საზოგადოებას ანჟელინა ჯოლის წარდგენა არ სჭირდება: 21-ე საუკუნის სილამაზის იდეალი — მსახიობი, მოდელი, რეჟისორი და ადამიანების უფლებების დამცველი — გაეროს უმაღლესი კომისარიატის საგანგებო რწმუნებული მსოფლიო აუდიტორიას უამრავი ბრენდის საიმიჯო ფილმიდანაც ახსოვს, თუმცა წარმოუდგენელი წარმატების გამო, გარკვეულ ეტაპზე კომპანიებმა მასთან თანამშრომლობა გაწყვიტეს, მიზეზი კი მარტივია: ანჟელინა თავად გახდა უდიდესი ბერნდი და მისი სახელი ნებისმიერი პროდუქციის ცნობადობას გადაფარავდა.
თუმცა, წლების შემდეგ 200-წლიანი ისტორიის მქონე კოსმეტიკური კომპანია გამოჩნდა, რომლის ამბიცია სწორედ ანჟელინასთან კოლაბორაცია იყო. მას პოპულარობის გადაფარვის სულაც არ ეშინოდა — გააზრებული ჰქონდა, რომ იდეალური ქალის და იდეალური სილამაზის ამბასადორი ბრენდის თანამშრომლობა ერთმანეთს შეავსებდა საქმეში, რომელიც მხოლოდ სილამაზეზე ზრუნვის კონცეფციას ცდება და მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვის. ალბათ მიხვდით, რომ საუბარია Guerlain-ზე — 1828 წელს დაარსებულ ფრანგულ პარფიუმერულ სახლზე, რომელიც დღემდე საოჯახო ბიზნეს წარმოადგენს და დამფუძნებლის — ემე გერლენის შთამომავლობის მე-3 თაობა მართავს.
პარფიუმერული მაღაზიების ქსელმა „ვულე ვუმ“ განსაკუთრებული სიახლის წარსადგენად პრესის წარმომადგენლები ორიგინალურ ლოკაციაზე — კაფე-თეატრ „თითებში“ მიიწვია და Guerlain-ის ახალი არომატის — Mon Guerlain-ის შესახებ უამბო:
კომპანიის ახლანდელი მფლობელი — ჟაკ გერლენი და ანჟელინა ჯოლი ერთმანეთს კამბოჯაში, ანჟელინას ფილმ First They Killed My Father-ის გადაღებაზე შეხვდნენ და Guerlain-ის ახალ არომატზე პარტნიორობაც იქ დაიწყო: კოლაბორაცია მხოლოდ სუნამოს და მისი სახის — ლამაზი ქალის ურთიერთობის არ მოიცავს: ანჟელინამ სარეკლამო კამპანიიდან აღებული სრული თანხა ქველმოქმედებას მოახმარა.
სუნამო Mon Guerlain-მა Guerlain-ის სახლის უძველესი ტრადიციები გააცოცხლა: ბრენდის მთავარმა პარფიუმერმა — ტერი ვასერმა არომატზე მუშაობისას ის ნედლეულები გამოიყენა, რომლებიც წარმოებაში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაინერგა, მას შემდეგ, რაც ემე გერლენმა რუსეთში იმოგზაურა და არყის ხის ესენცია და ქერაი აღმოაჩინა. Guerlain-ის სახლის პორტფოლიო დაარსების დღიდან 1100-ზე მეტ არომატს ითვლის, რომელბიც ძალიან იშვიათი ნედლეულების დამსახურებით, ყველა სხვა სუნამოსგან რადიკალურად განსხვევებულია.
ისტორიულია Mon Guerlain-ის ფლაკონიც: ის 1908 წლის ფლაკონის რეტროსპექციას წარმოადგენს — გაბრიელ გერლენმა Baccarat-ს საკუთარი დიზაინით შექმნილი „ოთხფოთლიანი“ ფორმის დამზადება სთხოვა.
Mon Guerlain-ის სუნი ხის მოტკბო ოჯახის არომატია, ტაიტური ვანილის ძირითადი აკორდით. ტერი ვასერმა მას მამაკაცების სუნამოებში გამოყენებული ნედლეული — კარლა ლავანდა შეუფარდა, რომლის მეშვეობითაც ვანილის სიტკბო გაანეიტრალა და მამაკაცური და ქალური საწყისების კონცეფცია გააერთიანა. თაიგულს სამბაკის ჟასმინის და სანდალის ხის ექსტრაქტები აგვირგვინებს.
ანჟელინა ჯოლის და Guerlain-ის ისტორია კამბოჯაში არ დაწყებულია: დედის — მარჩელინ ბერთრანის კოსმეტიკაში ყოველთვის მოიძებნებოდა Guerlain-ის პუდრი, ამიტომაც სარეკლამო კლიპი მისი ძალიან პირადული ისტორიაა: გადაღებები პროვანსში, ანჟელინას ოჯახის საკუთრებაში მყოფ შატოში მიმდინარეობდა. კლიპი იმ მხრივაცაა საინტერესო, რომ მასში მთავარი როლი პარფიუმერის პერსონაჟსაც დაეთმო: ამ ჟესტით Guerlain-მა კიდევ ერთხელ მიაგო პატივი საუკუნოვან ისტორიას და იმ წარმატებას, რომელიც მას სწორედ ინოვატორმა პაფიუმერებმა მოუტანეს.
არც ქველმოქმედების ისტორია დასრულებულა: Guerlain-ის ოფიციალური წარმომადგენელი — პარფიუმერული მაღაზიების ქსელი „ვულე ვუ“ საქველმოქმედო მოძრაობაში ერთვება, Guerlain-ის გაყიდული პროდუქციიდან მიღებული თანხის ნაწილი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ფონდს გადაერიცხება.
თემები: Guerlain, Angelina Jolie, Mon Guerlain, ანჟელინა ჯოლი, Voulez-Vous, Voulez-Vous Georgia, "ვულე-ვუ", Guerlain-ის ახალი სუნამო
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია