ხშირად ბავშვებს პრობლემები აქვთ სკოლაში, შესანიშნავი იქნებოდა ყველაფერს რომ გვიყვებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ხშირად არაფერს ამბობენ. ბავშვი შეიძლება დაძაბული იყოს და გრძნობებს ვერ გამოხატავდეს, მით უმეტეს მაშინ, თუ შეშინებულია სკოლით ან მასწავლებლით.
თუკი შენი შვილი არ გიყვება, რა ხდება მის ცხოვრებაში, არსებობს რამდენიმე გზა იმის გასარკვევად, რა პრობლემები აქვს ან რას გრძნობს სინამდვილეში.
ხშირად ელაპარაკე შენს შვილს სკოლაზე. შეარჩიე ერთი და იგივე დრო, როდესაც დაელაპარაკები მას სკოლაზე, მაგალითად, ვახშმის დროს. დაუსვი კითხვები იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც მას უკვე ნახსენები აქვს. ამითი მას აჩვენებ შენს გულწრფელ ინტერესს.
ბავშვებს არ სურთ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც სკოლაში მის დასჯას ან ცუდ ქცევას ეხება. მოუსმინე წყნარად, შენიშვნების გარეშე. ასე მომავალში გაუადვილდება ცუდი სიახლეების შესახებ ლაპარაკი. ეცადე, ისაუბრო მხოლოდ ქცევაზე და არ გაკიცხო ბავშვი, იფიქრეთ ერთად პრობლემის გადაწყვეტის გზებზე.
დასვი დეტალური შეკითხვები. არ იკითხო უბრალოდ: „რა ხდებოდა დღეს სკოლაში?“ და პასუხად არ მიიღო უბრალოდ: „კარგი იყო“ ან „არაფერი არ ხდებოდა“. ცნობილი პროფესორი გვენ მეთეტალი ამბობს, რომ ამ კითხვაზე ბავშვი არასდროს მოგვაწვდის სწორ ინფორმაციას. ამის მაგივრად დაუსვი ისეთი კითხვები, რომლებიც ერთ ან ორ სიტყვაზე მეტ პასუხს საჭიროებს.
ჰკითხე, რომელი საგნები უყვარს ან რომლები ეძნელება. ჰკითხე, რა მოსწონს ყველაზე მეტად მასწავლებელში და ა.შ. კარგი კითხვების მაგალითებია: „რა იყო შენი დღის საუკეთესო მომენტი?“ „ვისთან ერთად ატარებ დროს შესვენებებზე ან ჭამის დროს?“
იყავი მოხალისე სკოლაში. თვეში ერთხელ მაინც გაატარე თუნდაც ერთი საათი სკოლაში ან მის კლასში და უკეთესად გაუგებ. შეძლებ ნახო მასწავლებლის მუშაობის ტექნიკა და დამოკიდებულება ბავშვებისადმი, დარწმუნებული ვარ, ის ბედნიერი იქნება და მარტივად დაგასაქმებს!
მოხალისედ ყოფნის დროს ნინომ შეამჩნია, რომ მისი ქალიშვილი სულაც არ იყო ბედნიერი სკოლაში, სხვა მშობელმა კი აღნიშნა, რომ ნინოს ქალიშვილი არ იხარჯებოდა ბოლომდე და არ იღებდა სწავლის პროცესში მონაწილეობას. მეთეტალმა პატარა კვლევის შედეგად დაადგინა, რომ მის ქალიშვილს სასწავლო მასალა უბრალოდ ეადვილებოდა და ამიტომაც იყო მოწყენილი. პრობლემა მარტივად გადაჭრეს: ნინოს ქალიშვილი გადაიყვანეს უფრო ძლიერ ჯგუფში.
ეკონტაქტე მასწავლებელს. მასწავლებელი კვირაში ხუთ დღეს ატარებს შენს შვილთან ერთად. თუ აღმოჩნდა, რომ ბავშვი მოწყენილია ან პრობლემა აქვს მეგობართან, შესაძლებელია, მასწავლებელმა მეტი იცოდეს ამის შესახებ ვიდრე შენ.
გამაფრთხილებელი ნიშნები – თქვენი შვილი ბედნიერი არ არის სკოლაში
- მუცლის ტკივილი ან დიარეა სკოლის დაწყებამდე. ერთჯერადი შემთხვევა არაფერს ნიშნავს, თუმცა თუ ეს გამუდმებით ხდება, სავარაუდოდ, შენი შვილი შეწუხებულია ან ნერვიულობს რამეზე.
- ნერვიულობა. შეიძლება ბავშვმა დაიწყოს ისეთი ქმედებები, როგორიცაა: ფრჩხილების კვნეტა, თითის წოვა, თმის წიწკნა, უნებლიე შარდვა.
- სიჩუმე. ბავშვი წყვეტს საუბარს, როდესაც ახსენებ მასწავლებელს, საშინაო დავალებას ან რაიმეს სკოლასთან დაკავშირებულს.
- მოწყენილობა. შეიძლება ბავშვს გაუქრეს ინტერესი სკოლის მიმართ და აღარ მოჰქონდეს საშინაო დავალება სახლში. თუ მისი ნიშნები კვლავ კარგია, მაგრამ საშინაო დავალება არა აქვს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის გაკეთებას სკოლაში ასწრებს და სჭირდება დამატებითი დავალებები სახლისთვის.
- შემოდგომაზე სკოლაში დაბრუნების შიში. ბავშვებს უყვართ ზაფხულის არდადეგები, თუმცა ხშირად სულმოუთქმელად ელიან სკოლის დაწყებას სექტემბერში. თუ ასე არ ხდება, აუცილებელია მიზეზის დადგენა.
თემები: ბავშვი სკოლაში, ბედნიერია თუ არა ბავშვი სკოლაში, ბავშვების პრობლემები სკოლაში, ბავშვის ბედნიერება
წყარო: <a href="http://www.babycentre.co.uk">babycentre</a>