LIFE

დილით ადრე გაღვიძების 5 საუკეთესო მიზეზი

დილით ადრე გაღვიძების 5 საუკეთესო მიზეზი

დილა მთელი დღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პროდუქტიული მონაკვეთია. ამიტომაც, წარმატებული ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ ეს დრო სწორად გამოიყენონ, რადგან დილით ადრე გაღვიძება წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ადრიანად სამუშაო განწყობაზე მოსვლა და მობილიზება კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენს ოცნებებთან, დილის რუტინა კი განსაკუთრებით აუცილებელი და მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს მოტივაცია.

როგორც კი მზე იწყებს ამოსვლას, სხეულში გარკვეული პროცესები იწყება. ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესები კავშირშია ბუნებასთან და სხეულმა „იცის“, რომ უკვე გაღვიძების დროა. თუ ცოტა ადრე დაიძინებთ, მზის ამოსვლამდეც ბუნებრივად გაგეღვიძებათ. სხეულის სიჯანსაღისთვის, ყველა შემთხვევაში, უმჯობესია მზის ამოსვლამდე ადგომა, რათა დღე მხნედ და ენერგიულად გაატაროთ.

მეტი თავისუფალი დრო

ყოველდღე ადრე ადგომა გაძლევთ კვირაში 10-15 დამატებით თავისუფალ საათს, რომელიც შეგიძლიათ დახარჯოთ საკუთარ თავზე: შესაძლოა ეს იყოს ვარჯიში სუფთა ჰაერზე, საინტერესო წიგნის კითხვა, უცხო ენის დაუფლება (ამ დროს გონება მეტად მობილიზებულია), თავის მოვლის რუტინა, ან საყვარელი საქმით დაკავება: ქარგვა, ქსოვა, კერვა და სხვა საქმიანობები, რაც ხელს შეუწყობს თქვენი გუნება-განწყობის ამაღლებას.

ორგანიზმის ბიოლოგიური გაღვიძება

ადრე ადგომა და დაძინება აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას და კანის მდგომარეობას. დილა სხეულის გადატვირთვის ყველაზე ეფექტური დროა. ჩვენი ტვინი ასევე სინქრონიზებულია ცირკადულ რიტმებთან - ბიოლოგიურ რხევებთან, რომლებიც დამოკიდებულია მზის ჩასვლასა და ამოსვლაზე. გამოდის, რომ გამთენიისას ადგომა ყველაზე კარგი და მარტივია; ეს აადვილებს ორგანიზმის ბიოლოგიურ გაღვიძებას.

თავის მოვლის რუტინა

შხაპის მიღება, სახის კანის გასუფთავება, დატენიანება, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება - ეს და კიდევ სხვა სასურველი რუტინა, რომლებსაც დილით მიმართავთ, დაგეხმარებათ, დაისვენოთ, განიტვირთოთ, გალამაზდეთ და მთელი დღე თავდაჯერებულად გაატაროთ.

სიჩუმეში დროის გატარება

დილის 05:00 საათზე სამუშაო დღე ჯერ კიდევ არ დაწყებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს შესაძლებლობა მშვიდად დაისვენოთ სატელეფონო ზარებისა და გაუთავებელი შეტყობინებების გარეშე. დილა ასევე იდეალური დროა მედიტაციისთვის - ამ გზით თქვენ ისწავლით სწორად სუნთქვას, საკუთარი სხეულის მოსმენას და კონცენტრირებას თქვენს „მე-„ზე. დილის ვარჯიშები დაგეხმარებათ შეამციროთ სტრესის დონე და მოგცემთ ენერგიას მთელი დღის განმავლობაში იყოთ ენერგიულად და მხნედ.

ჯანსაღი საუზმე

ჯანსაღი, მაღალი ცილებით გაჯერებული საუზმე, დაბალი შაქრის შემცველობით, ხელს უწყობს ენერგიის დონის გაუმჯობესებას მთელი დღის განმავლობაში.
ადამიანები, რომლებიც დილას ადრიანად იწყებენ და საუზმობენ ადრე უფრო ფხიზლად და ენერგიულად გრძნობენ თავს, ასევე მათი მენტალური ჯანმრთელობა გაცილებით მოწესრიგებული და სტაბილურია, ვიდრე მათი, ვინც გვიანობამდე ძილს ამჯობინებს და ჯანსაღი საუზმის გარეშე რჩება.

და ბოლოს, გამთენიისას ადგომა და დღის პროდუქტიული დაწყება არის პატარა გამარჯვება, რომელიც აძლიერებს თქვენს თავდაჯერებულობას და გიბიძგებთ ახალი და საოცნებო მიზნებისკენ.