LIFE

განქორწინების ეფექტი: რატომ აღმოჩნდა მამაკაცების "ტრანსფორმაცია" დიდი ტყუილი?

განქორწინების ეფექტი: რატომ აღმოჩნდა მამაკაცების "ტრანსფორმაცია" დიდი ტყუილი?

დაშორება დიდი ხანია საჯარო განხილვის საგნად იქცა. ზოგი ამას სოციალურ ქსელში სტრესის შესამსუბუქებლად აკეთებს, სელებრითებს სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ - ურჩევნიათ თავად თქვან სიმართლე, ვიდრე ტაბლოიდების ჭორები იკითხონ, ზოგი კი დაშორებას მანიპულაციად და გამომწერების მოსაზიდად იყენებს.

რამდენიმე წლის წინ TikTok-ზე ტრენდი "Glow Up დაშორების შემდეგ" ქალებმა დაამკვიდრეს, თუმცა წელს ამ ტენდენციას მამაკაცებიც აქტიურად შეუერთდნენ. სოციალური ქსელები აღფრთოვანებული კომენტარებით აივსო, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ვიდეოების უმეტესობა ხელოვნური ინტელექტის (AI) ნახელავია.

„არასწორ პარტნიორს შეუძლია სიცოცხლის ენერგია გამოგაცალოთ“

წლების წინ განქორწინება "მარცხად" ითვლებოდა. დღეს კი მას ხშირად ახალი ცხოვრების სტარტად და "რესტარტის" უნიკალურ შესაძლებლობად აღიქვამენ. სწორედ ამაში მდგომარეობს ტრენდის "divorce effect" არსი.

ვიდეოებში მომხმარებლები ჯერ აჩვენებენ, როგორ გამოიყურებოდნენ ქორწინებისას: როგორც წესი, ეს არის ზედმეტი წონა, ჩაქრობილი მზერა და უფორმო სპორტული ტანსაცმელი. დაშორების შემდეგ კი ხდება "სასწაული": ყოველდღიური ვარჯიში, იდეალური სხეული, ახალი სტილი და რაც მთავარია - სიცოცხლისადმი ღიაობა.

ითვლება, რომ ტოქსიკური პარტნიორი "ენერგეტიკული ვამპირივითაა", რომელიც თავის მოვლის ძალას გართმევთ. თუმცა, სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ გარეგნობაზე ხელის ჩაქნევა პირადი არჩევანია და ყოფილი მეუღლის დადანაშაულება ინფანტილური მიდგომაა.

რატომ მოსწონს ეს აუდიტორიას?

ფორმატი "before/after" ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ჟანრია. მასში არის ყველაფერი, რაც ადამიანის ყურადღებას იპყრობს: კონტრასტი, დრამა და სწრაფი ტრანსფორმაცია, რომლის მიღმაც პირადი ისტორია დგას.

ასეთი ფოტო-ვიდეო მასალა სამართლიან შურისძიებას ან დაგვიანებულ გამარჯვებას ჰგავს. ეს აუდიტორიას იმედს აძლევს, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია ყველაფრის თავიდან დაწყება.

ხელოვნური ინტელექტი და თაღლითური "იმედი"

მამაკაცებმა მოახერხეს საზოგადოების ყურადღების ცენტრის თავისკენ გადმოტანა. ლუდის მუცლის ნაცვლად - პრესის კუბიკები, გამელოტებული თავის ნაცვლად - მდიდრული თმა, რუჯი და რადიკალურად შეცვლილი იმიჯი. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ეს იმედი ხშირად ყალბია.

გამოცდილმა მომხმარებლებმა წამებში ამოიცნეს, რომ ეს ვიდეოები ნეიროქსელების მიერაა შექმნილი. ჩვენ კვლავ "ფეიქების" მახეში აღმოვჩნდით. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშების მფლობელები "რჩევებსაც" კი იძლევიან (მაგალითად, როგორ გაზარდონ თმა მეზოთერაპიით), ტყუილის გემო მაინც რჩება.

რეალობა VS მოლოდინი

ფიზიკურად შეუძლებელია ერთ წელიწადში ისეთი შედეგის მიღწევა, რასაც ეს ვიდეოები გვპირდება. პროფესიონალ ათლეტებსაც კი რელიეფური სხეულის ჩამოსაყალიბებლად 1.5-დან 2 წლამდე სჭირდებათ.

ფეიქ-ისტორიებით შთაგონებული ადამიანები ხშირად იმედგაცრუებულები რჩებიან, როცა რეალობას ეჯახებიან. ეს კი იწვევს საკუთარი თავისადმი რწმენის დაკარგვას და მიღწეული პროგრესის გაუფასურებას.

"Glow Up" დაშორების შემდეგ კვლავ რჩება სოციალური ქსელების მთავარ თემად. ვიღაც ირონიულად აღნიშნავს, რომ სწორედ მამაკაცებმა გადაწყვიტეს ტყუილზე წასვლა, ვიღაც კი უბრალოდ ლამაზი კადრებით ტკბება. თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ რეალური მაგალითები ჩვენს გარშემოც ბევრია და მათ მისაღწევად ხელოვნური ინტელექტი სულაც არ არის საჭირო.