მშობლები

როგორ დავამყაროთ შვილთან სანდო და თბილი ურთიერთობა

როგორ დავამყაროთ შვილთან სანდო და თბილი ურთიერთობა

იმისათვის, რომ შვილი გენდობოდეთ, უნდა დაამყაროთ მასთან ჯანსაღი ურთიერთობა ადრეული ბავშვობიდან. იმის გამო, რომ ბევრი ადამიანი უგულებელყოფს ამ წესს, განვითარების ამ ეტაპს უფრო გვიან გადადებს, მოზარდობის პერიოდში კი ბავშვს ნდობის პრობლემები ექმნება.

ჩვენ გეტყვით, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, რათა სამუდამოდ არ დაკარგოთ თქვენი შვილის ნდობა.

უარი მკაცრ კონტროლზე

პირადი მიმოწერის გამუდმებით შემოწმება, შემაწუხებელი კითხვები, თუ ვისთან ურთიერთობს ბავშვი, მეგობრებთან სეირნობის აკრძალვა - ეს ყველაფერი თქვენი შვილის ნდობის დაკარგვის პირდაპირი გზაა.



ცხადია, თქვენ გაქვთ უფლება ფლობდეთ ყველა ინფორმაციას შვილის ცხოვრების შესახებ, მაგრამ ამისთვის საკმარისია მშვიდად ჰკითხოთ მას, ზეწოლის ან დაკითხვის გარეშე.

ბავშვზე მკაცრმა კონტროლმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მის განვითარებასა და თვითშეფასებაზე, კერძოდ, თავი დაუცველად იგრძნოს, უარეს შემთხვევაში კი, შესაძლოა სიმშვიდე დაკარგოს და საეჭვო ისტორიებში ჩაებას. ამის ნაცვლად, მნიშვნელოვანია იპოვოთ ბალანსი წესებისა და საზღვრების დადგენასა და თქვენი შვილის ნდობას შორის.
ღია კომუნიკაციის შენარჩუნებით და შვილების დამოუკიდებლობის სწავლებით, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ შვილს განვითარებასა და საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებაში.

თუ არ აძლევთ შვილს თავისუფლებას და გადაჭარბებულად აკონტროლებთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში სტრესი, აგრესია და უმწეობის განცდა.

ნუ გაავლებთ პარალელებს მის მეგობრებთან

ნუ განსჯით მას სხვების სიტყვების საფუძველზე. ბავშვის ნდობა მთლიანად ირღვევა, როდესაც მშობელი სხვის მხარეს იკავებს და ამცირებს ბავშვის პოზიციას. მაშინაც კი, თუ ის არასწორია, არ გაქვთ უფლება სხვასთან მიმართებაში დააკნინოთ, ეს მყისიერად იწვევს აგრესიას და უნდობლობას მშობლის მიმართ, რომელმაც შვილის ნაცვლად სხვა აირჩია. (მაგ.: „თორნიკე არასოდეს მოიქცეოდა ასე“)
პარალელების გავლების ნაცვლად, მშვიდად აუხსენით თქვენს შვილს, როგორ უნდა მოიქცეს ის ამ სიტუაციაში, სხვებთან შედარების გარეშე. თუ კონფლიქტი წარმოიქმნება, მიეცით ბავშვს საშუალება ილაპარაკოს და თავად გაუმკლავდეს ამ გამოწვევას.

ისაუბრეთ გულწრფელად შვილთან

მნიშვნელოვანია შვილთან გულწრფელი კომუნიკაცია, რადგან ეს ეხმარება მას დამოუკიდებლობის, თავდაჯერებულობის და გადაწყვეტილებისადმი ნდობის განვითარებაში. როდესაც მშობლები შვილთან ურთიერთობენ, როგორც თანაბარი და თანასწორი და ჭეშმარიტად ითვალისწინებენ მის აზრს, ეს ეხმარება მას იგრძნოს პატივისცემა და დაფასება.



გარდა ამისა, შვილთან საუბარი შეიძლება დაეხმაროს მშობლებს უკეთ გაიგონ მისი საჭიროებები, ინტერესები და საერთო თვალსაზრისი. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვის ჩართვა გადაწყვეტილების მიღებაში ხელს უწყობს მის კრიტიკულ აზროვნებას და სწორი დასკვნების გამოტანის უნარს. ეს ეხმარება ბავშვს განუვითაროს კომუნიკაციის უნარები, ისწავლოს საკუთარი აზრის გამოთქმა და ჩამოუყალიბდეს კონსტრუქციულ დიალოგში მონაწილეობის უნარი.

ნუ გაკიცხავთ შვილს

თუ გაკიცხავთ თქვენს შვილს ყოველგვარ ცუდ შეფასებაზე ან დაუმორჩილებლობაზე, მაშინ ჯანსაღ კომუნიკაციაზე საუბარი ზედმეტია. დაშინება ქმნის უარყოფით ურთიერთობას მშობლებსა და შვილებს შორის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ნდობის დაკარგვა.

ბავშვმა შესაძლოა დაიწყოს პრობლემების დამალვა, არავის უთხრას მნიშვნელოვანი საკითხებისა და მის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების შესახებ, რაც გამოიწვევს მშობელთან დაშორებას, ასე ბავშვი ისწავლის ტყუილს და მაშინაც კი, თუ მორიგი ჩხუბის შემდეგ ურთიერთობას დაალაგებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან რაიმე საიდუმლო გაგანდოთ, ის უფრო სავარაუდოა, რომ თავის თავში ჩაიკეტება და თქვენც აღარ იქნებით მისთვის ავტორიტეტი.

ნუ გამოიყენებთ ბოროტად მშობლის როლს

იმისათვის, რომ შვილი გენდობოდეთ, პატივისცემით მოეპყარით მას. ნუ გამოიყენებთ ბოროტად მშობლის როლს და ნუ მოიქცევით ისე, რომ მერე ინანოთ. მოექეცით მას როგორც მეგობარს და ასაკის მატებასთან ერთად ეს საქციელი გაამართლებს.

თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, მაშინ ცხოვრებისეული გამოწვევების დროს ის პირველად თქვენთან მოვა, მხარზე დაგადებთ თავს და გულწრფელად მოგიყვებათ ამბებს, მიიღებს თქვენგან სწორ რჩევებს და მხოლოდ ამის შემდეგ წავა მეგობრებთან სალაპარაკოდ.