სტილი

კრისტობალ ბალენსიაგა – გენიოსი, რომელმაც ერთ დღეში დატოვა მოდა

კრისტობალ ბალენსიაგა – გენიოსი, რომელმაც ერთ დღეში დატოვა მოდა

მოდის ცნობილი დიზაინერი კრისტობალ ბალენსიაგა გასული საუკუნის შუა პერიოდის წამყვანი დიზაინერი გახდა, ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მან ზუსტად ერთ დღეში გადაწყვიტა თავისი მოდის სახლის დახურვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის ტენდენციებს აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს.

„ჩვენი ყველას მასწავლებელი“ - ასე უწოდა კრისტიან დიორმა კრისტობალ ბალენსიაგას. ეს უკანასკნელი მართლაც გამორჩეული იყო - ტანსაცმლის შექმნისადმი მიდგომით, პრესასთან კომუნიკაციით და ზოგადად ცხოვრებისეული შეხედულებებით. არ უყვარდა ჟურნალისტებთან საუბარი და თავის ხანგრძლივ კარიერაში მხოლოდ ერთი სრული ინტერვიუ მისცა.

ბალენსიაგას განსაკუთრებული ნიჭი შანელმაც კი აღიარა, რომელსაც საერთოდ არ უყვარდა კონკურენტები, მან დიზაინერს "ერთადერთი ნამდვილი კუტურიე" უწოდა.



ის, თუ როგორ ქმნიდა ბალენსიაგა სამოსს, ფუნდამენტურად გამოირჩეოდა სხვა ცნობილი დიზაინერებისგან - ქსოვილზე მუშაობდა, როგორც მოქანდაკე ქვით, არა იმდენად ფიგურის ბუნებრივ პროპორციებს მიჰყვებოდა, არამედ ქმნიდა ახალს და ხაზს უსვამდა იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლიდა.



იყენებდა მძიმე, მკვრივ მასალებს, რომლებიც ადვილად იჭრებოდა და ინარჩუნებდა ფორმას. ქმნიდა სამოსს, რომელიც ადამიანს ანიჭებდა კომფორტს და უსაფრთხოების განცდას, ამიტომაც მის მოდელებს ხშირად ერთგვარ „ჯავშანტექნიკას“ უწოდებენ, სწორედ ის იყო პირველი, ვინც შემოგვთავაზა მოცულობითი სილუეტები.

Balenciaga-სთვის ქალის სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ზურგი, კისერი და მაჯები იყო. ყველანაირად ცდილობდა მათ გახსნას ფართო დეკოლტეების, უსაყელო ბლუზებისა და მეოთხედი მკლავების დახმარებით, რაც მისი ხელწერა გახდა. ამტკიცებდა, რომ ეს ხელს უწყობს კისრისა და მკლავების სილუეტის დაგრძელებას, ამასთანავე, ამ გზით მდიდარ კლიენტებს საშუალება მისცა წარმოეჩინათ შთამბეჭდავი სამკაულები - მის დამოკლებულ მკლავებს მეტსახელად "სამაჯურის მკლავები" შეარქვეს.



ბალენსიაგას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა კლიენტებთან – ბევრი მათგანი მას ახლო მეგობრად თვლიდა და მნიშვნელოვანი შემთხვევებისთვის ჩაცმულობას ანდობდა.
ძალიან ემოციური იყო მისი წასვლა მოდის სამყაროდან, როდესაც 1968 წელს გადაწყვიტა სახლის დახურვა, თავის დროზე ყველაზე მოდური ქალი ფონ ბისმარკი, სასოწარკვეთაში ჩავარდა, გლოვობდა მის დაკარგვას და ამბობდა, რომ არავინ იქნებოდა ისეთი, ვინც გემოვნებით ჩააცმევდა.

მოდის სახლის დახურვის გადაწყვეტილება დიზაინერმა ფაქტობრივად ერთ დღეში მიიღო, თანაც, ბიზნესპარტნიორებისა და თანამშრომლების ინფორმირების გარეშე - მან ჩათვალა რომ მზა ტანსაცმლის მზარდი პოპულარობა არ უტოვებდა შანსს და არ აპირებდა საკუთარი თავის „პროსტიტუციას“ (როგორც ის უწოდებდა მზა ტანსაცმელს).



გავიდა დრო და მისი სახლი ისევ წარმატებული გახდა, გამოიცვალა რამდენიმე კრეატიული დირექტორი, ამჟამად კი მას დემნა გვასალია ხელმძღვანელობს, რომელიც მსოფლიო მოდას განსხვავებულ ხედვას და საკმაოდ საინტერესო ტენდენციებს კარნახობს.