LIFE

პრინც ჰარის მორიგი სკანდალი: საკუთარი საქველმოქმედო ფონდი მას ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის

პრინც ჰარის მორიგი სკანდალი: საკუთარი საქველმოქმედო ფონდი მას ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის

სასექსის ჰერცოგის გარშემო სამართლებრივი ბრძოლები არ წყდება, თუმცა ამჯერად დაპირისპირებამ სრულიად მოულოდნელი ფორმა მიიღო. პრინც ჰარის სასამართლოში ის ორგანიზაცია უჩივის, რომელიც მან 2006 წელს თავად დააფუძნა.

რა ხდება სასამართლოში?

ლონდონის უმაღლეს სასამართლოში შესული სარჩელის მიხედვით, საქველმოქმედო ორგანიზაცია Sentebale პრინც ჰარისა და მარკ დაიერს (მეფე ჩარლზის ყოფილ თანაშემწესა და ფონდის ყოფილ რწმუნებულს) ცილისწამებაში ადანაშაულებს.

ფონდის მესვეურები ამტკიცებენ, რომ ჰარის მხრიდან წამოსულმა „კოორდინირებულმა ნეგატიურმა მედიაკამპანიამ“ ორგანიზაციას სერიოზული რეპუტაციული ზიანი მიაყენა და მისი ოპერაციული მუშაობა შეაფერხა.

„შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება“ – ჰარის პასუხი

პრინცის წარმომადგენლებმა ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს. მათი განცხადებით, „აბსურდული და შეურაცხმყოფელია“, როდესაც საქველმოქმედო ფონდი იმ ადამიანების წინააღმდეგ ხარჯავს ფინანსურ რესურსებს, ვინც ეს ორგანიზაცია შექმნა და მას თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში გვერდში ედგა.

„ნაცვლად იმისა, რომ თანხები იმ ბავშვებსა და თემებს მოხმარდეს, რომლებისთვისაც ფონდი შეიქმნა, ის სამართლებრივ დავებში იფლანგება“, — აცხადებს ჰარის პრესსპიკერი.

კონფლიქტის სათავე: რამ გამოიწვია დაპირისპირება?

დაძაბულობა პიკს გასულ წელს მიაღწია, როდესაც პრინცმა ჰარიმ და ლესოტოს პრინცმა სეისომ ფონდი სკანდალურად დატოვეს. მათი თქმით, ურთიერთობა რწმუნებულებსა და საბჭოს თავმჯდომარეს, დოქტორ სოფი ჩანდაუკას შორის „აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა“.

თავის მხრივ, დოქტორი ჩანდაუკა ამბობს, რომ ის სისტემურ პრობლემებს - ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, ბულინგსა და მიზოგინიას ებრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქველმოქმედო კომისიამ ჰარი და სეისო ამ ბრალდებებისგან გაათავისუფლა, კონფლიქტი პირად დავაში გადაიზარდა, რომელიც ახლა უკვე სასამართლო დარბაზში გაგრძელდება.

რა არის Sentebale?

შეგახსენებთ, რომ Sentebale ჰარიმ დედის, პრინცესა დაიანას ხსოვნის პატივსაცემად დააარსა. ფონდის მიზანი ლესოტოსა და ბოტსვანაში აივ-ინფექციით დაავადებული ბავშვების დახმარებაა.

გაუძლებს თუ არა ფონდის რეპუტაცია ამ ხმაურიან დავას და როგორ დასრულდება პრინცის მორიგი დაპირისპირება კანონთან, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.