LIFE

7 ფრაზა, რომლებსაც თავდაჯერებული ადამიანები არასოდეს ამბობენ

7 ფრაზა, რომლებსაც თავდაჯერებული ადამიანები არასოდეს ამბობენ

თავდაჯერებულობა ხშირად აგრესიულობაში ან, პირიქით, ზედმეტ მორჩილებაში ერევათ. სინამდვილეში, იყო თავდაჯერებული ნიშნავს, გამოხატავდე საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებს ისე, რომ ამავე დროს სხვების უფლებებსა და ინტერესებსაც პატივს სცემდე.

ასეთი კომუნიკაცია გვეხმარება საკუთარი პოზიციის დაცვაში, მკაფიო საზღვრების დაწესებასა და აზრის მშვიდად, გასაგებად გამოხატვაში. თავდაჯერებულ ადამიანს შეუძლია უარის თქმა, დახმარების თხოვნა და საკუთარი ინტერესების დაცვა ისე, რომ სხვებს შეურაცხყოფა არ მიაყენოს.

გთავაზობთ შვიდ ფრაზას, რომლებსაც თავდაჯერებული ადამიანები, როგორც წესი, ერიდებიან.

1. „დიახ, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებ“

თუ რაღაცის გაკეთება არ გსურთ ან ამისთვის დრო არ გაქვთ, მხოლოდ იმიტომ დათანხმება, რომ სხვას არ აწყენინოთ, საკუთარი საჭიროებების უგულებელყოფაა. თავდაჯერებულობა სწორედ იმასაც გულისხმობს, რომ საჭიროების შემთხვევაში უარი თქვათ.

შეგიძლიათ მშვიდად უთხრათ: „სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარები“ ან „ამისთვის ახლა დრო არ მაქვს“. უარის თქმა ყოველთვის უხეშობას არ ნიშნავს - ეს საკუთარი შესაძლებლობებისა და საზღვრების პატივისცემაა.

2. „ჩემი სურვილები მნიშვნელოვანი არ არის“

თავდაჯერებულმა ადამიანმა იცის, რომ მისი სურვილები და საჭიროებებიც მნიშვნელოვანია. მას აქვს უფლება, ითხოვოს ის, რაც სურს, და საკუთარი ინტერესები სხვების ინტერესებთან ერთად გაითვალისწინოს.

საკუთარი სურვილების გამოხატვა ეგოიზმი არ არის. მთავარია, ეს სხვების უფლებების უგულებელყოფის გარეშე გააკეთოთ.

3. „ან ჩემი წესებით იქნება, ან საერთოდ არაფერი გამოვა“

როდესაც ადამიანი ცდილობს, ზედმეტად მორჩილი აღარ იყოს, ზოგჯერ საპირისპირო უკიდურესობაში ვარდება და აგრესიულად იქცევა. თუმცა თავდაჯერებულობა სხვებისთვის საკუთარი ნების თავს მოხვევას არ ნიშნავს.

მნიშვნელოვანია, საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოთ, მაგრამ ამავე დროს სხვების აზრიც მოისმინოთ. პრობლემის გადაჭრისას ეცადეთ, ისეთი გამოსავალი იპოვოთ, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს გაითვალისწინებს.

4. დუმილი

თუ რაიმე სიტუაცია დისკომფორტს გიქმნით, საკუთარი აზრის გამოთქმისგან მხოლოდ უხერხულობის გამო ნუ შეიკავებთ თავს. დუმილი ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი არ არის – შესაძლოა, სხვებმა ვერც კი გაიგონ, რა გაწუხებთ ან რა გჭირდებათ.

თავდაჯერებული ადამიანი საკუთარ პოზიციას მშვიდად და პატივისცემით გამოხატავს, ნაცვლად იმისა, რომ უკმაყოფილება გულში დაიტოვოს.

5. „დახმარება არ მჭირდება“

თავდაჯერებულ ადამიანებს დახმარების თხოვნის არ ეშინიათ. იმის აღიარება, რომ რაღაცაში მხარდაჭერა გჭირდებათ, სისუსტეს არ ნიშნავს.

პირიქით, ეს იმის ნიშანია, რომ აცნობიერებთ საკუთარ საჭიროებებს და მიზნის მისაღწევად შესაბამის ნაბიჯებს დგამთ. დახმარების თხოვნით სხვებსაც აძლევთ შესაძლებლობას, უკეთ გაგიცნონ და მხარში დაგიდგნენ.

6. „ხელფასის მომატება ნამდვილად არ მჭირდება“

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შრომა სათანადოდ არ ფასდება, ნუ შეგეშინდებათ ხელმძღვანელთან ანაზღაურების გაზრდის საკითხის განხილვის. თუ მიიჩნევთ, რომ ხელფასის მომატებას იმსახურებთ, ამის შესახებ საუბარი სრულიად ბუნებრივია.

თუ მოთხოვნაზე უარს მიიღებთ, შეგიძლიათ იკითხოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა თქვენი საქმიანობისა და ანაზღაურების საკითხის ექვსი თვის შემდეგ ხელახლა განხილვა.

7. „არ ვიცი, მაწყობს თუ არა ეს“

როდესაც კონკრეტულ სიტუაციაზე საკუთარი პოზიცია არ გაქვთ ჩამოყალიბებული, სხვებს შეიძლება გადაწყვეტილების თქვენ ნაცვლად მიღების შესაძლებლობა მისცეთ.

თუ პასუხისთვის დრო გჭირდებათ, უმჯობესია პირდაპირ თქვათ: „მინდა, ამაზე დავფიქრდე და შემდეგ გიპასუხოთ“. ასე არც ნაჩქარევ გადაწყვეტილებას მიიღებთ და არც საკუთარ ინტერესებს უგულებელყოფთ.

თავდაჯერებულ კომუნიკაციას სწავლა და პრაქტიკა სჭირდება. იყავით მომთმენი საკუთარი თავის მიმართ, ისწავლეთ საჭიროების შემთხვევაში უარის თქმა, საკუთარი სურვილების გამოხატვა და დახმარების თხოვნა. თავდაჯერებულობა არ ნიშნავს, რომ ყოველთვის თქვენი სიტყვა უნდა იყოს გადამწყვეტი – ის ნიშნავს, რომ საკუთარ თავს პატივს სცემთ და სხვებისგანაც იმავეს ელით.