მორიგი სკანდალი ბრიტანეთის სამეფო კარზე: პრინცესა ბეატრისსა და ეუგენიას Royal Ascot-ზე დასწრება აუკრძალეს - მიზეზი მშობლების კავშირია ეპშტეინთან
- 01.03.2026
ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მორიგი დიდი სკანდალია. პრინცესა ბეატრისსა და პრინცესა ევგენის წლევანდელ Royal Ascot-ზე (ტრადიციული დოღი, რომელიც სამეფო ოჯახის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა) დასწრება აუკრძალეს. ამის მიზეზი მათი მშობლების - პრინც ენდრიუსა და სარა ფერგიუსონის გახმაურებული კავშირებია სკანდალურ მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინთან.
რატომ დაისაჯნენ პრინცესები?
როგორც ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, დები ივნისში დაგეგმილ ღონისძიებაზე არც სამეფო პროცესიას შეუერთდებიან და არც საპატიო სტუმრების სიაში იქნებიან.

ინსაიდერების თქმით, ეს გადაწყვეტილება ბუკინგემის სასახლემ მიიღო, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტი ყურადღება და კითხვები პრინც ენდრიუს ირგვლივ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრინცი ენდრიუ პოლიციამ დაკითხა და დააკავა კიდეც - ეს იყო სამეფო ოჯახის წევრის დაკავების პირველი შემთხვევა 1649 წლის შემდეგ.
„ბეატრისი ამ ამბავმა ყველაზე მეტად დათრგუნა. ის სრულიად მოუმზადებელი იყო ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებისთვის“, - აცხადებს ოჯახთან დაახლოებული წყარო.
მშობლების წარსული, რომელიც შვილებს აედევნა
სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ წელს გამოქვეყნდა ეპშტეინის მსხვერპლის, ვირჯინია ჯუფრეს მემუარები. ამას მოჰყვა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები, სადაც პრინც ენდრიუს ყოფილი მეუღლის, სარა ფერგიუსონის სახელიც ფიგურირებს. ირკვევა, რომ სარა ეპშტეინს ფინანსური დახმარებისთვის პირადად მიმართავდა.

როგორ რეაგირებენ დები?
პრინცესები ამ დრომდე ცდილობდნენ დისტანცირება მოეხდინათ მშობლების გარშემო ატეხილი ხმაურისგან. მათი მთავარი საზრუნავი საკუთარი შვილების დაცვაა.
-
ეუგენია ორი ვაჟის დედაა;
-
ბეატრისი ორ გოგონასა და გერს ზრდის.
მიუხედავად მათი მცდელობისა, დარჩნენ ჩრდილში, სამეფო ოჯახის რეპუტაციის გადასარჩენად მიღებული მკაცრი ზომები მათზეც აისახა.

ამ დროისთვის ბუკინგემის სასახლეს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ფაქტია - პრინც ენდრიუს სკანდალი მის შვილებს სამეფო ცხოვრების მთავარ კარს უხურავს.
თემები: პრინცესები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია