სკანდინავიური ცხოვრების წესი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მიზეზი მხოლოდ მინიმალისტური ინტერიერი არ არის. სკანდინავიური ცხოვრების წესი მთლიანად ადამიანის კომფორტზეა მორგებული.

გაიცანით ცხოვრების 3 ოქროს წესი სკანდინავიელებისგან, რომელთა საშუალებითაც თქვენი ცხოვრება უფრო კომფორტული და ბედნიერი გახდება.

1. ინტერიერი: მინიმალისტური და ფუნქციური

სკანდინავიური სტილის ინტერიერის მთავარი პრინციპებია უბრალოება და ხარისხი. ნორვეგიაში, დანიასა და შვედეთში ვერც ერთ სახლში იპოვით უაზროდ დახვავებულ ნივთებს. ურჩევნიათ ჰქონდეთ 1 სავარძელი - კომფორტული, ხარისხიანი და დახვეწილი.

ოთახის თითოეული დეტალი ფუნქციურია, ფერები ძირითადად თეთრი, ავეჯი აუცილებლად ხარისხიანი და ბუნებრივი მასალისგან დამზადებული. სახლში კომფორტის შესაქმნელად ისინი ძალიან ხშირად იყენებენ მცენარეებს.

ერთ ოთახს, როგორც წესი, მრავალი ფუნქცია გააჩნია - მისაღები ოთახი ამავდროულად სასადილოცაა. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ბუნებრივი განათება - სქელი ფარდები მხოლოდ საძინებელ ოთახში გამოიყენება. სახლი რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი შუქით უნდა იყოს სავსე.

2. გარდერობი: მხოლოდ აუცილებელი ნივთები

სკანდინავიური მინიმალიზმი მათ ჩაცმის სტილშიც ვლინდება. ისინი ყიდულობენ მხოლოდ აუცილებელ ნივთებს, თუმცა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხარისხს.

მათ არ აქვთ რამდენიმე უხარისხო კლასიკური თეთრი პერანგი, თუმცა აქვთ ერთი, რომელიც წლების განმავლობაში შეინარჩუნებს უზადო იერს. რაც შეეხება ფერებს, უპირატესობას ნეიტრალურ, ბუნებრივ ფერებს ანიჭრებენ. გარდერობის თითოეული ნივთი შეესაბამება ერთმანეთს - რითიც ადვილია მრავალფეროვანი ლუქების მიღება.

3. ცხოვრების წესი: უბრალოებით ტკბობა

სკანდინავიაში ძალიან მნიშვნელოვანია დატკბე ცხოვრების ყოველი წუთით. რა საჭიროა ოცნებებით ცხოვრება, როდესაც ახლა ამდენი რამე გაქვს. დატკბი საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული ცხოვრებით, წიგნის კითხვით, ფინჯანი ცხელი შოკოლადით, საღამოს სეირნობით ან წვიმის სურნელით - უბრალოდ გაიხარე ცხოვრების თითოეული წამით.

სკანდინავიური ცხოვრების წესი გულისხმობს, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა იპოვოს კომფორტი ყველგან და ყოველთვის - სამზარეულოში, სამსახურის მაგიდასთან თუ რესტორანში. პირველ რიგში კი, კომფორტი საკუთარ თავთან.