ჯანმრთელობა

რატომ განიცდის ზოგიერთი ქალი მენსტრუაციამდე ძლიერ ემოციურ ცვლილებებს – ახალი კვლევის შედეგები

რატომ განიცდის ზოგიერთი ქალი მენსტრუაციამდე ძლიერ ემოციურ ცვლილებებს – ახალი კვლევის შედეგები

ზოგიერთი ქალისთვის მენსტრუალური ციკლი მხოლოდ ფიზიკურ დისკომფორტთან არ არის დაკავშირებული. მას შესაძლოა ახლდეს განწყობის მკვეთრი ცვლილებები, შფოთვა, გაღიზიანება და დეპრესიული მდგომარეობა. მძიმე შემთხვევებში ამის მიზეზი შეიძლება იყოს პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) – მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი ესტროგენისა და პროგესტერონის დონის ცვლილებებზე განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებს.

როგორც სამეცნიერო-პოპულარული გამოცემა ScienceAlert წერს, სპეციალისტების შეფასებით, ეს აშლილობა რეგულარული მენსტრუაციის მქონე ადამიანების დაახლოებით 3-8%-ს აღენიშნება. სიმპტომებს შორისაა შფოთვა, დეპრესია, გაღიზიანება, ძლიერი დაღლილობა, თავის ტკივილი, მუცლის შებერილობა, სხეულის ტკივილი და ძილის დარღვევა.

შვედი მეცნიერების კვლევა - აშლილობის სამი ტიპი

შვედეთში, უფსალის უნივერსიტეტის მკვლევრებმა პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის სამი განსხვავებული ტიპი გამოავლინეს. მათ შეისწავლეს სიმპტომების დაწყების დრო, სიმძიმე და ხანგრძლივობა.

კვლევაში 134 ქალი მონაწილეობდა, რომლებსაც ორი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათგან 90-ს ეს აშლილობა ჰქონდა, 44-ს კი – არა.

1. მძიმე, სრული ლუთეინური ტიპი

სიმპტომები ოვულაციის შემდეგ მალევე იწყება, მენსტრუაციის მოახლოებასთან ერთად ძლიერდება და სისხლდენის დაწყებისთანავე ქრება. ამ ფორმას ხშირად გაღიზიანება ახასიათებს.

2. მძიმე, გვიანი ლუთეინური ტიპი

სიმპტომები მენსტრუაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჩნდება, სწრაფად ძლიერდება და სისხლდენის დაწყებიდან კიდევ ოთხი-ხუთი დღის განმავლობაში გრძელდება. ამ ტიპს ხშირად შფოთვა ახლავს.

3. ზომიერი, გვიანი ლუთეინური ტიპი

სიმპტომები უშუალოდ მენსტრუაციის დაწყებამდე ვლინდება, შედარებით მსუბუქია და სისხლდენის დაწყების შემდეგ მალევე ქრება. მას შესაძლოა ახლდეს დეპრესიული მდგომარეობა, შფოთვა, განწყობის ცვლილებები, სახსრებისა და თავის ტკივილი.

მკვლევრების დაკვირვებით, სიმპტომების მიმდინარეობა შეიძლება განსხვავდებოდეს როგორც სხვადასხვა ქალში, ისე ერთი და იმავე ადამიანისთვის სხვადასხვა ციკლის განმავლობაში. კვლევაში მონაწილე იმ ქალების 98%-ს, რომლებსაც ეს აშლილობა ჰქონდათ, დაკვირვების ორი ციკლის განმავლობაში ერთზე მეტი ტიპის სიმპტომები გამოუვლინდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი დიაგნოზი?

პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა ჩვეულებრივ პრემენსტრუალურ სინდრომად (PMS) არ უნდა მივიჩნიოთ. მძიმე შემთხვევებში ემოციურმა, კოგნიტიურმა და ფიზიკურმა სიმპტომებმა შესაძლოა ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად გაართულოს და სუიციდური აზრებიც კი გამოიწვიოს.

მიუხედავად ამისა, ამ მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულობა დაბალია, არასწორი დიაგნოზებიც ხშირია. შედეგად, ქალები ზოგჯერ წლების განმავლობაში ვერ იღებენ სათანადო დახმარებას.

მკურნალობის შესაძლო მეთოდებს შორისაა კოგნიტურ-ქცევითი თერაპია, ჰორმონული კონტრაცეპტივები და ანტიდეპრესანტები, თუმცა ზოგიერთი პაციენტი არსებულ მკურნალობაზე სათანადოდ არ რეაგირებს.

განსაკუთრებით საყურადღებოა მკურნალობისადმი რეზისტენტული მძიმე ფორმა. 2021 წლის მეტაანალიზის მიხედვით, ეს აშლილობა სუიციდის მცდელობის რისკის თითქმის შვიდჯერ გაზრდასთან არის დაკავშირებული.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მდგომარეობის განსხვავებული ტიპების უკეთ შესწავლა დიაგნოსტიკის გაუმჯობესებასა და თითოეული პაციენტისთვის უფრო ეფექტიანი მკურნალობის შერჩევას შეუწყობს ხელს.