არც ტიტულები და არც პრივილეგიები: რა ელოდებათ ჰარისა და მეგანს, როცა უილიამი მეფე გახდება
- 23.11.2026
სამეფო ოჯახის ბიოგრაფის თქმით, პრინცი უილიამი ტახტზე ასვლის შემდეგ „მონარქიის მასშტაბურ რესტრუქტურიზაციას“ გეგმავს.
დადგება დრო, როცა პრინცი უილიამი სამეფო ტახტს დაიკავებს და, როგორც ვარაუდობენ, ბრიტანეთის მონარქიის მოწყობას შეცვლის. მათ შორის, საბოლოო წერტილს დაუსვამს სასექსების ოჯახის საკითხს - ყოველ შემთხვევაში, სამეფო ექსპერტები ამაში დარწმუნებულნი არიან.
Daily Mail-ის ინფორმაციით, გამეფების შემდეგ უილიამმა შესაძლოა ძმასა და მის მეუღლეს ყველა პატივი და ტიტული ჩამოართვას და ისინი საბოლოოდ აქციოს კერძო პირებად, რომლებსაც გვირგვინთან კავშირი აღარ ექნებათ.

ამის შესახებ თავის ახალ წიგნში - „ჰერცოგები: ედუარდ VIII, ენდრიუ და ჰარი - ადამიანები, რომლებმაც თანამედროვე მონარქია შეარყიეს“ - ბიოგრაფი ტომ საიქსი წერს.
მისი მტკიცებით, უილიამს სურს, რომ ტიტულები, ასევე მიმართვა „მისი სამეფო უდიდებულესობა“, მხოლოდ სამეფო ოჯახის მოქმედ წევრებს ეკუთვნოდეთ და არა დაბადების უფლებით მემკვიდრეობით გადაეცემოდეთ. თუ მსგავს გადაწყვეტილებას მართლაც მიიღებს, ჰარი და მეგანი თავიანთ სტატუსს მაშინვე დაკარგავენ, რადგან მათ ოფიციალურ მოვალეობებზე უარი ჯერ კიდევ 2020 წელს თქვეს.
ამჟამად ისინი ამ ტიტულებს კვლავ ფლობენ, თუმცა ოფიციალურ დონეზე მათი გამოყენების უფლება არ აქვთ.
„თუ სამეფო ოჯახის მოქმედი წევრი ხართ - მოგზაურობთ ქვეყნის მასშტაბით, ეწევით დიპლომატიურ, სახელმწიფო და საჯარო საქმიანობას, წვიმიან ოთხშაბათს დგებით საწოლიდან, რათა შეფილდში გაემგზავროთ - მაშინ გახდებით მისი სამეფო უდიდებულესობა და მიიღებთ პრინცის ან პრინცესას ტიტულს“, - ციტირებს მწერალი უელსის პრინცის ერთ-ერთ მეგობარს, რომელიც სიტუაციას კარგად იცნობს.
იგივე ეხება პრივილეგიებსაც, რომლებსაც ტიტული იძლევა. უილიამის სავარაუდო გეგმით, ოჯახის ის წევრები, რომლებიც სასახლესთან სამუშაო ურთიერთობით არ არიან დაკავშირებულნი, ვეღარ შეძლებენ სახელმწიფო დაფინანსებასა და რეზიდენციებში ცხოვრებაზე პრეტენზიის გამოთქმას. „თქვენ გახდებით კერძო პირი, თავისუფალი იმაში, რომ გააგრძელოთ ცხოვრება და ფული ნებისმიერი გზით გამოიმუშაოთ“, - დასძინა ინსაიდერმა.

ამასთან, ყველას - მათ შორის უელსელების შვილებს, შარლოტასა და ლუის - ექნებათ არჩევანის თავისუფლება, როგორი მომავალი სურთ: ოფიციალურად დარჩნენ სამეფო ოჯახის შემადგენლობაში თუ კერძო პირები გახდნენ. თუმცა ეს, სავარაუდოდ, არ შეეხება ჯორჯს, რადგან ის ტახტის პირდაპირი მემკვიდრეა. საიქსი წერს, რომ უილიამმა უკვე ჩამოაყალიბა თავისი გეგმები „მასშტაბურ რესტრუქტურიზაციასთან“ დაკავშირებით და გამეფებისთანავე სერიოზულად აპირებს მათ განხორციელებას.
გარდა ამისა, ეს ცვლილება შეეხება არჩისა და ლილიბეტსაც. თუ საქმე მათი მშობლებისთვის ტიტულების ჩამორთმევამდე მივა, ბავშვებიც ავტომატურად დაკარგავენ სტატუსს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად სასექსების შვილები პრინცად და პრინცესად ირიცხებიან, თუმცა არ შეუძლიათ მიმართვა „მისი სამეფო უდიდებულესობის“ გამოყენება - იმავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც მათი მშობლების მიმართ ჯერ კიდევ 2020 წელს მიიღეს.
მედიის ცნობით, კენსინგტონის სასახლემ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. მიუხედავად ამისა, თავად უილიამმა ადრე საჯაროდ განაცხადა: „ცვლილებები უკეთესობისკენაა, მე ამას ვიღებ და მომწონს შესაძლო გარდაქმნები. ამის არ მეშინია, შთამაგონებს აზრი, რომ შემიძლია გარკვეული სიახლე შემოვიტანო“. მან ასევე განმარტა, რომ კვლავ გეგმავს ტრადიციების ერთგულებას, თუმცა შეცვლის იმ წესებს, რომლებიც „მონარქიის დღევანდელ მიზნებს აღარ შეესაბამება“.
თემები: ბრიტანეთის სამეფო ოჯახი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია