ნაწილებად დაყავით და სათითაოდ შეასრულეთ.
ხშირად მეორე ნაბიჯის გადადგმა უკვე ბევრად მარტივია.
7. რამდენიმე წუთით წარმოიდგინეთ, რომ საქმე უკვე დასრულებულია
დახუჭეთ თვალები და რამდენიმე წუთით წარმოიდგინეთ, რომ ის საქმე, რომლის დაწყებაც გეზარებათ, უკვე დაასრულეთ.

იფიქრეთ იმაზე, როგორი იქნება შედეგი, რას იგრძნობთ დასრულების შემდეგ და რამდენად გაგიხარდებათ, რომ ბოლოს და ბოლოს ეს საქმე თავიდან მოიშორეთ.
შემდეგ დიდი დავალება პატარა ეტაპებად დაყავით და თითოეული ეტაპის დასრულება ცალკე პატარა გამარჯვებად აღიქვით.
ზოგჯერ მოტივაციის დასაბრუნებლად დიდი ცვლილება სულაც არ არის საჭირო - საკმარისია პირველი პატარა ნაბიჯის გადადგმა.
თემები: დილა