LIFE

ალენ დელონის ყოფილმა პარტნიორმა მსახიობი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა

ალენ დელონის ყოფილმა პარტნიორმა მსახიობი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა

როზალი ვან ბრემენმა, რომელიც მსახიობთან 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მისი ორი შვილის დედაა, მემუარებში ალენ დელონთან ურთიერთობის მძიმე დეტალები გაიხსენა.

ნიდერლანდელმა მოდელმა და ჟურნალისტმა როზალი ვან ბრემენმა მემუარები სახელწოდებით „გიჟური სიყვარული“ (Amour fou) გამოსცა. წიგნში ის ფრანგ მსახიობთან ცხოვრების პერიოდზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ დელონი მასზე ფიზიკურად ძალადობდა.

ვან ბრემენის თქმით, მსახიობმა ცხვირი ორჯერ გაუტეხა. პირველი შემთხვევა მათი საერთო სახლის სამზარეულოში მოხდა. როგორც ქალი იხსენებს, დელონმა ეჭვიანობის ნიადაგზე მას შვილების, ანუშკასა და ალენ-ფაბიენის თვალწინ დაარტყა. რამდენიმე საათის შემდეგ კი, მისი მონათხრობის თანახმად, მსახიობმა ცხვირი საწოლის რკინის გისოსებზე მიარტყმევინა.

„გაჩვენებ, რას ნიშნავს გატეხილი ცხვირი. სულ ტირი და ახლა ნამდვილ მიზეზს მოგცემ, რომ იტირო“, - იხსენებს ვან ბრემენი დელონის სიტყვებს.

ქალი კიდევ ერთ მძიმე შემთხვევას იხსენებს: მისი თქმით, ალენ დელონმა თავზე რევოლვერი მიადო და რუსული რულეტკა ეთამაშა - სასხლეტს ოთხჯერ დააჭირა. გამოცემა Le Parisien-თან საუბრისას ვან ბრემენმა განაცხადა, რომ მუდმივ შიშში ცხოვრობდა, პოლიცია კი არაფერს აკეთებდა.

ჟურნალისტის მტკიცებით, ძალადობის შემთხვევებს დელონის მამულის თანამშრომლები, ექიმები და მეგობრები ესწრებოდნენ, თუმცა არავინ ჩარეულა. მისი თქმით, ამ ყველაფერმა თავი „ჩრდილად, არარაობად“ აგრძნობინა. საბოლოოდ, ერთ ღამეს მან მამული ორ შვილთან ერთად დატოვა.

მემუარებში ვან ბრემენი მსახიობთან ცხოვრების სასიამოვნო მოგონებებსაც იხსენებს. მისი თქმით, წყვილს დღეში სამჯერ ჰქონდა სექსი, ერთად უყურებდნენ პორნოგრაფიულ ფილმებს, ერთხელ კი აეროპორტში მათი დიდი ჩემოდანი Louis Vuitton შეამოწმეს და შიგნით სექს-სათამაშოები აღმოაჩინეს.

ვან ბრემენი ასევე ფიქრობს, რომ მსახიობს ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა და მკურნალობაზე უარს ამბობდა. „ოფიციალური დიაგნოზი არასდროს დაუსვამთ. ყოველთვის მეშინოდა, რომ თავს მოიკლავდა. სიკვდილი ჩვენს ცხოვრებაში მუდმივად არსებობდა“, - ამბობს ჟურნალისტი.

დელონის ოჯახის დაპირისპირებაზე ადრეც არაერთხელ დაწერილა. მსახიობის გარდაცვალებამდე მისი სამი შვილი მამის მეურვეობისა და ქონების საკითხებზე დავობდა. ალენ-ფაბიენ დელონის თქმით, მამასთან ურთიერთობაში უთანასწორობა იგრძნობოდა. თავად მსახიობიც აღიარებდა, რომ კარგი მამა არ ყოფილა და ანუშკას აშკარად გამოარჩევდა.

2015 წლის ანდერძის მიხედვით, ალენ დელონის ქონების ნახევარი ანუშკას უნდა მიეღო, დარჩენილი ნაწილი კი ალენ-ფაბიენსა და ენტონის შორის უნდა განაწილებულიყო. ენტონი მსახიობის შვილია პირველი და ერთადერთი მეუღლის, ნატალი დელონისგან.

ალენ-ფაბიენი დღემდე ასაჩივრებს შეთანხმებებს, რომელთა მიხედვითაც ანუშკას მამის შემოქმედებით მემკვიდრეობაზე კონტროლი და იმ კომპანიის საკონტროლო პაკეტი გადაეცა, რომელიც დელონის გამოსახულების გამოყენების უფლებებს ფლობს.

ვან ბრემენი ოჯახში არსებულ მწვავე დაპირისპირებაშიც დელონს ადანაშაულებს. მემუარებში ის მსახიობს მიმართავს: „მარტო დამტოვე იმ სისხლიან არეულობასთან, რომელიც შენს სამ შვილს შორის შექმენი“.

„დაყავი და იბატონე - ეს შენთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა. შედეგი კი სასიამოვნო ნამდვილად არ არის“, - წერს როზალი ვან ბრემენი.