რატომ უქვეითდებათ ქალებს სექსუალური სურვილი? - 20 მიზეზი, რომლებზეც ხშირად არ საუბრობენ
- 02.10.2026
„ქმარი აღარ მინდა, ნუთუ აღარ მიყვარს?“ - ეს კითხვა ბევრ ქალს უჩნდება. თუმცა, სექსუალური სურვილის დაქვეითება ყოველთვის სიყვარულის გაქრობას არ ნიშნავს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონული ცვლილებები, სტრესი, დაღლილობა, ურთიერთობაში დაგროვილი წყენა ან ყოველდღიური პრობლემები.
რა შეიძლება აქრობდეს ქალის სექსუალურ სურვილს?
1. ჰორმონული ცვლილებები
ორსულობა, ძუძუთი კვება და პრემენოპაუზა ჰორმონულ ფონს ცვლის, რამაც შესაძლოა სექსუალური სურვილიც შეამციროს.
2. ქრონიკული დაღლილობა
სამსახური, შვილებზე ზრუნვა და საოჯახო საქმეები ხშირად იმდენ ენერგიას მოითხოვს, რომ ქალს საღამოს ინტიმური სიახლოვისთვის ძალა აღარ რჩება.
3. მედიკამენტების მიღება
ზოგიერთმა პრეპარატმა, მათ შორის ანტიდეპრესანტებმა და ორალურმა კონტრაცეპტივებმა, შესაძლოა სექსუალური სურვილი შეამციროს.
4. გინეკოლოგიური პრობლემები
ენდომეტრიოზი და სქესობრივი აქტის დროს ტკივილის გამომწვევი სხვა მდგომარეობები ინტიმურ ურთიერთობას უსიამოვნოს ხდის და სურვილს აქრობს.
5. სტრესი
როცა გონება მუდმივად პრობლემებზე ფიქრობს, მოდუნება და ინტიმურ სიახლოვეზე გადართვა რთულდება.
6. ჯანმრთელობის პრობლემები
რკინის, D და B12 ვიტამინების დეფიციტმა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევამ შესაძლოა სექსუალური სურვილი შეამციროს.
7. ემოციური გაუცხოება და წყენა
მუდმივი კამათი, კრიტიკა და უყურადღებობა ქალს პარტნიორისგან ემოციურად აშორებს. ბევრი ქალისთვის სექსუალური სიახლოვე სწორედ სითბოსა და ნდობით იწყება.
8. სექსი, როგორც მოვალეობა
როცა ინტიმური ურთიერთობა სასიამოვნო სურვილის ნაცვლად ვალდებულებად იქცევა, შესაძლოა, მასთან დაკავშირებული დაძაბულობა გაიზარდოს და სურვილი კიდევ უფრო შემცირდეს.
9. არასაკმარისი მომზადება
ქალის სექსუალური სურვილი ხშირად ნელა იღვიძებს. პარტნიორის აჩქარებამ კი შესაძლოა სიამოვნების ნაცვლად დისკომფორტი გამოიწვიოს.
10. დაორსულების შიში
არასაიმედო კონტრაცეფცია და არასასურველი ორსულობის შიში ქალს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რაც სექსუალურ სურვილზეც აისახება.

11. საკუთარი სხეულით უკმაყოფილება
წონის ცვლილება, მშობიარობის შემდეგ გარეგნობის შეცვლა ან დაბალი თვითშეფასება ზოგჯერ ქალს პარტნიორთან სიშიშვლისა და სიახლოვის რცხვენას აიძულებს.
12. შფოთვა და დეპრესია
შფოთვითი აშლილობა და დეპრესია არა მხოლოდ განწყობაზე, არამედ სიამოვნების მიღების უნარსა და სექსუალურ სურვილზეც მოქმედებს.
13. წარსულში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა
ძალადობრივი ან მტკივნეული ურთიერთობის გამოცდილებამ შესაძლოა ახალ, უსაფრთხო ურთიერთობაშიც კი შეაფერხოს ნდობა და სიახლოვის სურვილი.
14. საკუთარ სურვილებზე საუბრის სირცხვილი
ქალებს, რომლებსაც ბავშვობიდან სექსუალობაზე საუბარს უკრძალავდნენ, ხშირად უჭირთ პარტნიორს აუხსნან, რა მოსწონთ და რა - არა.
15. ფინანსური პრობლემები
ფინანსური პასუხისმგებლობის მარტო აღება და მუდმივი ფიქრი ოჯახის ხარჯებზე სტრესს იწვევს. ზოგჯერ პარტნიორისგან მხარდაჭერის ნაკლებობაც ემოციურ და ფიზიკურ დისტანციას აჩენს.
16. ურთიერთობაში სიახლის ნაკლებობა
როცა წყვილის ცხოვრება მხოლოდ საოჯახო საქმეებსა და ყოველდღიურ ვალდებულებებზეა აგებული, რომანტიკა შესაძლოა უკანა პლანზე გადავიდეს. პაემანი ან გარემოს შეცვლა კი სიახლოვის სურვილის დაბრუნებას შეუწყობს ხელს.
17. განსხვავებული სექსუალური ტემპერამენტი
თუ ერთ პარტნიორს სექსი ხშირად სურს, მეორეს კი იშვიათად, შესაძლოა ურთიერთობაში ზეწოლა და დანაშაულის განცდა გაჩნდეს. განსხვავებული სურვილები ყოველთვის პრობლემას არ ნიშნავს, თუმცა მათზე საუბარი მნიშვნელოვანია.
18. მასტურბაციით ინტიმური ურთიერთობის ჩანაცვლება
თვითდაკმაყოფილება ნორმალურია, თუმცა ზოგჯერ ქალი პარტნიორთან სიახლოვის ნაცვლად მარტო იღებს სიამოვნებას, რადგან ეს უფრო სწრაფი და მარტივი გზაა. დროთა განმავლობაში შესაძლოა ეს ჩვევად ჩამოყალიბდეს.
19. სექსუალური სურვილის ბუნებრივი ცვლილებები
სექსუალური სურვილი მუდმივი არ არის. მას პერიოდული მატება და კლება ახასიათებს, რაც ჯანსაღ ურთიერთობაშიც ბუნებრივია.
20. სხვა ადამიანის შეყვარება
ზოგჯერ პარტნიორის მიმართ სურვილი სხვა ადამიანისადმი გაჩენილი გრძნობების გამო იკლებს. თუმცა, შესაძლოა, ახალი გატაცება იმ ემოციურ მოთხოვნილებებსაც უკავშირდებოდეს, რომლებიც ამჟამინდელ ურთიერთობაში დაუკმაყოფილებელი დარჩა.
სექსუალური სურვილის დაქვეითებას ერთი უნივერსალური მიზეზი არ აქვს. მნიშვნელოვანია, ქალმა გაარკვიოს, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში, ჯანმრთელობასა თუ ურთიერთობაში. თუ პრობლემა ხანგრძლივია ან დისკომფორტს იწვევს, მიზეზის გასარკვევად ექიმთან ან შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაცია შეიძლება საჭირო გახდეს.
თემები: სექსი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია