LIFE
იცით, რომ მეგობრობის 5 განსხვავებული ფორმა არსებობს - სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს?
- 02.05.2023
მეგობრები სიახლეების აღმოჩენაში გვეხმარებიან. ისინი გვეხმარებიან სააზროვნო სივრცის გაფართოებაში და ჩვენს გუნება-განწყობაზე დადებითად მოქმედებენ. მეგობრები ცდილობენ გაგვხადონ უკეთესი ადამიანები და დაგვეხმარონ აღმოვაჩინოთ ჩვენი საუკეთესო მხარე.
მოდით თვალი გადავავლოთ თანამედროვე სამყაროს 5 განსხვავებულ მეგობრობის ფორმას:
- “ვირტუალური მეგობარი“ არის აბსოლუტურად უცნობი ადამიანი ინტერნეტსივრცეში, რომელსაც, ჩვენი ყველაზე დიდი საიდუმლოც კი თამამად შეგვიძლია ვანდოთ . ის ფაქტი, რომ ადამიანი უცნობია, ჩვენს ფსიქიკას დამატებითი შესაძლებლობას აძლევს, რომ საკუთარ „თეატრალური„ ნიჭი გამოავლინოს. ფსიქოლოგები ამ უპირობო ნდობის ფაქტორს ინფორმაციის გაცემის საჭიროებით ხსნიან და არა რეალური ნდობით, რომელიც უცნობი ინტერნეტსივრცეში აღმოჩენილი მეგობრის მიმართ შეიძლება გვქონდეს. აქ მთავარი გასაღები სწორედ მის „უცნობობაში“ მდგომარეობს.
- „კომფორტული მეგობარი“ ხშირად ხდება მეზობელი, ან ოფისის თანამშრომელი, რომლებთანაც მცირე დოზით ვურთიერთობთ. ის თანახმაა გვათხოვოს მანქანა, კაბა , ან პირადი კომპიუტერი, გაიყოლოს ჩვენი შვილი ბაღში და როცა თავს ცუდად ვგრძნობთ, აფთიაქიდან მოგვიტანოს წამალი. დაგვეთანხმებით, რომ ასეთი მეგობრობა, მართლაც ძალიან კომფორტულია.
- „გამორჩეული ინტერესების მეგობარი“, მეტწილად ჰობის და სპორტულ ცხოვრებას იზიარებს ჩვენთან. მასთან ერთად გუნდურობის განცდას და ერთიანობის სიხარულის გაზიარებას ვსწავლობთ. საერთო წარმატება, დასახული მიზნისკენ სწრაფვა და ერთმანეთის გამოწვევა, ამ კუთხით, ჩვენი ზრდის პროცესის უტყუარი გარანტიაა. ასეთ მეგობრებს დიდი პოტენციალი აქვთ, რომ ე.წ. „სოულმეით“ მეგობრებად გადაკვალიფიცირდნენ.
- „განსხვავებული ასაკის და თაობის მეგობარი“ ის შემთხვევაა, როცა ჩვენი მეგობრის დედა, ჩვენი საუკეთესო მეგობარია. განსხვავებული ასაკი დასწავლილი გამოცდილების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობაა. როცა საკუთარი მშობლების დარიგება, ან რჩევა, ჩვენში შესაძლო აგრესიას იწვევს, მსგავსს დარიგებას მეგობრის მშობლებისგან მეგობრულ გამოვლინებად ვნათლავთ და მოგვწონს. უმცროსი თაობა კი უფროსებისთვის ტონუსში ყოფნის მუდმივი მუხტია. ჩვენ მათ მოდუნების საშუალებას არ ვაძლევთ. როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად.
- „ახლო მეგობარი“, ე.წ. სულის მეგობარი არის ადამიანი, რომლისთვისაც ცხოვრება ღირს. ჩვენ დამოკიდებულები ვართ ერთმანეთზე, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად. მათ გარეშე არ არსებობს ჩვენი ცხოვრების არც ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ახლო მეგობრები გვეხმარებიან საკუთარი სისუსტეების აღმოჩენაში და დაძლევაში. ისინი ჩვენი პერსონალური ზრდის პროცესში მართლაც რომ კონტრიბუტორები არიან. ახლო მეგობრები მუსიკას უფრო მაღალ ხმოვანებას ანიჭებენ, ღვინოს მეტად გემრიელს ხდიან და ფერებს მეტ სიმკვეთრეს აძლევენ. ისინი საკუთარ ცხოვრებას და საკუთრებას უყოყმანოდ გვიზიარებენ და გვეხმარებიან დავძლიოთ ცხოვრების ნებისმიერი გამოწვევა და სირთულეები.
თემები: მეგობრობა