რა შეიძლება იყოს უფრო ამაღელვებელი, ვიდრე მომღიმარი ახალშობილის დანახვა? რა და ახალშობილის პირველ ღიმილი! ამას ხშირად „ანგელოზის ღიმილსაც“ ეძახიან, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ეს ხომ ყველა დედის საოცნებო წამებია. ეს ჯადოსნური მომენტი კი, როგორც წესი, ძილის დროს ხდება...
ბავშვები დაბადებამდეც კი იღიმებიან
თქვენ ძალიან გაგიმართლათ, თუკი პატარას ღიმილი ულტრაბგერით გამოკვლევებზე დაინახეთ. კვლევის თანახმად დასტურდება, რომ 500 ორსულიდან, 4D ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, 31-მა ნაყოფის ღიმილის დანახვა შეძლო. თითოეული ღიმილი კი, საშუალოდ 3,21 წამის განმავლობაში გაგრძელდა. ამგვარად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს იღიმიან.
გარდა ამისა, ახალი ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელი გახდა იმის აღმოჩენა, რომ ნაყოფი 18 კვირის შემდეგ იწყებს ხმების გამოცემას, ხოლო 26-ე კვირიდან მას შეუძლია ღიმილი, თვალების დახუჭვა და ტირილი. ეს ყველაფერი არის უნებლიე რეფლექსი, რაც პატარას დაბადების მომენტისთვის ამზადებს.
პირველი ღიმილი არის რეფლექსური და უნებლიე
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვის მიერ საშვილოსნოში განხორციელებული ქმედებები რეფლექსურად ითვლება. ანუ, ეს არის უშუალო პასუხი სტიმულზე, რაც ჩვილების შემთხვევაში სიამოვნების განცდას მოსდევს. ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით, ჩვილებმა სინამდვილეში არ იციან, რომ ისინი იღიმებიან, ამიტომ ჩვენ სიტყვა „ღიმილში“ კუნთების უნებლიე მოძრაობას ვგულისხმობთ.
ღიმილის შესაფერისი დრო
ძილის დროს, ახალშობილი აქტიურ და ღრმა ძილის ფაზებს გადის. დაძინებიდან 60-90 წუთის შემდეგ იწყება აქტიური ფაზის დრო და ჩვილი თვალის გუგებს ამოძრავებს. ითვლება, რომ ამის მიზეზი, ტვინის ინტენსიური აქტივობაა. სწორედ აქტიური ძილის ფაზაშია შესაძლებელი ახალშობილის ღიმილის, როგორც სხეულის უნებლიე მოქმედების დანახვა.
საპასუხო გაღიმება
ვინაიდან ახალშობილებს არ შეუძლიათ ლაპარაკი, ღიმილიც და ტირილიც მათი ძირითადი კომუნიკაციის საშუალებაა. ამასთან, თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ბავშვები უკვე სოციალური არსებები არიან დაბადებიდან რამდენიმე დღის ან საათების შემდეგაც კი. ამიტომაც მათი ღიმილი შესაძლოა იყოს პასუხი პოზიტიურ გრძნობებზე ან დამამშვიდებელ შეგრძნებებზე, როგორიცაა ლოყაზე ან თავზე მოფერება.
ახალშობილები სიზმრებს არ ნახულობენ, თუმცა მათ აქვთ მეხსიერება
მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ ძილის დროს გაღიმება სასიამოვნო სიზმრებს ნიშანია. სინამდვილეში, ახალშობილები სიზმრებს არ ნახულობენ, რადგან არ აქვს საკმარისი გამოცდილება, არც წარმოსახვის უნარი და არც ფიზიკური შესაძლებლობა.
სიცოცხლის პირველ კვირებში ძილს აქვს ძალიან სპეციფიკური ფუნქციები: ის ხელს უწყობს ტვინის განვითარებას, ახალშობილს ეხმარება ინფორმაციის დამუშავებაში და აძლიერებს მეხსიერებას, რომელიც ჯერ კიდევ საშვილოსნოდან იწყებს ჩამოყალიბებას. ეს უკანასკნელი კი კვლევებითაა დადასტურებული - დაბადებისთანავე ჩვილები მამის ან დედის ხმაზე იწყებენ საპასუხო რეაგირებას.
თემები: მშობლები და შვილები, ბედნიერი ბავშვი, ახალშობილი, ღიმილი