სილამაზე

„ისი-პარის“ ახალი ტრენდი: გაზაფხულის სურნელი

„ისი-პარის“ ახალი ტრენდი: გაზაფხულის სურნელი

„ისი-პარიმ“ ქართული პრესისთვის მოწყობილ ლანჩზე პრე-საგაზაფხულო ტენდენცია დააანონსა და ჟურნალისტებს Sisley-ს ახალი სურნელი — Izia წარუდგინა. ვარდის არომატით გაჯერებული სუნამო უამრავი სიმბოლოთია დატვირთული, რომლებიც ბრენდის დამფუძნებლის მდიდრული, საინტერესო ისტორიის ფრაგმენტებიდან ამონარიდს წარმოადგენს.

მდიდრული კოსმეტიკის ბრენდის — Sisley-ს წარმატება პოლონელი პრინცესას — იზაბელ დ’ორნანოს სახელს უკავშირდება, ახალი სუნამო Izia კი მისი ძალიან პირადული ისტორიაა, რომელიც ბავშვობის პერიოდიდან დაწყებული დღემდე დამფუძნებლის უამრავ ემოციას აერთიანებს. სანამ სუნამოს შესახებ გიამბობთ, 2 სიტყვით მის შემქმნელზეც მოგიყვებით.

იზაბელ დ’ორნანო მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ძალიან გავლენიანი ფიგურაა, რომლის უკან მტკიცე, ტრადიციული ოჯახი დგას. მას Vanity Fair-ი წლების განმავლობაში დედამიწის ყველაზე გემოვნებიან ადამიანებს შორის მოიხსენიებდა, მეგობრები ხშირად იკრიბებიან კოქტეილის საღამოებზე ორსეს ქუჩაზე მდებარე მის სახლში, რომელიც მდინარე სენას გადაჰყურებს: ზოგჯერ ჟურნალისტებისთვის ახალი სუნამოს წარსადგენად, ზოგჯერ კი — პოლიტიკოსებთან, ხელოვანებთან ან სასულიერო პირებთან შესახვედრად.

„ისი-პარის“ ახალი ტრენდი: გაზაფხულის სურნელი

იზაბელი პოლონეთის სამეფო ოჯახში დაიბადა, თუმცა ესპანეთში გაიზარდა. სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში, დაქორწინების შემდეგ კი პარიზში დასახლდა. მეუღლე — ჰიუბერტ დ’ორნანო ძმასთან ერთად კოსმეტიკის ინდუსტრიაში მოღვაწეობდა, მათი მამა — გიომ დ’ორნანო Lancôme-ის თანაშემქმნელი იყო. ძმებმა ბრენდი Orlane-ი დააარსეს, თუმცა მიშელმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა, ჰიუბერტმა კი ახალი ბრენდის დაფუძნება მოისურვა, ცოლს სთხოვა, მაღალი მოდის ინდუსტრია მიეტოვებინა და მისი პარტნიორი გამხდარიყო.

იმ პერიოდში იზაბელი დიზაინერ ჟან-ლუი შერერთან (Jean-Louis Scherrer) ერთად მოღვაწეობდა. ჟან-ლუი ამერიკის პირველ ლედის აცმევდა, ჯეკი კი მას გამორჩეული ფრანგული ელეგანტურობის გამო აღმერთებდა. ამავდროულად, იზაბელის ბიძა — პოლონეთის პრინცი სტანისლავ რეძიუილი ჯეკის დის — ლის ქმარი იყო და ცოლ-ქმარი კენედებთან ახლობლობდა კიდეც.

„ისი-პარის“ ახალი ტრენდი: გაზაფხულის სურნელი

Sisley-ს წარმატება ჰიუბერტ დ’ორნანოს ბიზნეს-ინტუიციამ განაპირობა: მიხვდა, რომ პარფიუმერიის ინდუსტრიაში ახალი ერა იწყებოდა და კონკურენტებით სავსე ბაზარზე ფიტოთერაპიის ინოვაციური ხაზით შევიდა.

Izia-ს შექმნის იდეა იზაბელს დაებადა — სურდა, ბავშვობისდროინდელი ემოციები აღედგინა და პოლონეთში, მშობლების ბაღში დარგული ვარდების სუნი სითხედ ექცია. მასიური ბროლის ფლაკონის დიზაინზე მუშაობაც ბავშვობის მეგობარს — პოლონელ სკულპტორ ბრონისლავ ქრიშტოფს სთხოვა. სუნამოს ინგრედიენტებს სპეციალურად დაამატეს იზაბელის ბაღების ვარდი — Izia Rose-ი.

„ისი-პარის“ ახალი ტრენდი: გაზაფხულის სურნელი

Izia-ს მთავარი ნოტი კალაბრიული თეთრი ბერგამოტი, ვარდისფერი წიწაკა, ალდეჰიდის ექსტრაქტები და მწვანე მცენარეების აქცენტია; საბაზისო ნოტი — კედარის, ამბრის, მუშკის, ხის და მინერალების ექსტრაქტი; სიღრმისეული ნოტი კი სწორედ ლიმონის არომატის მქონე Izia Rose-ი, ჟასმინთან, პიონთან, შროშანთან და ანჟელიკას მომწარო არომატთან ერთად.

„ისი-პარის“ ახალი ტრენდი: გაზაფხულის სურნელი

Izia-ს საიმიჯო მასალები კონცეპტუალურმა ილუსტრატორმა — ქუენთინ ჯონსმა შექმნა. კოლაჟში იზაბელ დ’ორნანოს სახლის დეკორაციის დეტალები და ვარდია გამოყენებული, სუნამოს სახე კი იზაბელის ძმისშვილია, სახელად — სონია.