სხვა ადამიანის მოწონება ღალატია? როგორ ეხმარება უწყინარი „ქრაში“ ქორწინებას
- 19.05.2026
ურთიერთობაში მესამე პირის გამოჩენას ავტომატურად ღალატთან ვაიგივებთ. წარმავალი სიმპათიები, შემთხვევითი მზერა, სოციალურ ქსელებში აქტიური "ლაიქები" თუ მსუბუქი ფლირტი ყავის შესვენებისას - ბევრისთვის ეს ყველაფერი მკაცრ ტაბუდადებულ თემად რჩება. თუმცა, ცნობილი გამოცემა The Cut-ის რედაქტორმა ამ საკითხს სრულიად მოულოდნელი და, შესაძლოა, ვიღაცისთვის "არასასიამოვნო" კუთხით შეხედა.
აღმოჩნდა, რომ სხვა ადამიანებით მსუბუქი გატაცება ზოგჯერ ამყარებს ქორწინებას და არა - ანგრევს. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის ფიზიკურ ღალატსა და საიდუმლო რომანებზე. საქმე ეხება ე.წ. "ქრაშს" - უწყინარ, პლატონურ მოწონებას.
სად გადის ზღვარი დასაშვებსა და ამორალურს შორის და რეალურად შეუძლია თუ არა ამ ფენომენს სტაბილურ კავშირს "ცეცხლი" შემატოს?
პეპლები, რომლებიც არ უნდა დაოხოცოთ
როდესაც ვინმე მოგვწონს, ორგანიზმი აქტიურად გამოიმუშავებს ენდორფინებს, ტვინი კი ეიფორიაში იძირება. რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, გვეუფლება შეგრძნება, თითქოს ცხოვრებამ მეორე სუნთქვა შეიძინა. ვიწყებთ შეხვედრის სცენარების წარმოდგენას, ვნერვიულობთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყურებით ან რას ვამბობთ. ეს ყველაფერი თინეიჯერულ სისულელედ შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ სწორედ ეს ემოციები გვაგრძნობინებს თავს ცოცხლად.
ხანგრძლივ ურთიერთობაში ან ქორწინებაში მყოფ წყვილებს ხშირად სწორედ ეს "ნაპერწკალი" აკლიათ. სიყვარული და პარტნიორის მართებულობის შეგრძნება არსად ქრება, უბრალოდ ჩნდება მონატრება იმ პირველადი მღელვარებისა, რომელიც წლებმა ჩააწყნარა. ფოკუსის სხვაზე გადატანა თითქოს დანაშაულია, თუმცა ფსიქოლოგები გვთავაზობენ, ყველაფერს ძალიან სერიოზულად ნუ შევხედავთ. "ქრაში" სასარგებლოა მაშინ, როცა ის ეფემერულ, ზედაპირულ ხასიათს ატარებს და საფრთხეს არ უქმნის სტაბილურ, ხარისხიან კავშირს.
"მოდი, ერთად ვიფანტაზიოთ" - ღიაობა, როგორც თავდაცვა
The Cut-ის რედაქტორი ყვება, რომ კოლეგის მიმართ გაჩენილი სიმპათიის შესახებ მისმა ქმარმა პირველივე დღიდან იცოდა:
"თითქმის 20 წელია გათხოვილი ვარ. ოფისიდან რომ ვბრუნდებოდი, ჩემი ქმარი სულ მეხუმრებოდა და მეკითხებოდა, როგორ ჩაიარა ჩემი “რომანტიკული კომედიის“ მორიგმა სერიამ."
ბუნებრივია, რთულია ვერ შეამჩნიო, როცა შენი საყვარელი ადამიანი მოულოდნელად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გარეგნობას - სწორედ ამას მიიჩნევენ ხოლმე ღალატის პირველ ნიშნად. თუმცა, ამ შემთხვევაში, სწორედ სრული სიმართლე და იუმორი ხდება გარანტი.
უცხო ადამიანის სილამაზის შემჩნევა აბსოლუტურად ნორმალურია ჯანსაღი ფსიქიკისთვის. შეცდომაა ფიქრი, რომ ეს პარტნიორისადმი ნდობას ან სიყვარულს აუფასურებს. სანამ გატაცება უწყინარია, ის ხუმრობისა და მსუბუქი დისკუსიის საგანია. მაგრამ როგორც კი ზღვარს გადახვალთ - დაიწყებთ ფარულ მიმოწერას, პაემანზე წახვალთ ან საჩუქრების მიღებას დაიწყებთ - ეს უკვე რეალურ საფრთხედ იქცევა.
როგორ აცოცხლებს სექსუალურ ცხოვრებას პლატონური გატაცება?
მნიშვნელოვანი წესი: თქვენი დროებითი სიმპათიის ობიექტი არ უნდა იყოს ახლო მეგობარი ან ნაცნობი. ეს ფენომენი უფრო ცნობილი ადამიანების (სელებრითების) მიმართ გატაცებას ჰგავს: ინტერესით ადევნებთ თვალს მათ ფოტოებს, თვლით ეტალონად, მაგრამ მშვენივრად იცით, რომ საერთო მომავალი არასდროს გექნებათ.
ემოციური დისტანციის შესანარჩუნებლად, საუკეთესო ვარიანტია უბნის კაფეს ბარისტა ან კოლეგა, რომელსაც მხოლოდ ონლაინ თათბირებზე ხედავთ.
პარტნიორის აღიარებამ, რომ ვიღაც მოსწონს, შეიძლება თქვენი ინტიმური ცხოვრებაც კი გამოაცოცხლოს. ფანტაზიები, რომლებიც ზოგჯერ თამამ საზღვრებს სცდება, ურთიერთობაში ვნებას აბრუნებს. თუმცა, ყველაზე დიდი პლუსი მაინც საკუთარი პარტნიორის ხელახლა დაფასებაა.

"ხანდახან სასაცილოა წარმოიდგინო პაემანი სხვასთან, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ფანტაზია გაიძულებს უფრო მეტად მადლიერი იყო იმ ადამიანის, ვინც გვერდით გყავს. უცხო ადამიანის შემთხვევაში შენ მხოლოდ მის პოზიტიურ შტრიხებზე აკეთებ ფოკუსირებას და არ იცი მისი ნაკლოვანებები. ილუზიიდან რეალობაში დაბრუნებისას კი აცნობიერებ, რამდენად ძვირფასია შენი პარტნიორი თავისი რეალური, საიმედო თვისებებით," — ამბობს 32 წლის ჯილი The Cut-თან ინტერვიუში.
რისკი თუ უბრალო ტრენდი?
სოციალურ ქსელებში ქალების რეაქციები მოწმობს, რომ მსუბუქი "ქრაშები" თანამედროვე სამყაროში აბსოლუტურ ნორმად იქცა. თავისთავად, ეს ფენომენი უწყინარია, თუმცა ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეგიძლიათ საკუთარი თავის კონტროლი.
ის, რომ თქვენმა მეუღლემ იცის თქვენი სიმპათიის შესახებ, მაინც არ იძლევა იმის 100%-იან გარანტიას, რომ ერთ დღეს წარმავალი ემოცია დიდ გრძნობაში არ გადაიზრდება. ღირს თუ არა ამ მეთოდის გამოცდა - ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა "პლუსებისა" და "მინუსების" აწონვა ნამდვილად საჭიროა. ტრენდების აყოლის გამო ნამდვილი სიყვარულის დაკარგვის რისკი ხომ ძალიან დიდია.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია