LIFE

რატომ გვაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად გვიყვარს?

რატომ გვაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად გვიყვარს?

როცა მეგობრებთან ერთად ვართ და რომელიმე მამაკაცი ცეკვავს, მღერის და ყველას აცინებს, ეს, როგორც წესი, სახალისო და სასიამოვნოა. თუმცა, ხშირად მისი ცოლისათვის ეს სულაც არ არის სასიამოვნო. რატომ აღვიქვამთ ერთი და იმავე ქცევას სრულიად განსხვავებულად იმის მიხედვით, მას ნაცნობი ადამიანი ავლენს თუ ჩვენი საყვარელი ადამიანი?

რატომ გვაღიზიანებენ ყველაზე მეტად ისინი, ვინც გვიყვარს?

ხშირად სასიყვარულო ურთიერთობებს სტრესისა და ყოველდღიური საზრუნავისგან თავის დასაღწევ ადგილად მივიჩნევთ, სადაც შეგვიძლია, მშვიდად და თავდაჯერებულად ვიგრძნოთ თავი.

ბედნიერი ურთიერთობის საფუძველია რწმენა, რომ ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი ვართ და საჭიროების შემთხვევაში პარტნიორის იმედი შეგვიძლია გვქონდეს. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ემოციურ მოთხოვნილებებს, როგორიცაა მიღება, სიყვარული და უსაფრთხოების განცდა.

ახლო ურთიერთობა იმასაც გულისხმობს, რომ პარტნიორთან ემოციურად გახსნილები ვართ და გვჯერა, რომ ის ჩვენს განცდებს გაიზიარებს.

რას ნიშნავს ეს? როცა კარგად ან ცუდად ვართ, როცა რაღაც გვაინტერესებს ან გვბეზრდება, გვყავს ადამიანი, რომელსაც შეგვიძლია ვუთხრათ: „ნახე, ახლა ასე ვგრძნობ თავს“, და მისგან გარკვეულ რეაქციას ველით.

როგორც პრაქტიკა, ისე ემოციებზე ორიენტირებული თერაპევტების კვლევები აჩვენებს, რომ წყვილებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი ემოციური გაუცხოებაა. მაგალითად, პარტნიორს ეუბნებით: „ნახე, რა ლამაზი მზის ჩასვლაა“, ის კი ტელეფონს არ აშორებს თვალს.

თავდაპირველად ეს გაღიზიანებას იწვევს. მაგრამ, როცა მსგავსი შემთხვევები ხშირად მეორდება, ნელ-ნელა ვკარგავთ სიახლოვის იმედს, ვშორდებით პარტნიორს და გვიჩნდება განცდა, რომ უბრალოდ მეზობლებივით ვცხოვრობთ.

ამიტომ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, გაღიზიანება ყოველთვის ურთიერთობის კრიზისის ნიშანი არ არის. ზოგჯერ ის სწორედ იმას ადასტურებს, რომ პარტნიორთან სიახლოვე კვლავ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს ადამიანი გვჭირდება და ჩვენთვის ძვირფასია.

რა იმალება გაღიზიანების მიღმა?

რა არის სინამდვილეში გაღიზიანება? ხშირად ეს განცდა მაშინ გვიჩნდება, როცა ვგრძნობთ, რომ ჩვენი საზღვრები ირღვევა. თუმცა, ეს ყოველთვის არ გულისხმობს ფიზიკური, ემოციური ან სექსუალური საზღვრების დარღვევას. ზოგჯერ გაღიზიანების უკან ჩვენი მოლოდინების შეუსრულებლობა, წარმოდგენების მსხვრევა და იმედგაცრუება დგას, რადგან გვგონია, რომ პარტნიორი ჩვენს მოთხოვნილებებს ვერ დააკმაყოფილებს.

მიუხედავად იმისა, რომ სხვებისგან მოლოდინები ყოველთვის სასარგებლო არ არის, თითოეულ ჩვენგანს მაინც აქვს წარმოდგენა, როგორი უნდა იყოს ურთიერთობა, როგორ უნდა ვგრძნობდეთ თავს მასში, რას უნდა აკეთებდეს პარტნიორი და რას - არა.

ეს ჩვენი წარმოდგენაა საკუთარ თავზე, პარტნიორსა და ურთიერთობაზე. ასეთი შინაგანი სურათი კი, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების განცდას გვიქმნის, რადგან გვგონია, რომ ვიცით, რას უნდა ველოდოთ საყვარელი ადამიანისგან.

ახლა დავუბრუნდეთ თავდაპირველ მაგალითს: წვეულებაზე თქვენი ქმარი ყველაზე მხიარული ადამიანია, დაუღალავად ცეკვავს, თუმცა მისი საქციელი მხოლოდ თქვენ გაღიზიანებთ. ამ თავდაპირველი ემოციის მიღმა შესაძლოა გაცილებით რთული განცდები იმალებოდეს: სირცხვილი, შფოთვა, დაბნეულობა და მარტოობა.

სხვა ადამიანისგან შეიძლება არ ველოდეთ, რომ წვეულებაზე ჩვენთან ერთად იცეკვებს, ან რომ საღამოს ადრე დავასრულებთ და დასაძინებლად ერთად წავალთ. საყვარელი ადამიანისგან კი სწორედ ამას შეიძლება ველოდეთ.

ჩვენ გვინდა, რომ პარტნიორმა ჩვენი მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს და ის ურთიერთობა შექმნას, როგორსაც საკუთარ წარმოსახვაში ვხედავთ.

თუმცა, როცა ვხედავთ, რომ ის დროს ისე ატარებს, როგორც თავად სურს, შესაძლოა სწორედ ამან გაგვაღიზიანოს. გვიჭირს იმის მიღება, რომ საყვარელი ადამიანი სრულიად განსხვავებულად გრძნობს თავს და ვერ გვაძლევს იმას, რასაც მისგან ველოდით.

ჩვენ ხშირად საკუთარ თავს პარტნიორთან ვაიგივებთ. ურთიერთობა ხომ ყოველთვის გულისხმობს ერთიანობის განცდას - „ჩვენს“. როდესაც მეორე ადამიანი ისე არ იქცევა, როგორც ჩვენ გვსურს, ინგრევა ჩვენი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა. გაურკვევლობა შფოთვას იწვევს და გვიჩნდება სურვილი, ყველაფერი გავარკვიოთ და ჩვეულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ.

სწორედ ამ დროს ვაწყდებით შეუსაბამობას ჩვენს მოლოდინსა და რეალობას შორის: „შენ ისე იქცევი, როგორც არ ველოდი“. ეს კი შფოთვასა და გაღიზიანებას იწვევს.

ახლო ურთიერთობა ერთგვარ ცეკვას ჰგავს: ორივე პარტნიორი დგამს ნაბიჯებს, ზოგჯერ ერთმანეთს უახლოვდება, ზოგჯერ კი შორდება. გაღიზიანება მაშინ ჩნდება, როცა ეს ცეკვა წყდება, როცა ვგრძნობთ, რომ პარტნიორი მეტისმეტად შორსაა. ამას შეიძლება მოჰყვეს ბრაზი, შიში, მონატრება და სევდა.

გაღიზიანება ზოგჯერ გვიბიძგებს, საყვარელ ადამიანთან კავშირი შევინარჩუნოთ და სიახლოვისთვის ვიბრძოლოთ. მართალია, საკუთარი გამოცდილებითაც ვიცით, რომ გაღიზიანებით დაწყებული საუბარი იშვიათად მთავრდება თბილი და გულწრფელი დიალოგით, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: როცა საყვარელი ადამიანი გვაღიზიანებს, ხშირად ეს იმის ნიშანია, რომ მასთან დაახლოება გვინდა, რადგან ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზემოთ მოყვანილ მაგალითში ქმარი ვალდებული არ არის, ჩვენი ყველა მოლოდინი გაამართლოს ან ისე მოიქცეს, როგორც ჩვენ გვსურს. ის ჩვენს პირად საზღვრებს არ არღვევს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაღიზიანების განცდის უფლება არ გვაქვს.

როგორ გავუმკლავდეთ გაღიზიანებას?

მთავარი კითხვაა, როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე ასეთ დროს.

პირველ რიგში, არ უნდა გავექცეთ საკუთარ ემოციებს. პირიქით, უნდა მივიღოთ ისინი და საკუთარ თავს ვუთხრათ: „დიახ, ახლა გაღიზიანებული ვარ“. შემდეგ კი ვცადოთ, გავარკვიოთ, რა გვინდა სინამდვილეში. რატომ მოქმედებს პარტნიორის საქციელი ჩვენზე ასე ძლიერად? რომელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ ამ მომენტში?

ეს კითხვები გვეხმარება, საკუთარ გრძნობებთან კავშირი შევინარჩუნოთ, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და, ამავდროულად, პარტნიორსაც მივცეთ შესაძლებლობა, საკუთარი სურვილები დაიკმაყოფილოს.

თუ ის ცეკვავს, იცინის და მხიარულად ატარებს დროს, ეს ნიშნავს, რომ ამ მომენტში საკუთარ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს. მასაც ისეთივე უფლება აქვს, ასე მოიქცეს, როგორიც თითოეულ ჩვენგანს.

ხშირად ყველაზე მეტად სწორედ ის ადამიანები გვაღიზიანებენ, რომლებიც ყველაზე მეტად გვიყვარს. ეს არ ნიშნავს, რომ მათში ან ჩვენში რაღაც არასწორია. პირიქით, ზოგჯერ ეს ჩვენი სიახლოვის შედეგია და იმის ნიშანი, რომ საკუთარ თავსა და ჩვენს ნამდვილ მოთხოვნილებებს მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ.