მშობლების განქორწინების შედეგად გამოწვეული სირთულეები - რჩევები მოზარდებს
- 06.02.2017
მოზარდთათვის ყველაზე რთული პერიოდი მაშინ დგება, როცა მშობლების განქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას იგებენ. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდებს თითქმის არასოდეს ეპარებათ მხედველობიდან მშობლებს შორის არსებული პრობლემები, მაინც იმედოვნებენ, რომ სიტუაცია დალაგდება, მშობლები არსებულ უთანხმოებას მოაგვარებენ და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. შესაბამისად, მათთვის, ერთ-ერთი ყველაზე რთული მდგომარეობა სწორედ მაშინ იქმნება, როცა იმედები უცრუვდებათ, მშობლები პრობლემებს ვერ აგვარებენ და მათ შორის, ცოლ-ქმრული ურთიერთობა სრულდება.
უპირველესად, მოზარდებს უჭირთ იმ ცვლილებების გაცნობიერება და შემდეგ მიღება, რაც მშობლების გადაწყვეტილებას, აუცილებლად მოჰყვება თან. ამ ცვლილებებთან გამკლავება მარტივი ნამდვილად არ არის, ამიტომაც TREND გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც მოზარდებს, ამ ცვლილებების მშვიდად მიღებასა და სირთულეების გადალახვაში დაეხმარებათ.
1. ნუ გაუნაწყენდები მშობლებს - ეს გადაწყვეტილება მათთვისაც რთულია
შესაძლოა, ფიქრობ, რომ შენი მშობლები ეგოისტები არიან, რადგან ამ გადაწყვეტილებით წარმოუდგენლად დიდ ტკივილს გაყენებენ, თუმცა, უნდა გაიაზრო ისიც, რომ არც მათთვის არის მარტივი ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება. ამიტომ, ჯავრსა და სიბრაზეს, რომელიც მათი განქორწინების შესახებ სიახლის გაგების შემდეგ აუცილებლად დაგეუფლება, მათზე ნუ გადმოანთხევ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იცოდე, რომ არსებულ მდგომარეობას მათ უფრო დაუმძიმებ!
2. ისინი ერთმანეთს შორდებიან და არა შენ
ყველაზე ხშირად, მაშინ, როცა მშობლები ერთმანეთს შორდებიან, მოზარდები ფიქრობენ, რომ ისინი ასრულებენ თავიანთი მშობლის მოვალეობებსაც. თუ ფიქრობ, რომ მათი განშორება თქვენსა და თქვენს მშობლებს შორის დამოკიდებულებას შეცვლის, ძალიან ცდები! ისინი კვლავ რჩებიან შენს მშობლებად და კვლავ აგრძელებენ თქვენზე ზრუნვასა და სიყვარულს.
3. რა ასაკშიც არ უნდა იყო, ეს მტკივნეულია
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, მშობლების დაშორება ყოველთვის მტკივნეულია. ეს არის შენს არსებობაში დიდი ცვლილება. რთულია ერთ დღესაც გაიღვიძო და მხედველობა დაკარგო, არა? დაახლოებით ასეთივე რთულია შეეგუო ყოველდღიურობის ცვლილებას, მოირგო ახალი დღის წესრიგი და ახალი ურთიერთობების ჩარჩოში მოექცე. თუმცა, ისიც გაითვალისწინე, რომ შეუძლებელი და მიუღებელი ამაში არაფერია. მანამ შეგიძლია გამოხატო შენი მწუხარება, სანამ ემოციები და გრძნობები არ გაგინელდება და ახალ ცხოვრებას არ შეეჩვევი.
4. დაფიქრდი, იქნებ, შენთვის ასე სჯობდა?
შესაძლოა, ეს დაშვება სისულელედ გეჩვენება, თუმცა, იქნებ, მართლაც ასე სჯობდა? მაშინ, როცა მშობლები ხშირად კამათობენ, სახლში გამუდმებით დაძაბული ატმოსფერო იქმნება. ასეთ გარემოში, ყველას უჭირს თავისუფლად ყოფნა, შესაბამისად, მათი განქორწინების შემდეგ, შეძლებ მშვიდი გარემოთი დატკბე, უკეთ იმეცადინო, თვითგანვითარებაზეც მთელი კონცენტრაციით იფიქრო. მას შემდეგ, რაც მწუხარება და ტკივილი ჩაივლის, ახალ სიტუაციაში, შესაძლოა, თავი გაცილებით კომფორტულად იგრძნო.
5. შენ არ ხარ მათ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი
შვილები, საკმაოდ ხშირად იდანაშაულებენ თავიანთ თავს მშობლების გადაწყვეტილებაში. თუმცა, გახსოვდეს, რომ შენ არაფერ შუაში ხარ. უფროსების ურთიერთობები საკმაოდ რთულია და ყოველთვის ბედნიერი დასასრული არ აქვს. ამიტომ, მორჩი თვითგვემას, საკუთარი თავის დადანაშაულებას და მიიღე მათი გადაწყვეტილება ღირსეულად.
6. წინ დიდი ცვლილებები გელის, იყავი მზად ამისთვის
მშობლების განქორწინებას ბევრი ცვლილება რომ ახლავს თან, ეს ახალი არავისთვის არის. თუმცა, რატომღაც, ყველა ფიქრობს, რომ ეს ცვლილებები, აუცილებლად ნეგატიური უნდა იყოს. რეალურად კი, შესაძლოა პირიქითად მოხდეს და ამისთვის, სასურველია, მზად იყო.
7. ისაუბრე საკუთარ გრძნობებზე ღიად
შესაძლოა, ფიქრობ, რომ საკუთარი გრძნობების დამალვით მშობლებს კიდევ ერთ განსაცდელს აარიდებ. თუმცა, უმჯობესია მათთან გახსნილი იყო და ისაუბრო ღიად იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც იმყოფები. ნუ ჩათვლი აუცილებლობად, მარტოობის განცდით იტანჯებოდე, მშობლების განქორწინება სულაც არ ნიშნავს, რომ მარტო დარჩი.
თემები: მშობლები, ოჯახი, განქორწინება, მშობლები და შვილები, ემოციების მართვა, ბედნიერი ბავშვი, შიში, გამოწვევა, მოზარდები
allwomenstalk.com
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია