10 ნაკლებად პრეტენზიული ოთახის მცენარე დაკავებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სახლში სიმწვანე სურთ
- 23.11.2026
თუ ოთახის მცენარეების გახარება თქვენც გიჭირთ და უკვე არაერთი ყვავილი გაგიხმათ, ნუ იდარდებთ - მარტო არ ხართ. თუმცა უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ სახლში ცოცხალი მცენარეების ქონა ჰაერს ასუფთავებს და განწყობას აუმჯობესებს.
ამიტომ, თუ მცენარეების მოვლა დიდად არ გეხერხებათ ან დრო არ გყოფნით, შეარჩიეთ ისეთი სახეობები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას არ მოითხოვს და ნებისმიერ ოთახს დაამშვენებს.
1. სანსევიერია („სიდედრის ენა“)

მას ბასრი და წვეტიანი ფოთლები აქვს, რის გამოც ხუმრობით „სიდედრის ენასაც“ უწოდებენ. ხუმრობა იქით იყოს და ეს მცენარე შესანიშნავად ხარობს როგორც ჩრდილში, ისე მზეზე და მშრალი ნიადაგი უყვარს, ამიტომ ხშირი მორწყვა არ დაგჭირდებათ. მეტიც, ზამთარში მისი მორწყვა თვეში ერთხელაც კი საკმარისია.
2. სურო

სურო საოცრად ეფექტურად გამოიყურება და სხვა ბევრი პლუსიც აქვს. მისი მოვლა ძალიან მარტივია და ერთნაირად კარგად იზრდება როგორც ოთახში, ისე გარეთ. სუროს არ სჭირდება ბევრი სინათლე და მშრალ, მტვრიან ადგილებსაც კი უძლებს. უბრალოდ მორწყეთ ორ-სამ დღეში ერთხელ და თავს მშვენივრად იგრძნობს.
3. სუკულენტები

ეს მცენარეები კაქტუსებს ჰგვანან და წყალს თავად იმარაგებენ. სუკულენტების უამრავი სახეობა არსებობს, ისინი ძალიან მოდურად გამოიყურებიან და ინტერიერს ადვილად ერწყმიან. სახლის პირობებში მარტივად ხარობენ და მხოლოდ რეგულარულ, ზომიერ მორწყვას საჭიროებენ.
4. სპატიფილუმი („ქალური ბედნიერება“)

ეს მცენარე შესანიშნავი არჩევანია, თუ ბნელი ოთახის გამწვანება გსურთ. მას ბევრი სინათლე არ სჭირდება და იდეალურია როგორც ოფისებისთვის, ისე სახლისთვის. ეცადეთ, ნიადაგი ზედმეტად არ გამოუშრეს - თუ მორწყვა არ დაგავიწყდებათ, ის ნებისმიერ ადგილას კარგად გაიხარებს.
5. ასპიდისტრა

ამ მცენარეს არა მხოლოდ შეუძლია სახლის ჩრდილიან კუთხეებში გახარება, არამედ პირდაპირი მზის სხივებისგან მოშორებით ყოფნას თავადვე ამჯობინებს. შესანიშნავია კაბინეტებისთვის, ოფისებისა და ნახევარსარდაფის ტიპის ოთახებისთვის. სათანადო მოვლის შემთხვევაში, შესაძლოა, იშვიათი ყვავილობითაც კი გაგახაროთ.
6. ქლოროფიტუმი

ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოთახის მცენარეა და ალბათ ბევრ ოჯახში გინახავთ. ის ნებისმიერი ტიპის ნიადაგსა და განათებას ეგუება და მაშინაც კი არ დაჭკნება, თუ მორწყვა დაგავიწყდათ. როცა მოსწყურდება, ფოთლები ოდნავ გაუყვითლდება და თავადვე მიგანიშნებთ.
7. კაქტუსები

სუკულენტების მსგავსად, კაქტუსებიც ინახავენ წყალს და ფორმებისა და ზომების უზარმაზარი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. მათ გასაზრდელად არ სჭირდებათ ბევრი წყალი, განსაკუთრებული ნიადაგი ან სინათლე, ამიტომ პრაქტიკულად ნებისმიერ ადგილას გადარჩებიან. თუ რამდენიმე წელი გაუფრთხილდებით, შესაძლოა, ყვავილებიც გამოიღოს.
8. უკადრისა (ბალზამინი / Impatiens)

თუ მოყვავილე მცენარე გსურთ, უკადრისა მშვენიერი არჩევანია. მას ტენიანი ნიადაგი უყვარს, ამიტომ რეგულარული მორწყვა დაგჭირდებათ, თუმცა სხვა მხრივ მისი მოვლა ძალიან მარტივია. მცენარეს პატარა ქოთნები მოსწონს - თუ ზედმეტად დიდ ქოთანში ჩარგავთ, აღარ იყვავილებს.
9. კალანხოე

კიდევ ერთი მოყვავილე მცენარე, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ. მას ხშირად იყენებენ სივრცის გასაფორმებლად, რადგან ერთდროულად უამრავი კაშკაშა ყვავილი გამოაქვს. კალანხოე გადარჩება, თუ მორწყვა დაგავიწყდათ, თუმცა წყურვილის შემთხვევაში შესაძლოა ყვავილების ცვენა დაეწყოს.
10. ფიკუსი

თუ რაიმე დიდ მცენარეს ეძებთ, ფიკუსი სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ. მას უყვარს მზის შუქი, თუმცა ნაკლებად განათებულ ადგილებშიც მშვენივრად ხარობს. ფიკუსი შესანიშნავად ავსებს ცარიელ სივრცეს ინტერიერში და ამავდროულად ჰაერსაც ეფექტურად ასუფთავებს.
თემები: მცენარეები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია