LIFE

როცა მეგობრობა გულს გვტკენს: 7 ქცევა, რომელსაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ

როცა მეგობრობა გულს გვტკენს: 7 ქცევა, რომელსაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ

მეგობრობა უსაფრთხო სივრცე უნდა იყოს, თუმცა ზოგჯერ მეგობართან ურთიერთობის შემდეგ უსიამოვნო განცდა გვრჩება. პრეტენზიის გამოთქმაც გვიჭირს, რადგან გვგონია, რომ „მას ცუდი არაფერი უგულისხმია“.

1. ხუმრობა, რომელიც სინამდვილეში შეურაცხყოფაა

ადამიანი თქვენს მისამართით დამცინავ კომენტარს აკეთებს, ხოლო როცა გწყინთ, მაშინვე თავს იმართლებს: „უბრალოდ ვიხუმრე, იუმორის გრძნობა საერთოდ არ გაქვს?“ ამ დროს აგრესიის პასუხისმგებლობა თქვენზე, თითქოს ზედმეტ მგრძნობელობაზე, გადააქვს.

თუ რეაგირებთ, გამოდის, რომ თქვენ გჭირთ რაღაც, ხოლო თუ არაფერს ამბობთ, მას შეუძლია, იგივე საქციელი გააგრძელოს. ასეთ სიტუაციაში თავის დაცვა თითქმის შეუძლებელია.

2. კომპლიმენტი, რომელიც შეურაცხყოფას მალავს

ეს არის ქება, რომელშიც დამამცირებელი მინიშნებაც იმალება. მაგალითად: „რა ლამაზი კაბა გაცვია, ბოლოს და ბოლოს, თეძოებიც დაიფარა“ ან „ისე თავდაჯერებულად გამოდიოდი, ვერც კი იფიქრებდი, რომ ამ საკითხში არაფერი გესმის“.

ერთი შეხედვით, კომპლიმენტია და თითქოს ვერაფერს შეედავები, თუმცა სინამდვილეში ისეთი განცდა გრჩება, თითქოს შეურაცხყოფა მოგაყენეს.

3. მტკივნეულ თემებზე საჯაროდ საუბარი

ახლო მეგობარმა იცის, რა გაწუხებთ და რა თემებია თქვენთვის განსაკუთრებით მტკივნეული, თუმცა ზოგჯერ ამ ინფორმაციას სხვების თანდასწრებით თქვენს წინააღმდეგ იყენებს. ამას კი ზრუნვით ამართლებს: „შენს მუდმივ ვალებზე ან მამაკაცებთან უიღბლობაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ შენზე ვდარდობ და მინდა, დაგეხმარო“.

ასეთი ქცევა უნდობლობას აჩენს და დროთა განმავლობაში მეგობრობასაც ანგრევს. აღარ იცით, რაზე შეიძლება ამ ადამიანთან საუბარი და რისი გამხელა ჯობს არ გარისკოთ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენი ნათქვამი ნებისმიერ დროს შეიძლება თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ.

4. მუდმივი დაგვიანება და შეხვედრის ბოლო წუთს გაუქმება

შეთანხმების სისტემატურად დარღვევა შეიძლება საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებისა და თქვენი საზღვრების გამოცდის საშუალება იყოს. ამ დროს თქვენი დრო და გეგმები თითქოს ნაკლებად მნიშვნელოვანია.

5. შეჯიბრი იმაში, ვის უფრო მეტად უჭირს

თქვენ საკუთარ პრობლემაზე საუბარს იწყებთ, თუმცა თანაგრძნობის ნაცვლად მეგობარი საუბარს საკუთარ გამოცდილებაზე გადაიტანს: „შენ რა გიჭირს, გუშინ ისეთი დაღლილი ვიყავი, წარმოდგენაც არ გაქვს“.

ასეთ დროს თქვენი განცდები უგულებელყოფილი რჩება.

ეს ყოველთვის აგრესიას არ ნიშნავს. მაგალითად, შესაძლოა, თქვენი მეგობარი თავადაც დეპრესიაში იყოს და იმდენად საკუთარ პრობლემებში იყოს ჩაფლული, რომ სხვისი სირთულეების დანახვა უჭირდეს. თუმცა, თუ მსგავსი რამ რეგულარულად მეორდება, ღირს დაფიქრება.

6. სასიხარულო ამბების გაზიარებაც გიჭირთ

მეგობარს სასიხარულო ამბავს უზიარებთ, მისგან კი ირონიულ პასუხს იღებთ: „ახლა ვარსკვლავი გახდები“, „ოღონდ არ გათამამდე“ ან „ზოგიერთს ძალიან უმართლებს“.

დროთა განმავლობაში სასიამოვნო ამბების გაზიარებამდეც კი იწყებთ ფიქრს: ღირს კი ამის თქმა? ხომ არ მოჰყვება ამას ისევ ირონიული კომენტარი?

7. „მეგობრული“ რჩევები, რომლებიც არ გითხოვიათ

ზოგჯერ მეგობარი საკუთარ სუბიექტურ აზრს ისე წარმოგიდგენთ, თითქოს თქვენზე უკეთ იცოდეს, როგორ უნდა მოიქცეთ. საზღვრების დარღვევა დახმარების სურვილით ინიღბება, თქვენ კი იმ ადამიანის როლში აღმოჩნდებით, რომელსაც მუდმივად დარიგება და ჭკუის სწავლება სჭირდება.

როგორ მოვიქცეთ?

მეგობრობა ორმხრივი ურთიერთობაა და თქვენ გაქვთ უფლება, მშვიდად უთხრათ ადამიანს: „არ მსიამოვნებს, როცა ამ თემაზე ხუმრობ“.

თუ თქვენს ნათქვამს აგრესიით პასუხობს ან საერთოდ უარყოფს, რომ რამე გაწყენინათ, დაფიქრება ღირს: სინამდვილეში რას ინარჩუნებთ ამ მეგობრობაში — ახლო ურთიერთობას თუ უბრალოდ ძველ ჩვევას?